ახალი ამბები

 NASA-მ ასტეროიდს მიმართულების შესაცვლელად ზონდი შეაჯახა

27 სექტემბერი, 2022 • 615
 NASA-მ ასტეროიდს მიმართულების შესაცვლელად ზონდი შეაჯახა

აშშ-ის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნული სააგენტოს (NASA) ზონდი ასტეროიდს შეეჯახა. როგორც BBC წერს, შეჯახება მიზანმიმართული იყო და ამ გზით მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვიათ,, იყო თუ არა შესაძლებელი იმ ციური სხეულებისთვის უსაფრთხოდ მიმართულების შეცვლა, რომლებიც შესაძლოა, დედამიწას დაემუქრონ.

ასტეროიდი, რომელსაც ზონდმა, სახელწოდებით Dart ,მიმართულება შეუცვალა, 160 მეტრი დიამეტრის მქონე ციური სხეულია, რომელსაც მეცნიერებმა დიმორფოსი უწოდეს. BBC-ის ცნობით, რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, სანამ მეცნიერები საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ექსპერიმენტი წარმატებული იყო, თუმცა NASA-ს პლანეტარული მეცნიერების განყოფილების დირექტორი დოქტორი ლორი გლეიზი დარწმუნებულია, რომ რაღაც ღირსშესანიშნავის მომსწრენი გავხდით:

“ჩვენ გადავდივართ კაცობრიობისთვის ახალ ერაში, რომლის განმავლობაშიც პოტენციურად შეგვიძლია მოგვიწიოს თავი დავიცვათ იმ ზომის ასტეროიდის შეჯახებისგან, რომელსაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია პლანეტისთვის. ადრე ამის შესაძლებლობა არ გვქონდა“, – აცხადებს დოქტორი გლეიზი.

მისიების სისტემური ინჟინერი დოქტორი ელენა ადამსი კი დასძენს, რომ ამ მიღწევის შემდეგ „დედამიწის მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იძინოს“ იმის ცოდნით, რომ პლანეტარული დაცვის სისტემა გააჩნიათ. ახლა მეცნიერები დააკვირდებიან, თუ როგორ შეიცვლის ორბიტას დიმორფოსი სხვა ასტეროიდის დიდიმოსის მიმართ.

დიდიმოსი და დიმორფოსი

შეჯახებამდე, დიმორფოსი მისი პარტნიორისთვის წრის შემოსარტყმელად, რომლის რადიუსიც 780 მეტრია, 11 საათსა და 55 წუთს უნდებოდა. შეჯახების შემდეგ კი ეს დრო რამდენიმე წუთით უნდა შემცირდეს:

„ამ ტექნიკას კინეტიკური ზემოქმედების ტექნიკა ეწოდება და მისი გამოყენება შესაძლებელია ასტეროიდების მიმართ, რომლებიც  შესაძლოა, მომავალში დედამიწას მოუახლოვდნენ. იდეა მარტივია, ობიექტ,ს რომელზეც ღელავ, კოსმოსურ ხომალდს შეაჯახებ და მასისა და სიჩქარის გამოყენებით მცირედით შეუცვლი ორბიტას, რაც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ასტეროიდი დედამიწას ასცდეს“, – აცხადებს დოქტორი ენდი რივკინი.

BBC-ის ინფორმაციით, ორივე ასტეროიდი, რომელზეც ცდა უნდა ჩატარებულიყო, მეცნიერებმა სიფრთხილით შეარჩიეს. არცერთი მათგანი დედამიწასთან ახლოს არ მდებარეობს. მათ ორბიტალურ ციკლში მცირე ცვლილებების შეტანა კი დაბალი რისკის შემცველი იყო. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ღია კოსმოსში ბევრი ისეთი ციური სხეულია, რომელიც შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლეს დაემუქროს, სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად იქნება გამოსადეგი NASA-ს ეს აღმოჩენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი