ახალი ამბები

ქართველი სამხედროს პირადი საქმის გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება — სუსი

26 სექტემბერი, 2022 • 776
ქართველი სამხედროს პირადი საქმის გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება.

საუბარია აგვისტოში რუსულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) აქვთ.

როგორც სუსი აცხადებს, მიხეილ ქამხაძე თავდაცვის ძალებიდან ზღვრული ასაკით 2016 წლის 14 აგვისტოს დაითხოვეს, მისი პირადი საქმე კი, კანონის დაცვით, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, თბილისის გლდანის რაიონული გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში გაიგზავნა.

სუსის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ რუსული მედიასაშუალებებით გავრცელებულ, ქალაქ ლისიჩანსკში აღმოჩენილ სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეს კავშირი არ გააჩნია გლდანის რაიონის სამხედრო განყოფილებაში დაცულ მიხეილ ქამხაძის პირად საქმესთან.

მათივე თქმით, აღნიშნული შესაძლოა, წარმოადგენდეს მიხეილ ქამხაძის მიერ 2016 წელს პირადად შეგროვებული დოკუმენტების კრებულს, რაც მან გამოკითხვის დროს არ უარყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქმე ხელუხლებელია და გატანის ან ასლების გადაღების ფაქტი არ იკვეთება. ამასთან, მიხეილ ქამხაძის შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროში არ ინახება“, — აცხადებს სუსი.

როგორც სუსი ამბობს, საქმის ფარგლებში მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებზე ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გავრცელებული დოკუმენტების უმრავლესობა სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დაცული სამხედრო მოსამსახურის პირადი საქმის შემადგენელ დოკუმენტებთან იდენტური არ არის, გარდა დიპლომებისა და სერტიფიკატისა, რომელიც არასაიდუმლოა.

უწყების თქმით, თავად მიხეილ ქამხაძე აცხადებს, რომ  აღნიშნული დოკუმენტების დედნები მასთან სახლში ინახება.

„დამატებით დადგინდა, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალები შეიცავს ზოგიერთ ისეთ ცნობას და ინფორმაციას, რაც არასდროს დაფიქსირებულა მიხეილ ქამხაძის სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში.

კერძოდ, კადრებში გავრცელებული მიხეილ ქამხაძის ავტობიოგრაფია შეიცავს მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ არსებულ მონაცემებს, რასაც ადასტურებს თავად მიხეილ ქამხაძეც და განმარტავს, რომ აღნიშნული ავტობიოგრაფია მან შეადგინა თავად, სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდგომ, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამორიცხავს გავრცელებული მასალების დაცულ საქმესთან კავშირს“, — აცხადებს სუსი.

ამასთან, სუსი აღნიშნავს, რომ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას.

„გამოძიების შუალედური შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს საფუძველი ცალსახად განაცხადოს, რომ აღნიშნული კამპანია არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ ემსახურება როგორც ქართული სპეცსამსახურის, ისე თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას“, — აცხადებს სუსი


აგვისტოში რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) აქვთ.

კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი რუსი სამხედრო პირი იღებს ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს. რუსი სამხედროების თქმით, ქამხაძე უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ წვრთნებს უტარებდა.

სუსი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეს აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი