ახალი ამბები

რუსეთში 1.2 მლნ პირის გაწვევა იგეგმება, აქედან მოსკოვის წილი მხოლოდ 1.3%-ია – „მედუზა“

23 სექტემბერი, 2022 •
რუსეთში 1.2 მლნ პირის გაწვევა იგეგმება, აქედან მოსკოვის წილი მხოლოდ 1.3%-ია – „მედუზა“

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის 1.2 მლნ მოქალაქის გაწვევა იგეგმება.

ამასთან, გაწვეულთა მხოლოდ 1.3%-ია დედაქალაქ მოსკოვიდან – მხოლოდ 16 ათასი ადამიანი; სანქტ-პეტერბურგზე გაწვეულთა 0.26% მოდის – 3 200 ადამიანი.

„მედუზა“ წერს, რომ ამ ინფორმაციის წყარო არის პირი, რომელიც „ერთ-ერთ ფედერალურ სამინისტროსთანაა დაახლოებული“.

ამასთან, წყაროს ცნობით, კრემლიდან არის მითითება, რომ რეგიონული ცენტრებიდან მინიმალურად მოხდეს გაწვევა.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ 21 სექტემბერს გამოაცხადა.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებდნენ.

თუმცა პრეზიდენტის ბრძანებაში ერთი, კერძოდ მე-7 პუნქტი, გასაიდუმლოებულია. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მე-7 პუნქტის გასაიდუმლოების მიზეზი ისაა, რომ დაკავშირებულია მობილიზაციით გამოძახებულთა რაოდენობასთან.


ბოლო პერიოდში, უკრაინელების კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე თვეში უკან დაიხიეს ხარკოვის რეგიონიდან, რომლის ნაწილიც მათ ოკუპირებული ჰქონდათ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ „დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება“.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ წოდებული ომის მიზანი „უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის „გათავისუფლებაზე“.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი ხარკოვის რაიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი