ახალი ამბები

სასაფლაოს მომვლელის პოზიციაზე 3886 პირია დასაქმებული, მარტიდან 1000 სასაფლაო დასუფთავდა – დეპუტატი

23 სექტემბერი, 2022 • 941
სასაფლაოს მომვლელის პოზიციაზე 3886 პირია დასაქმებული, მარტიდან 1000 სასაფლაო დასუფთავდა – დეპუტატი

პარლამენტარ ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში სასაფლაოს მომვლელის პოზიციაზე დასაქმდა 3,886 პირი, ხოლო მინისტრის განცხადებით, დღემდე 1000-მდე სასაფლაო მოწესრიგდა.

„[პროგრამის დაწყებიდან დღემდე] მთელ ქვეყანაში დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო“, – განაცხადა პარლამენტში ყოფნისას ჯანდაცვისა და შრომის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.

მანამდე, პარლამენტარმა გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, ბექა ლილუაშვილმა მიიტანა სამინისტროს სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, სასაფლაოს მომვლელის პოზიციაზე 3886 პირი დასაქმდა.

ამასთან, ლილუაშვილის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ამ პროგრამაში, ასაქმებს სასაფლაოების 221 მომვლელს – მესტიაში კი სულ 156 დასახლებული პუნქტია.

„თითო სასაფლაო რომც იყოს თითო დასახლებულ პუნქტში, – რაც ნაკლებად რეალურია, – არ ვიცი, რას ალაგებს დანარჩენი 70 დამლაგებელი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი ინფორმაციითვე, მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური პროგრამის ჩაშვებამდე ასაქმებდა 500 ადამიანს, პროგრამით კი დამატებით 966 პირი დაასაქმა, როდესაც მესტიაში, ჯამში, 9400 ადამიანი ცხოვრობს.


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში, მარტიდან დღემდე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი დასაქმდა.

მინისტრის თქმით, პროგრამის განხორციელება პირველი მარტიდან დაიწყო და ამ დროისათვის 61 000-ზე მეტმა სოციალურად დაუცველმა მიმართა კონსულტაციისთვის სამინისტროს ცენტრებს.

მათგან 27 800-ზე მეტმა თანხმობა განაცხადა სამუშაოებში ჩართვაზე, ხოლო 23 000-ზე მეტი დასაქმდა.

„3 000-ზე მეტმა პირმა აირჩია დასაქმება ღია შრომით ბაზარზე; 4300-მა სოციალურად დაუცველმა განაცხადა, რომ არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაშია ჩართული და გამოხატა [ფორმალიზების] სურვილი; 600-მდე პირმა გამოთქვა სურვილი პროფესიულ გადამზადებაზე და მას შემდეგ, რაც გადამზადებას გაივლიან, მათ ღია ბაზარზე დასაქმებას შევთავაზებთ“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმითვე, ამ ეტაპზე 23 ათასმა პირმა შეიკავა თავი დასაქმებისგან.

მინისტრის განცხადებით, არსებობს სამუშაოების ჩამონათვალი, სამინისტროს ბრძანებით დამტკიცებული, სადაც „შეტანილია ისეთი პოზიციები, რაც კარგად აპრობირებულია ევროკავშირის ქვეყნებში“.

მინისტრმა ასევე ჩამოთვალა ნაწილი იმ სამუშაოებისა, რაც პროგრამის მონაწილეებმა გასწიეს:

  • „ყოველდღიურად სუფთავდება და წესრიგდება 550-მდე საბავშვო ბაღი;
  • 300-ზე მეტი სკვერი და პარკი;
  • 160-ზე მეტი სპორტული მოედანი;
  • მთელ ქვეყანაში დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო;
  • 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა;
  • გაიწმინდა 1500კმ-მდე სანიაღვრე არხი;
  • მოწესრიგდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
  • საზ. სამუშაოს ფარგლებში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სსიპ-ებმა შეძლეს აზიური ფაროსანის გავრცელების ინსპექტირება;
  • 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა ბაღმა შეძლო მიეღო პროგრამის მონაწილები დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც თანამშრომლებთან ერთად ზრუნავენ ინფრასტრუქტურის მოვლაზე“, – განაცხადა მინისტრმა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტარმა ანა ბუჩუკურმა ფეისბუკზე დაწერა, რომ სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 3886 სასაფლაოს მომვლელი დასაქმდა. მინისტრმა კი პარლამენტში განაცხადა, რომ პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტი სასაფლაო დასუფთავდა.


საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა.

მთავრობის გეგმით, პირველ ეტაპზე 50 000 დასაქმებული მიიღებდა ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს 300 ლარს გარკვეულ სამუშაოში.

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

მთავრობის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი