ახალი ამბები

“ჯარიმა ან რამდენიმედღიანი ციხე პანაშვიდზე უკეთესია” — რუსეთში ახალი აქციები დაიგეგმა

22 სექტემბერი, 2022 •
“ჯარიმა ან რამდენიმედღიანი ციხე პანაშვიდზე უკეთესია” — რუსეთში ახალი აქციები დაიგეგმა

პოლიციის მიერ ასობით ადამიანის დაკავების შემდეგ რუსეთში კვლავ დაიგეგმა აქციები სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ. ორგანიზატორი კვლავ არის ახალგაზრდული მოძრაობა “ვიესნა”, რომელმაც მომდევნო პროტესტი რუსეთის მასშტაბით 24 სექტემბრისთვის დანიშნა.

“მალე ჩვენი ათასობით კაცი, შესაძლოა, ფრონტზე წავიდეს. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევაჩეროთ ეს!” — მიმართავს მოძრაობა მოქალაქეებს.

დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 21 სექტემბერს რუსეთის 41 ქალაქში 1320-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ყველაზე მეტი პირი მოსკოვსა და პეტერბურგშია დაკავებული. პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააპატიმრა ციმბირის ქალაქებშიც.

“აქციების საბოლოო მიზანი არ არის პროტესტი პროტესტისთვის, არამედ ეს არის გამარჯვება პუტინის კრიმინალურ რეჟიმზე. ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ასევე არსებობს შეზღუდვები.

გუშინ ვნახეთ, რომ ჩვეულებრივზე ნაკლები პოლიციელია  წარმოდგენილი, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და ისინი ნაკლებად ორგანიზებულნი არიან. გარდა ამისა, მობილიზაციამ, შესაძლოა, მათზე იმოქმედოს, ამიტომ, პროტესტი მათ ინტერესებშია”, — ამბობს “ვიესნა”.

პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეს მოსკოვში, 21 სექტემბრის აქციაზე. ფოტო: Reuters / Scanpix / LETA

მოძრაობის თქმით, პროტესტი ასევე შედის მილიონობით მოქალაქის ინტერესში, “განსაკუთრებით კი ქალებისა, რომელთა მამების, ქმრებისა და ძმების გამოყენება სურს რეჟიმს საზარბაზნე ხორცად”.

“მთელი ქვეყანა ჩვენი მოკავშირეა. ჩვენ უნდა დავუძახოთ მათ ქუჩაში! ჯარიმა თუ რამდენიმედღიანი ციხე პანაშვიდზე უკეთესია.

თუმცა, უნდა გესმოდეთ, რომ პროტესტი რეჟიმის დაცემით რომ დასრულდეს, მომიტინგეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი ხალხის გამოყვანა და ამისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა”, — მიმართავს “ვიესნა” მოქალაქეებს.

პროტესტის სლოგანია “Нет могилизации!”(“არა მოგილიზაციას!”). “могила” რუსულად “საფლავს” ნიშნავს.

“ვიესნა” პროდემოკრატიული მოძრაობაა, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგში. ომის საწინააღმდეგო კამპანია მოძრაობამ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირველივე დღეებში დაიწყო და ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციას გაუწია ორგანიზება.

მოსკოვის პროკურატურამ ოთხშაბათს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ინტერნეტის მეშვეობით უნებართვო აქციებისაკენ მოწოდებას ან მათში მონაწილეობას, შესაძლოა, 15 წლამდე პატიმრობა მოჰყვეს. ისინი შეიძლება გასამართლდნენ კანონებით რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და ამავე ინსტიტუციაზე “ყალბი ამბების” გავრცელებისთვის, ასევე, არასრულწლოვანთათვის აქციებში მონაწილეობის ხელშეწყობის ბრალდებით.

აქცია მოსკოვში. ფოტო: Meduza/Getty Images

რუსეთმა, რომელიც მეშვიდე თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის ფარგლებშიც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

პუტინის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთები სწრაფად გაიყიდა, სოციალურ მედიაში გამოჩნდა საზღვრებთან გრძელი რიგების ამსახველი ფოტოები, გუგლში კი იმატა ფრაზის — “როგორ დავტოვოთ რუსეთი” — ძებნის ინტენსივობამ.

BBC ციტირებს პაველ ჩიკოვს, რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია “აგორას” იურისტს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციამ ცხელ ხაზზე მიიღო 6 000 მოთხოვნა რუსებისგან, რომელთაც ჯარისკაცების უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღება სურდათ.

რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმების დაანონსება უკრაინაში მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა.


არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებდა ჯერ კიდევ 21 სექტემბრის აქციებამდე.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის რეგიონიდან უკან დახევა და სამხედრო ტექნიკის დატოვება, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

რუსეთში 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე — OVD-Info

მასალების გადაბეჭდვის წესი