რუსული გამოცემა Meduza წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე საზღვრების ჩაკეტვას არ გეგმავს. თუმცა შესაძლოა ვითარება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნიდან რუსების “მასობრივი გადინება” დაიწყება.
Meduza-ს ცნობით, კრემლში მათი წყარო აღნიშნავს, რომ საზღვრის დაკეტვა დამოკიდებულია რუსეთის ძალოვანი უწყებების შეფასებაზე, მათ შორის თავდაცვის სამინისტროზე, სპეცსამსახურებზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, რომელიც დარწმუნებულია, რომ მობილიზაცია და რეფერენდუმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში საზღვრების ოფიციალურად არ ჩაკეტილა, The Insider იუწყება, რომ ზოგიერთი ოლქის თავისუფლად დატოვება მოქალაქეებს უკვე ეზღუდებათ.
The Insider “პსკოვკსაია გუბერნიაზე” დაყრდნობით იუწყება, რომ დღეიდან გზებზე კომისარიატის წარმომადგენლები განთავსდებიან. ისინი გააჩერებენ მანქანებს, რომელსაც კაცები მართავენ, შეამოწმებენ მათ და გაგზავნიან კომისარიატში.
რეგიონის მთავარმა სამხედრო კომისარმა ვლადიმერ როდიონოვმა განაცხადა, რომ კაცებს სპეციალური ნებართვის გარეშე რეგიონის დატოვება ეკრძალებათ. ის კაცები კი, ვინც აკმაყოფილებენ მობილიზაციის პირობებს და რეგიონში არ იმყოფებიან, სამ დღეში უნდა დაბრუნდნენ.
ის აცხადებს, რომ “არავის დაინდობენ”. მისი თქმით, 30 წლამდე კაცები დაუყოვნებლივ გაიგზავნებიან განყოფილებაში, რადგან “მათ ჯერ არ დავიწყებიათ საკუთარი უნარები”, სამედიცინო შემოწმებას კი მხოლოდ ისინი გაივლიან, ვისაც ჯანმრთელობა აწუხებს.
რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გუშინ, 21 სექტემბერს, გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,,ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.
24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.
თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.
მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.
აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.