ახალი ამბები

თანამშრომლობდა თუ არა გომელაური ეფ-ეს-ბე-ს ხელმძღვანელთან – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას ქმნის

22 სექტემბერი, 2022 • 1098
თანამშრომლობდა თუ არა გომელაური ეფ-ეს-ბე-ს ხელმძღვანელთან – ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას ქმნის

საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა საგამოძიებო კომისია დაარეგისტრირეს შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების რუსეთის სპეცსამსახურებთან შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ხელს 51 დეპუტატი აწერს.

„ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან.

ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება ეს საკითხი კენჭისყრაზე. იმიტომ, რომ საზოგადოება ელოდება პასუხებს ძალიან ბევრ შეკითხვაზე”, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.

რეგისტრაციის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს გადაეცემა უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.  პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის – 50 დეპუტატის მხარდაჭერით.


ტელეკომპანია „პირველზე“ ნოდარ მელაძის „შაბათში“ 10 სექტემბერს გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობოდა გოგაშვილისა და მისი დაცვის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მონათხრობს.

მათ თანახმად, 2016 წელს გოგაშვილი, მისი მძღოლი, ასევე, ირაკლი ჩიმაკაძე და სოსო ჭელიძე ჩავიდნენ ვლადიკავკაზში, სადაც გოგაშვილი შეხვდა „ეფ ეს ბეს“ გენერალ [ალექსეი] სედოვს. ამ შეხვედრაზე კი დაიგეგმა მათი ზემდგომების, ვახტანგ გომელაურისა და რუსეთის ФСБ-ს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შეხვედრა.

გოგაშვილის მონათხრების თანახმადვე, ამის შემდეგ შედგა გომელაური-ბორტნიკოვის შეხვედრა და 3 საათს გაგრძელდა. შემდეგ კი, 2017 წელს, „გომელაურის სასტუმროში“ მცხეთაში და მთაწმინდაზე, ФСБ-ს ორ მაღალჩინოსანს უმასპინძლა ქართულმა მხარემ.

„იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი“, – ტვ პირველის თანახმად, ამბობს გოგაშვილი.

ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გოგაშვილის მონათხრობი „ტყუილია“ და არასოდეს ყოფილა ვლადიკავკაზში, არც საქართველოში უმასპინძლიათ ეფესბეს თანამშრომლებისთვის და არც რესტორანს ფლობს.
გომელაურის თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა და არც ФСБ-ს მაღალჩინოსნებს შეხვედრია

მასალების გადაბეჭდვის წესი