ახალი ამბები

გომელაურის თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა და არც ФСБ-ს მაღალჩინოსნებს შეხვედრია

15 სექტემბერი, 2022 • 551
გომელაურის თქმით, ვლადიკავკაზში არ ყოფილა და არც ФСБ-ს მაღალჩინოსნებს შეხვედრია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური უარყოფს ვლადიკავკაზში რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას, ასევე, მათ მასპინძლობას მცხეთაში და ამას „ზღაპრებს“ უწოდებს.

იგი ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდა ბელარუსში, თუმცა არც იქ შეხვედრია პირისპირ რუსეთის წარმომადგენლებს.

რა ხდება

ტელეკომპანია „პირველზე“ ნოდარ მელაძის „შაბათში“ 10 სექტემბერს გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეყრდნობოდა გოგაშვილისა და მისი დაცვის ყოფილი უფროსის, ალექსანდრე სამხარაძის მონათხრობს.

მათ თანახმად, 2016 წელს გოგაშვილი, მისი მძღოლი, ასევე, ირაკლი ჩიმაკაძე და სოსო ჭელიძე ჩავიდნენ ვლადიკავკაზში, სადაც გოგაშვილი შეხვდა „ეფ ეს ბეს“ გენერალ [ალექსეი] სედოვს. ამ შეხვედრაზე კი დაიგეგმა მათი ზემდგომების, ვახტანგ გომელაურისა და რუსეთის ФСБ-ს დირექტორის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შეხვედრა.

გოგაშვილის მონათხრების თანახმადვე, ამის შემდეგ შედგა გომელაური-ბორტნიკოვის შეხვედრა და 3 საათს გაგრძელდა. შემდეგ კი, 2017 წელს, „გომელაურის სასტუმროში“ მცხეთაში და მთაწმინდაზე, ФСБ-ს ორ მაღალჩინოსანს უმასპინძლა ქართულმა მხარემ.

„იმავე წელს, დეკემბრის თვეში, ჩვენ ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდით მინსკში, სადაც ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ ვახტანგ გომელაური და ბორტნიკოვი. საუბრის შინაარსი არ ვიცი“, – ტვ პირველის თანახმად, ამბობს გოგაშვილი.

გომელაურის პასუხი

ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გოგაშვილის მონათხრობი „ტყუილია“ და არასოდეს ყოფილა ვლადიკავკაზში, არც საქართველოში უმასპინძლიათ ეფესბეს თანამშრომლებისთვის და არც რესტორანს ფლობს.

მისი თქმით, მინსკში 5-6-ჯერ არის ოფიციალური ვიზიტით ნამყოფი, თუმცა [ბორტნიკოვთან] „შეხვედრა პირისპირ არასდროს ყოფილა“ და იმ დროს, როდესაც მინსკში იმყოფებოდა, „ჩამოსულები იყვნენ ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, გერმანელებიც“.

„ზღაპრებია ეს… საიდან იგონებთ. რაც მოჰყვა ბატონმა გოგაშვილმა, – სამწუხაროა, რასაც იგი ახლა აკეთებს და იგონებს, – თითქოს ჩავიდა თავის მძღოლთან ერთად, ჩამოიყვანა ის ხალხი და ცხვარი დავკალით, საგურამოში თუ მცხეთაში ვიქეიფეთ, აბსურდია. იტყუება“, – განუცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

მოგვიანებით, ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე გომელაურმა განაცხადა:

„ვთქვათ, თუნდაც შევხვდი ფარულად, – მე ფარულად ბევრს შევხვედრივარ სხვადასხვა სპეცსამსახურის წარმომადგენლებს, ისრაელის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იმას, ამას, ბევრი საკითხი გაგვივლია, რაც ტელევიზიის წინაშე არ გაგვიპიარებია… ეს დანაშაულია“?

„თუნდაც ომის დროს ხვდებიან სპეცსამსახურები და არ ლაპარაკობენ. ეს იციან ძალიან კარგად ჩემმა წინამორბედებმაც, წინა მთავრობამაც და მათაც იციან ეს თემები. ვთქვათ, შევხვდი. პირობითად ვამბობ – რომელი მუხლი დავარღვიე“? – განაცხადა გომელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი