ახალი ამბები

კახიძე მელიას ბრალდებებზე: ეს არის დამკვიდრებული ქოცური ნარატივი

11 სექტემბერი, 2017 •
კახიძე მელიას ბრალდებებზე: ეს არის დამკვიდრებული ქოცური ნარატივი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახაძე აცხადებს, რომ “სამწუხარო მოსასმენია” მისი ყოფილი თანაგუნდელისგან, ნიკა მელიასგან “ქოცური ნარატივის” ან “ასავალ-დასავალის” სტილში ჭორიკნობის” მოსმენა.

“ეს არის დამკვიდრებული ქოცური ნარატივი, რომელიც ერთი-ერთში გაიმეორა ნიკა მელიამ, დავიდა “ასავალ-დასავალის” დონეზე, ამაზე პასუხი არის მარტივი. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის იყო ორი საექსტრადიციო დავა იმ ბრალდებებზე, რომ თითქოს კეზერაშვილმა რაღაცები მოიპარა და რაღაცები გაფლანგა, ეს ბრალდებები შეამოწმა არა მურუსიძის სასამართლომ, არამედ  საფრანგეთის სასამართლომ, გაერთიანებული სამეფოს – ლონდონის სასამართლომ, შეამოწმა ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ და სამივე პასუხი იყო ის, რომ  აქ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არის და ეს საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული,” – ასე გამოეხმაურა ოთო კახიძე ტვ პირველის ეთერში ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ დავით კეზერაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ყაჩაღობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ხოლო ახლა ამ ფულით ბიძინა ივანიშვილისგან შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანებს. მან ასევე კორუმპირებულად მოიხსენია თბილისის ყოფილი მერი და ენმ-ის ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც ახლა ევროპული საქართველოს ლიდერია.

“რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა, მე ვერ ვიკადრებ ისეთი რაღაცების თქმას, რასაც ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები კადრულობენ. ნიკა მელიას როცა წაუყენეს ბრალი 2012 წელს, ჩვენ მაშინ თანაგუნდელები ვიყავით, და მე რომ გამოვდგე ახლა და ვთქვა, რომ ნიკა მელია რომ არ დააპატიმრეს და 5 წელია, რომ ეს საქმე გრძელდება, ე.ი. მელია არის გარიგებული ივანიშვილთან. აბა, ივანიშვილის სასამართლომ რატომ არ მიუსაჯა? შეიძლება ასეთი რიტორიკით საუბარი?!” – განაცხადა ოთო კახიძემ.

ვრცლად მელიას განცხადება იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი