ახალი ამბები

არ დაგიმალავთ, ვაპირებ კეზერაშვილთან პარტნიორობას – მელია

23 აპრილი, 2022 • 2583
არ დაგიმალავთ, ვაპირებ კეზერაშვილთან პარტნიორობას – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ აპირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას.

მისივე თქმით, ბოლოს კეზერაშვილს ორი კვირის წინ შეხვდა.

დღეს მელიას ფეისბუკზე ლაივსტრიმი [ინტერაქციული პირდაპირი ეთერი] ჰქონდა, რა დროსაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა დავით კეზერაშვილს ეხებოდა.

„დათო კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია საჯაროდ მოუსმენია ბევრს. 2017 წელი იყო, მაშინ, რა თქმა უნდა , მქონდა ბევრი კითხვები. მას მე არ ვიცნობდი… ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შარშან, 10 მაისს ხომ გამათავისუფლეს, გახსოვთ თქვენ – მე მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე, სამი წლის განმავლობაში იგი არ მყავდა ნანახი… და კიევიდან მე მაშინ სხვა ქვეყანაში გავემგზავრე, სადაც დათო კეზერაშვილი პირადად ვნახე და გავიცანი. შედგა ჩვენ შორის საუბარი.

ეს იყო შარშან. ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მე მაწუხებდა, მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რამაც ნამდვილად გამახარა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ჩემი პოზიცია საჯაროდ დაფიქსირდა… ამ ადამიანმა ისედაც შეუიარაღებელი თვალითაც ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც ამ ქვეყნის დემოკრატიულ წესწყობილებას ხელს შეუწყობს მომავალში უფრო, ვიდრე ახლა უწყობს. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ფორმულა“ ჩამოაყალიბა – უკვე ცხადი იყო, რომ ჩემი სხვადასხვა დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი“, – ამბობს მელია.

ის დასძენს, რომ ამის მიღმა წარსულში ქექვას არ აპირებს – „მქონდა ის პოზიცია, რაც მქონდა, მაგრამ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, ჩემთვის არის მისაღები“.

„კი ბატონო, ორი კვირის წინაც ვიყავი. სამჯერ შევხვდით სულ და არ დაგიმალავთ, ვაპირებ პარტნიორობას მასთან. სანამ ეს სისაძაგლე, „ქართული ოცნების“ სახით არ დასრულდება და აბა, მას ჰკითხეთ, რამდენად მოხარული იყო ჩემი საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ ჩემთვის თუნდაც ხელი ჩამოერთვა? მერწმუნეთ, მისთვის ეს ადვილი არ იყო და ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ამიტომაც ვაფასებ. კიდევ უფრო შორსაც წავალ და ნებისმიერ ადამიანთან ვეცდები საერთო ენის გამონახვას იმიტომ, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰყოფნის მხოლოდ გულანთებულობა, არ ყოფნის მხოლოდ გულზე ხელის რტყმა“.


2017 წელს მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ  მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა დავით კეზერაშვილმა ძარცვით და ყაჩაღობით იშოვა ფული და ახლა ბოკერია-უგულავას პარტია “ევროპულ საქართველოს” აფინანებს, მან ასევე კორუმპირებული უწოდა თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას.

მელია: კეზერაშვილი ყაჩაღობით ნაშოვნი ფულით აფინანსებს ივანიშვილის შექმნილ ევროპულ საქართველოს


22 აპრილის ლაივსტრიმში მელიამ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილსა და მის პატიმრობაზე.

ვრცლად:

არ ვაპირებ იმის თქმას, რომ შევიკრიბებით და პრობლემა მყისიერად გადაწყდება – მელია სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი