ახალი ამბებიკომენტარი

ოპოზიციის ერთადერთი გზავნილი უნდა იყოს მიმართული ივანიშვილის სანქცირებაზე — არჩილ იაკობაშვილი

20 სექტემბერი, 2022 • 13737
ოპოზიციის ერთადერთი გზავნილი უნდა იყოს მიმართული ივანიშვილის სანქცირებაზე — არჩილ იაკობაშვილი

ავტორი:  არჩილ იაკობაშვილი, გერმანიის ქრისტიანდემოკრატიული კავშირის წევრი, ეკონომიკის პროფესორი.

რამდენიმე დღეში ახლოვდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 10 წლისთავი, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბერს რეგიონის დემოკრატიის ისტორიაში პირველად მოქმედმა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა და პოლიტიკურ ოპონენტს ხელისუფლება გადააბარა.

The Economist-ის რეიტინგმაც არ დააყოვნა და 2013-2014 წლებში საქართველომ ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა საერთაშორისო დემოკრატიის რეიტინგში და ნახევარი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი, რომ დემოკრატიული ქვეყნების რიგში ჩამდგარიყო.

სახელმწიფო იმართებოდა კოჰაბიტაციურ მოდელზე, საპარლამენტო ოპოზიცია იყო ისეთი ძლიერი, როგორც არასოდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ისტორიაში და ა.შ.

2013 წლის ნოემბერში აღნიშნული მოვლენების მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი გაექცა სამთავრობო პასუხისმგებლობას და მის მიერვე შექმნილი კოალიციის მხარდაჭერით, რაც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნაში გამოიხატა, თავად ჩრდილოვან მმართველობაში გადაბარგდა და დაიწყო სახელმწიფოს კონტროლი, რაც დღემდე გრძელდება.

დღეს ბიძინა ივანიშვილი არ მართავს ქვეყანას, არამედ აკონტროლებს სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების მიხედვით, ხოლო „ქართული ოცნება“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სახელმწიფოს კონტროლის პოლიტიკურ ინსტრუმენტს და მექანიზმს.

The Economist-ის რეიტინგის გაუარესებამაც არ დააყოვნა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით, სასამართლო სისტემის დაქვემდებარებით, ოპოზიციის მიზანმიმართული დასუსტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მიუღებელი კანდიდატის ქვეყნისთვის თავზე მოხვევით, პრემიერ-მინისტრების არალეგიტიმურად და უსასრულოდ გამოცვლით საქართველო დაადგა დემოკრატიული რეგრესის გზას და დღეს ჰიბრიდული რეჟიმების მოწინავე შუაგულშია ავტორიტარიზმისკენ მკვეთრად გადახრის ტენდენციით.  

აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი პირები წარმოადგენენ პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილ ერთგულ ადამიანებს, ხოლო მათი ძალაუფლება, რაც სახელმწიფოს კონტროლის მთავარი მექანიზმია, შემოღობილია ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობით, რომლის იერარქია სრულად არის დაკომპლექტებული ბიძინა ივანიშვილის ლაქიებით და მლიქვნელებით.

საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა არ დარჩენილა დასავლეთის სახელმწიფოების ყურადღების მიღმა. თბილისში მოქმედი საელჩოების მიერ მიწოდებული რეპორტებით დასავლეთის დედაქალაქებში აქვთ სრული სურათი, რომ საქართველოს ხელისუფლება მონოპოლისტური ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმს წარმოადგენს, რომლის პოლიტიკური მექანიზმი „ქართული ოცნების“ სახით არა საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის სამსახურშია.

აღნიშნულის დადასტურების ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ჩრდილოვანი მმართველის სანქცირების ინიციატივას, ხოლო ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ხაზს უსვამს პოლიტიკური დეოლიგარქიზაციის აუცილებლობას.

ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციამ და ევროკომისიის კრიტიკულმა რეკომენდაციებმა შექმნა პროცედურული საფუძვლები იმისთვის, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის ნაცვლად მხოლოდ პერსპექტივის სტატუსი მიანიჭა. 

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება არ უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს და მის პოლიტიკურ დასაყრდენს, „ქართულ ოცნებას“ იმის გაგონებაც კი რცხვენიათ, რომ რუსეთი მარცხდება უკრაინაში უსამართლოდ წამოწყებულ დამპყრობლურ ომში.

ომის დამწყები ვლადიმირ პუტინისთვის ეგრე მნიშვნელოვანიც არ არის ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით დასავლური სანქციებისთვის გაწიროს.

ბიძინა ივანიშვილის სანქცირება სჭირდება უპირველესად საქართველოს ევროპულ მომავალს, უფრო სწორად, ქართულ საზოგადოებაში იმის გააზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით „ქართულ ოცნებას“ ეკარგება ხელისუფლების წყარო, ხოლო საზოგადოებას უჩნდება შანსი, დაიბრუნოს „ხელისუფლების წყაროს“ უფლება.       


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი