ახალი ამბები

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ ომბუდსმენის ასარჩევად კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს

19 სექტემბერი, 2022 • 911
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომ ომბუდსმენის ასარჩევად კენჭისყრა გამჭვირვალე იყოს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა გამჭვირვალე უნდა იყოს.

დღეს მოქმედი წესით კი, პარლამენტში სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრა ფარულია.

ცვლილებების ინიციატორი პარტია „მოქალაქეებია“. როგორც პარტიის წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, ცვლილებების ინიცირების მოტივი ისაა, რომ სახალხო დამცველის არჩევისას რაიმე ტიპის ფარული გარიგება არ მოხდეს.

„აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს საზოგადოებას, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით. ხელს შეუწყობს, რომ როგორც სახალხო დამცველის შერჩევის, ასევე უშუალოდ არჩევის პროცედურაც წარიმართოს ინკლუზიურად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ვინაიდან სახალხო დამცველის არჩევის გამჭირვალე პროცედურის უზრუნველყოფა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მიღების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილული და მიღებულ იყოს დაჩქარებული წესით და სახალხო დამცველის არჩევის დროისათვის შექმნილი იყოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.


მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება. სახალხო დამცველის შერჩევის საკითხი ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილ იმ 12- პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა შესასრულებელი.

ევროკომისიის რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა უნდა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და ეს პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.

პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.

მასალების გადაბეჭდვის წესი