ახალი ამბები

გლდანში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს

18 სექტემბერი, 2022 • 1057
გლდანში ჰაერის დაბინძურება გააპროტესტეს

გლდანში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაბინძურებული ჰაერი გააპროტესტა.

ჰაერის დაბინძურების სავარაუდო წყარო გლდანში არსებული ნაგავსაყრელი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონო წვაა.

„სამი წელიწადია არავინ რეაგირებას არ აკეთებს. მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ დღეს ხმამაღლა დაეფიქსირებინა პოზიცია, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

აუცილებელია დაკონსერვდეს ნაგავსაყრელები და გადაიტანონ დასახლებული პუნქტიდან შორს“, – განუცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზაალ ხარჩილავამ ნეტგაზეთს.

აქციის მონაწილეების თანახმად, პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ ნაბიჯები არ გადადგმულა.

„პრობლემის არსებობას ხელმძღვანელი პირები არ უარყოფენ, ყველა საქმის კურსშია, მათ შორის ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატიც, მაგრამ რეაგირება არის აბსოლუტურად ნული“, – აცხადებს ის.

აქცია გლდანში

„ნამწვის შედეგად პირადად მე ორი სამი დღე კინაღამ გავიგუდე. იმდენად ძლიერი იყო ნამწვი, რომ მეოთხე მიკრო რაიონში მოდიოდა.

მოლოდინი მაქვს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში ჩაერთვება ქალაქის მერი, გარემოს დაცვა, დეპუტატი, ჩვენ ისედაც აქ ვართ“, – აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი, ნანა სუსანაშვილი.

ნეტგაზეთმა წარსულში თავად დაათვალიერა ნაგავსაყრელი და მიმდებარე ტერიტორია, სადაც დააფიქსირა ნარჩენებისა და საბურავების დაწვის ფაქტი.

საჯარო უწყებების პოზიციისა და დამატებითი დეტალის გასაცნობად, იხილეთ ნეტგაზეთის სტატია:

როგორ იწამლება გლდანი ტოქსიკური ნამწვით

მასალების გადაბეჭდვის წესი