თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან არც მას და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს კავშირი არ აქვთ.
კალაძის თქმით, ეძგვერაძეზე თავდასხმა ეძგვერაძეს და მის წარსულს უკავშირდება.
„ეს არის ჩვეულებრივი, მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ ე.წ. „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ ამ ყველაფერს კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ. ერთი რამ მინდა ვთქვა: ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა და გვახსოვს, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებში. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ შემდეგ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა, ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს.
რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ „ქუჩის ბიჭობდა“ და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია“, -განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ნიკა მელიას, კალაძის თქმით, ის „ყველაფრის მკადრებელი“ ადამიანია.
„ნიკა მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. ის ყველაფერს იკადრებს, ყველაფერს გააკეთებს. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში აღნიშნულ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან და არც მე. ეს არის სიმართლე და რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
22 სექტემბერს გლდანში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, ასევე ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს. ისინი იმყოფებოდნენ გლდანში, ადგილზე, სადაც მანამდე თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს. თუმცა მოგვიანებით შსს-მ განცხადა, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ეძგვერაძეზე თავდასხმას, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დაკავეს.
თავად ირაკლი ეძგვერაძე აცხადებს, რომ თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ეძგვერაძე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ის ზარნაძე და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეძგვერაძის თქმით, თავდასხმისას მას უთხრეს, რომ ეს საკრებულოს უკავშირდებოდა.
„რომ მირტყამდნენ, [მითხრეს] არ მოისვენე, ეს გინდოდაო… ზარნაძის გვარიც ახსენეს და ა.შ.“, – აცხადებს ირაკლი ეძგვერაძე.