საზოგადოება

როგორ იწამლება გლდანი ტოქსიკური ნამწვით

10 სექტემბერი, 2022 •
როგორ იწამლება გლდანი ტოქსიკური ნამწვით

გლდანში მოსახლეობა იწამლება — მიზეზი არის ძლიერი, შავი კვამლი და დამწვარი პლასტმასის, რეზინის სუნი, რომელსაც თითქმის ყოველ ღამე სუნთქავენ ადამიანები. ტოქსიკური ნამწვის ძირითადი, სავარაუდო წყარო არის გლდანში არსებული არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონო წვა.

ჰაერის დაბიძნურება განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანდახან სუნი ისეთი მძაფრია, ზაფხულობით ფანჯრებსაც ვერ აღებენ. არაერთი ადამიანის თქმით, ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

პარადოქსულია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ამ პრობლემის შესახებ იცის ყველამ — თბილისის მერიამ, რაიონულმა გამგეობამ, დედაქალაქის საკრებულომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ და მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება. სახელმწიფო უწყებები ხელს, ძირითადად, ერთმანეთისკენ იშვერენ და საკითხს ამ დრომდე არ, ან ვერ აგვარებენ.

უმოქმედობის გასამართლებელი მიზეზებიც საკმარისად არის, თუმცა ფაქტია: გლდანის მოსახლეობა ჯანმრთელობისთვის საშიშ ტოქსიკური ნამწვს უკვე რამდენიმე წელია სუნთქავს და მათ პრობლემიდან სწრაფ გამოსავალს ვერავინ სთავაზობს.

მომწამლავი ნამწვის სავარაუდო წყარო თბილისის შემოვლით გზაზე, გლდანის დასახლებული ზონიდან, დაახლოებით, 7-8 კილომეტრში არსებული არასაყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელია. ნაგავსაყრელის სიახლოვეს კერძო პირები ხშირად წვავენ საბურავებს, მეტალოპლასტმასსა და სხვა ნარჩენებს. სავარაუდოდ იმისთვის, რომ შემდგომ გამომწვარი მეტალი ჯართში ჩააბარონ.

ამასთანავე, ხანძარი ჩნდება უშუალოდ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზეც, საიდანაც ასევე მოდის ნამწვი. ამას ადასტურებს თავად მოქალაქეების მიერ გადაღებული არაერთი ფოტო-ვიდეო მასალა.

ნეტგაზეთის მიერ მიღებული ოფიციალური პასუხებიდან კი ირკვევა, რომ სახელმწიფო უწყებები გლდანში არ ზომავენ ჰაერის დაბინძურების დონეს. 

პრობლემის შესახებ კარგად არის ინფორმირებული თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი კონსტანტინე ზარნაძე. მისი აზრით, გამოსავალია კანონის მიღება, რომლითაც აიკრძალება ჯართის მიმღებ პუნქტებში გამომწვარი მეტალის რეალიზაცია და შესაბამისად, მეტალის მისაღებად ნარჩენების დაწვა აზრს დაკარგავს. მოქალაქეები კი ემზადებიან, რომ 18 სექტემბერს ფართომასშტაბიანი აქციით მოითხოვონ სუფთა ჰაერი.

„გგუდავს ეს ჰაერი, სუნი“ — რას ჰყვებიან მოქალაქეები

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის ტერიტორია თბილისის შემოვლით გზის განაპირასაა მოწყობილი. გლდანის უკიდურესი დასახლებული წერტილიდან ამ ადგილამდე 7-8 კილომეტრია. ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობს თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც.

დღის განმავლობაში, როდესაც აქ არც კვამლია და არც ახლო-მახლო უკანონო წვა მიმდინარეობს, ტერიტორია ასე გამოიყურება:

გლდანის ნაგავსაყრელი. ფოტო: ნეტგაზეთი

ნაგავსაყრალზე სატვირთოებს დილიდანვე, მთელი დღის განმავლობაში მიაქვთ მყარი ნარჩენები: სამშენებლო ნაგავი, მეტალ-პლასტმასის ძველი კარ-ფანჯრები, საბურავები და ა.შ. პერიმეტრზე არ აყენია სათვალთვალო კამერები, ნაგავსაყრელს კუსტარული ღობე აქვს შემოვლებული, ღობის გადალახვას კი ნებისმიერი მსურველი თავისუფლად შეძლებს. ნეტგაზეთმა ტერიტორიის დათვალიერებისას აღმოაჩინა ღობეზე გადასვლის სავარაუდო კვალიც.

ნაგავსაყრელიდან მოშორებით რამდენიმე კილომეტრში, გლდანის მე-7 მიკრორაიონში ცხოვრობს ზალიკო ხარჩილავა. ის ერთ-ერთია იმ აქტიურ მოქალაქეთა შორის, რომლებიც პერიოდულად ადიან ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე და ფოტო-ვიდეო მასალას აგროვებენ.


ვიდეო, რომელიც ნაგავსაყრელთან ზალიკო ხარჩილავამ გადაიღო.

„წინა წლებში თუ იყო რაღაც პერიოდულობით, მაშინაც რთულად ასატანი იყო, მაგრამ წელს, აგვისტოში, ფაქტობრივად, დღე არ ჩაუგდიათ. თითქმის ყოველდღე რაღაც იწვის. ხან თავად ნაგავსაყრელზეა ცეცხლი, ხან კი უცხო პირები აგროვებენ საბურავებს, სხვა მასალებს, შემდეგ კი სპეციალურად წვავენ ნაგავსაყრელის პერიმმეტრს მიღმა, ახლო-მახლო, რათა ეს ლითონი მოიპოვონ და ჯართში ჩააბარონ.

სპეციფიური სუნია —  გოგირდისა და რეზინის ნაზავია, პლასტმასისაც, ყველაფრის სუნია. საშიში, მავნე, ტოქსიკური და მომწამლავი სუნი. უამრავ დაავადებას იწვევს ასეთი ნამწვი, ასეთი კვამლი. ჯგუფიც გვაქვს რაიონში და იქ მოქალაქეები წერენ, რომ დაეწყოთ სისხლდენა ცხვირიდან, ცხვირ-ხახისა და სასუნთქი გზების სხვა პრობლემები. გრძელვადიანში კი შეიძლება, სიმსივნეებსაც კი იწვევდეს. ფაქტობრივად, ნელი, ჩუმი სიკვდილით იხოცებიან ადამიანები,“ — უთხრა ზალიკო ხარჩილავამ ნეტგაზეთს.

ის ამბობს, რომ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია, მაგრამ ელოდებიან მოგვარების გზებს, „ამასობაში კი გაიწელა ეს ყველაფერი“.

ზალიკოს აზრით, აქ არის ორი პრობლემა: ერთი, რომ თავად ნაგავსაყრელი იწვის და მეორე, უფრო ხშირად წვავენ საბურავებს, სადენებს, მატრასებს — ყველაფერს, საიდანაც შეიძლება, რომ ლითონი გამოიწვას ჯართში ჩასაბარებლად.

„ეს არის მთელი თბილისის პრობლემა, საშინელება ხდება, ჯოჯოხეთია“, — ამბობს ზალიკო ხარჩილავა.

ის ოჯახთან ერთად უერთდება 18 სექტემბრის აქციას, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, 18 საათზე, პარკში იმართება. ზალიკო ხარჩილავა აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს ყველას, ვისაც ეს პრობლემა შეიძლება შეეხოს, რადგან როგორც ის ამბობს, შეიძლება სუნს ვერ გრძნობდეს, მაგრამ წვის შედეგად წარმოქმნილ მავნე ნივთიერებებს მაინც სუნთქავდეს.

ხარჩილავას თქმით, ნაგავსაყრელი ან უნდა დაიხუროს და დასახლებული პუნქტიდან შორს გადაიტანონ, ასევე, ჯართის ჩამბარებელ პუნქტებს უნდა აეკრძალოს გამომწვარი ლითონის ჩაბარება და სწორედ ისინი უნდა გააკონტროლონ მკაცრად.

„ქმედითი ნაბიჯებია გადასადმელი სწრაფად, სხვანაირად არ შეიძლება,“ — ამბობს ზალიკო ხარჩილავა.

ნაგავსაყრელი 9 სექტემბერს. ფოტო: სქრინი ზალიკო ხარჩილავას ვიდეოდან

ზალიკო ხარჩილავას მსგავსად გლდანის მე-7 მიკრორაიონში ცხოვრობს სალომე ზარიძეც. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის იხსენებს, რომ სუნი პირველად 3 წლის წინ იგრძნო:

„3 წლის წინ ვიგრძენი პირველად ეს მძაფრი სუნი. სოციალურ ქსელებში ამ პრობლემაზე სხვებიც წერდნენ და მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი. იმ პერიოდში ორსულად ვიყავი და თავდაპირველად ვიფიქრე, მხოლოდ მე ხომ არ ვგრძნობ ამას-მეთქი?

მეც დავწერე, ბევრი გამომეხმაურა, მათ შორის, გამგეობიდან. დაინტერესდნენ თემით. გამგეობის მაშინდელი წარმომადგენელი იყო ასული ნაგავსაყრელზე და ნახეს, რომ იქ ნამდვვილად იყო ცეცხლის კერები. თუმცა, ერთდაერთი რაც მოხდა, იყო ის, რომ ნაგავსაყრელის ტერიტორია იმ პერიოდში შემოიღობა. სამწუხაროდ, ამ ღობემ პრობლემა ვერ მოაგვარა. წარმოიდგინეთ, უკანასკნნელი სამი წელია, არ აქვს მნშვნელობა, ზამთარია, ზაფხული თუ წელიწადის სხვა დრო, საღამოობით თითქმის სულ იგრძნობა ნამწვის სუნი.

აქ საუბარი არ არის მხოლოდ მძაფრ სუნზე, გგუდავს ეს ჰაერი, სუნი. ამ ზაფხულს, განსაკუთრებით კი ძლიერი სიცხეებისას, როგორც ჩანს, მოიმატა წვამაც და ძალიან საშინელი ნამწვავი წამოიღო ნიავმა, უფრო მეტმა ხალხმა იგრძნო და გააქტიურდა ეს თემაც. თორემ, რამდენიმე ადამიანი მუდმივად ვგრძნობთ, ვიწერებით, ცხელ ხაზზეც ვრეკავთ და ყველაფერ ვაკეთებთ, მაგრამ უშედეგოდ,“ — უთხრა სალომემ ნეტგაზეთს.

ქალი იხსენებს, რომ, ერთხელაც მთელი ღამის განმავლობაში სუნი არ შეწყდა, დილას კი მას სხვადასხვა სიმპტომი გამოუვლინდა — აეწვა ცხვირი, ასტკივდა ყელი და თავი. დაახლოებით, ერთი კვირის წინ მას მოუწია გლდანი რამდენიმე დღით დაეტოვებინა და თბილისის სხვა უბანში, ნათესავებთან გაეცალა.

სალომე ზარიძის თქმით, მოქალაქეებმა მიმართეს როგორც მერიის, ასევე გარემოს დაცვის ცხელ ხაზს.

„მოდიოდნენ ეს ჯგუფები და ამბობდნენ, რომ ცეცხლის კერები არის, მაგრამ ხშირად არ გვხვდება ის, ვინც დაწვა, ან გარბიან და შესაბამისად, ვერ ვაჯარიმებთ. ან ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ვერც აჯარიმებენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის შიდა წვა, არც ამ ფაქტს გამოვრიცხავთ. ეს ნაგავსაყრელი უნდა გადაიტანონ სადმე ისეთ ადგილას, რომ მოსახლეობას არ მისწვდეს. ამასთანავე, უნდა დარეგულირდეს საბურავების წვის ამბავიც, რადგან როგორც წესი, მას ღამე წვავენ, კვამლი რომ არ გამოჩნდეს. ჩვენ ვრეკავთ, მაგრამ ფაქტობირვად, არ ყოფილა ისეთი რეაგირება, რომ ზომები მიეღოთ და შეწყვეტილიყო“ — იხსენებს სალომე ზარიძე.

მისივე აზრით, ეს პრობლემა მხოლოდ გლდანს არ ეხება და ჯანმრთელობისთვის საშიში ნამწვი ქარს შემდგომ მთელი თბილისის მასშტაბით მიაქვს. ის იხსენებს, რომ ბოლო პასუხი გლდანის მაჟორიტარისგან, კოტე ზარნაძისგან იყო, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია და ელოდება რეაგირებას

„არ ვიცი, როდის იქნება ეს რეაგირება, სამი წელია ამ საშინელება ვსუნთქავთ,“ — ამბობს სალომე.

სალომე გლდანში შვილებთან ერთად ცხოვრობს. ის წუხს, რომ ხშირად, სწორედ ჰაერში არსებული ნამწვის მძაფრი სუნის გამო მათ სეირნობაზეც კი ამბობს უარს.

„გარეთ ვერ გამყავს იმიტომ, რომ არის ეს საშინელი სუნი… ფიზიკურად იგუდები. ცოტა ხნის წინ გარეთ რომ მყავდა, ხველა ამიტყდა. ბავშვები შემოვიყვანე სახლში და ფანჯრებიც მივხურეთ. სუნის დროს ფანჯარასთან მიახლოებაც შეუძლებელია.

გააკეთეს ეს ლამაზი პარკები, მადლობლები ვართ, მაგრამ წარმოიდგინეთ, ზიხარ ამ ლამაზ პარკში და იგუდები,“ — უთხრა სალომემ ნეტგაზეთს.

„ჰაერის დაბინძურების დონე რამდენჯერმე აღემატება დასაშვებს“

გლდანში სუფთა ჰაერისთვის მოქალაქეებთან ერთად იბრძვის ორგანიზაცია „ჩემი ქალაქი მკლავს“. მისი დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ნაგავსაყრელთან პერიოდულად ადის და ორგანიზაციის წევრებთან ერთად ჰაერს ზომავს. გიორგი გვიყვება, რომ აქ ჰაერის დაბინძურება ზოგჯერ 10-20-ჯერ აღემატება ნორმას.

ორგანიზაციას, „ჩემი ქალაქი მკლავს“, ამჟამად მხოლოდ PM მყარი ნაწილაკების გამზომი აპარატი აქვს.

მტვრის მყარი ნაწილაკები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია — მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით, ძირითადად, ორი ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5.

ამ ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურება ადამიანისთვის საზიანოა და იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, გულსისხლძარღვთა პრობლემები და სხვა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის თანახმად, საქართველოში PM10-ისა და PM2.5-ის მაჩვენებლები ასე იყოფა:

სქრინი: air.gov.ge

„რამდენჯერმე როცა ვიყავით ადგილზე, ვნახეთ, რომ PM ნაწილაკებით დაბინძურების მაჩვენებელი აქ 6-7-ჯერ აღემატება ნორმას. ამას გარდა, რა თქმა უნდა, იქნება სხვა გაფრქვევები, შეიძლება ქიმიური ნარჩენების გაფრქვევაც იყოს, თუმცა, ამისი საზომი აპარატი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ PM ნაწილაკების მზომელი, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამაბინძურებელი საქართველოში,“ — განმარტავს გიორგი ჯაფარიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მას მაგალითად მოჰყავს ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ორგანიზაციის ფეისბუკ გვერდზე მიმდინარე წლის 1 აგვისტოს გამოქვეყნდა. კადრებში ჩანს, რომ აპარატი ერთ მომენტში ასახავს, რომ PM 2,5-ის მაჩვენებელი ჰაერში 164-ია. ვიდეოში ეს მაჩვენებელი ქარის გამო ხშირად იცვლება.

„რაც შეეხება გამოსავალს, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაყენდეს ჰაერის საზომი აპარატები და ეს უნდა დააყენოს გარემოს დაცვის სამინისტრომ. ხაზგასასმელია, რომ იქვე არის საპატიმროც და უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჰაერს სუნთქავენ პატიმრები. აქ უნდა იყოს 24-საათიანი მონიტორინგი, როგორც საცხოვრებელ სახლებთან, ასევე საპატიმროსთან ახლოს. უკვე შემდგომ, პრობლემის გადაჭრისთვის, უნდა დაყენდეს კამერებიც.

კამერები რომ დაყენდება, გამოჩნდება, ვინ ძალით წვავს და ასევე ისიც, როგორ ჩნდება ხანძრები ნაგავსაყრელზე, ხდება ეს „თავისით“ თუ სხვა მიზეზით,“ — დასძენს ის.

განმარტებები ოფიციალური უწყებებისგან

ნეტგაზეთმა არაერთი კითხვით მიმართა როგორც თბილისის მერიას, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს სააგენტოსა და გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს. ამ უკანასკნელში განგვიცხადეს, რომ ჰაერის გაზომვა დაიგეგმება იმ შემთხვევაში, თუ ამ მოთხოვნით მათ ვინმე მიმართავს. 

ამ ეტაპზე გლდანის ნაგავსაყრელის სიახლოვეს, ათობით კილომეტრის ფართობზე, არც ერთი ჰაერმზომი დანადგარი არ დგას. 

დამატებითი პასუხებისთვის ჩვენ გლდანის მაჟორიტარს, კონსტანტინე ზარნაძეს მივმართეთ. ზარნაძე თავად აქტიურობს გლდანის მოსახლეობის ფეისბუკ ჯგუფში და ხშირად აქვს პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთანაც. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ზარნაძე ამბობს, რომ პრობლემის შესახებ შეატყობინა ყველა შესაბამის ორგანოს.

გლდანის მაჟორიტარი, კონსტანტინე ზარნაძე. ფოტო: ფეისბუკ გვერდი

ნეტგაზეთთან საუბარში ზარნაძე ამბობს, რომ მუნიციპალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციასთან ერთად ნაგავსაყრელთან საბურავების დაწვის 7 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოქალაქეებს უკანონო წვისთვის მობილიზებული ჰყავდათ სპეცტექნიკა. მოქალაქეები კი ხშირად საბურავებს წვავენ ე.წ. რიაზანის მავთულის მისაღებად.

გლდანის მაჟორიტარი ამბობს, რომ ცეცხლი ჩნდება არა ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე , არამედ მიმდებარედ, თუმცა:

„ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლი გადადებია ნაგავსაყრელს და იქ რამდენიმე დღე ხანძარი იყო. ეს არის სამშენებლო და არა საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი. შესაბამისად, იქ წვა არ მიმდინარეობს. უბრალოდ, როდესაც ცეცხლი ჩნდება, წყლით ვერ აქრობენ, რადგან წყალი ვერ აღწევს ცეცხლის კერამდე. სწორედ ამიტომ „თბილსერვისს“ მთელი ზაფხული უწევდა, რომ მიწაში ჩაემარხა ეს ტერიტორია, სხვანაირად ვერ აქრობდნენ ამას“.

გამოსავალზე საუბრისას ზარნაძე ამბობს, რომ პრევენციის ერთადერთი მექანიზმი საკნონმდებლო რეგულირებაა. მაჟორიტარის თქმით, მისი ჩართულობით შესაბამის ორგანოებთან ერთად მუშავდება კანონპროექტი, რომელიც შეზღუდავს ჯართის მიმღებ პუნქტებში გამომწვარი მეტალის მიღებას.

ჩვენს კითხვაზე — სანამ კანონპროექტი კანონად იქცევამ, მანამდე ხომ არ იგეგმება სხვა პრევენციული მეთოდები, თუნდაც კამერების დაყენება? —  პასუხად კონსტანტინე ზარნაძე ამბობს, რომ ეს იმ მასშტაბის რესურსს მოითხოვს, რაც ამ ეტაპისთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

გარდა ამისა, ზარნაძე აღნიშნავს, რომ ნაგავსაყრელის მიმდებარედ არის უზარმაზარი ტერიტორია, ტყითა და მინდვრით დაფარული სივრცეები და შესაბამისად, ფიზიკურად შეუძლებელია ამ ტერიტორიის სრული კონტროლი, ამას ადამიანური რესურსიც არ ეყოფა.

„ყველა სკვერშიც კი ვერ ვაყენებთ კამერას მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ამტვრევენ ჩვენს გაკეთებულ სკვერებს“, — უთხრა ზარნაძემ ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ვიდეოკამერები რომ დააყენონ, აღსრულება და კონტროლი იქნება რთული. გარდა ამისა, როგორც მაჟორიტარი ამბობს, მუნიციპალური ინსპექცის მიერ ნაგვის უკანონო დაყრაზე გამოწერილი ჯარიმა „საკმარისი მექანიზმი არ არის იმისთვის, რომ ადამიანმა გადაიფიქროს საბურავებს დაწვა“.

ზარნაძის თქმითვე, წვა, ძირითადად, ღამით ხდება და რამდენჯერაც მას ამის შესახებ ატყობინებენ, ის იმდენჯერ მიმართავს იგარემოს დაცვის შესაბამის დეპრარტმანეტს.

კითხვაზე, ხომ არ გაუზომავთ გლდანში ჰაერის დაბინძურების დონე, ზარნაძე გვპასუხობს:

„არა. გარემოს დაცვას უნდა გაეზომა თავის დროზე, მაგრამ ჩემი ვალდებულება რაც იყო, რომ ყველა უწყება საქმის კურსში ჩამეყენებინა, ყველა ინსტანცია და სამსახური, აბსოლუტურად ყველა სამსახურამდე და ყველა სამსახურის ხელმძღვანელამდე არის მიტანილი ეს ინფორმაცია და ველოდები მათგან რეაგირებას, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გადაწყვეტა ამ პრობლემის. ჩემი ხედვაც და აზრიც გითხარით, დანარჩენს უკვე საკანონმდებლო ორგანომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს“.

რაც შეეხება „თბილსერვისს“, რომელსაც ეკუთვნის ნაგავსაყრელი, ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში უყება ირწმუნება, რომ ბოლო პერიოდში მაღალი ტემპერატურის გამო „მცირე აალებას ჰქონდა ადგილი და ესეც ჩვენი ძალებით იქნა ლიკვიდირებული“.

„თბილსერვისის“ თქმით, სამსახურში მუდმივად მორიგეობს 4 თანამშრომელი და წყლის სპეცტექნიკა. უწყება ასევე ხაზს უსვამს, რომ:

„სპეციალურად, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად არავინ უკიდებს ცეცხლს. სამშენებლო ნაგავსაყრელის ტერიტორიის გარეთ, ხანძრების ჩაქრობას კომპანიის თანამშრომლები არ ახორციელებენ.

გლდანის ინერტული ნარჩენების საყრელზე არავის არასდროს დაუწვია რამე მიზანმიმართულად. ნაგავსაყრელზე შემოსული ნარჩენები (პლასტმასი, რკინა, ხე, მინა) სეპარირდება და გროვდება ცალკე, შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით, რასაც ხანძარი არ გასჩენია.

თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე უცხო პირები ვერ შემოვლენ და მითუმეტეს ვერ დაწვავენ ნარჩენებს (კონტროლდება ვიდეო კონტროლის საშუალებით და ასევე მონიტორინგით) ადრეც იყო საჩივრები ნარჩენების საყრელიდან წამოსულ კვამლთანდაკავშირებით, მაგრამ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა.

ასევე, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კომპანიის ტერიტორიის გარეთ იწვებოდა საბურავები, რის შესახებაც ვაცნობეთ შესაბამის სამსახურებს (მუნიციპალურ ინსპექციას და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს),“ – ამბობს „თბილსერვისი“ ნეტგაზეთის მოწდბულ ინფორმაციაში.

ნაგავსაყრელის ღობე, სადაც ჩანს ადამიანის გადასვლის კვალი. ფოტო: ნეტგაზეთი.

ნეტგაზეთმა გლდანის არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია 6 სექტემბერს, გამთენიისას დაათვალიერა. ნაგავსაყრელის შესასვლელში მოწყობილია შლაგბაუმი და იქვე დგას დაცვის სამსახურის ჯიხური, თავად ნაგავსაყრელს შემოვლებული აქვს ღობე, რომლის გადალახვასაც ადამიანი თავისუფლად შეძლებს. გარდა ამისა, ნაგავსაყრელის გარშემო პერიმეტრზე ჩვენ ვერ შევნიშნეთ სათვალთვალო კამერები. შესაბამისად, „თბილსერვისის“ ინფორმაცია, რომ „ტერიტორიაზე უცხო პირები ვერ შემოვლენ“, უსაფუძვლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი