ახალი ამბები

გლდანის გამგეობამ გასული წელი შეაჯამა, თუმცა მთავარ პრობლემაზე არ უსაუბრია

23 დეკემბერი, 2022 • 4026
გლდანის გამგეობამ გასული წელი შეაჯამა, თუმცა მთავარ პრობლემაზე არ უსაუბრია

დღეს, 23 დეკემბერს, თბილისის მერიამ  გაავრცელა პრესრელიზი, რომლის მიხედვითაც, გლდანის რაიონის გამგეობამ გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრესრელიზში საუბარია მხოლოდ შესრულებულ პროექტებზე და არაფერია ნათქვამი გლდანელების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე — მომწამვლელ ჰაერზე, რომელიც უკვე წლებია, გლდანის მოსახლეობას აწუხებს.

მერიის პრესრელიზის მიხედვით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ქაშიაშვილმა საზოგადოებას გამგეობის მიერ ერთი წლის განმავლობაში შესრულებული
საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარია გზების დაგება-შეკეთებაზე, სანიაღვრე ქსელების მოწყობაზე, სკვერებში  დაზიანებული ინფრასტრქუტურის შეცვლაზე, საცხოვრებელ კორპუსებში სახურავების, ლიფტების შეკეთებასა და ა.შ.

გლდანის გამგეობის ფოკუსში ვერ მოხვდა დაბინძურებული ჰაერი და არც იმის შესახებ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე გეგმა პრობლემის მოსაგვარებლად. არადა, გლდანში მოსახლეობა უკვე წლებია, იწამლება — მიზეზი არის ძლიერი, შავი კვამლი და დამწვარი პლასტმასის, რეზინის სუნი, რომელსაც თითქმის ყოველ ღამე სუნთქავენ ადამიანები. ტოქსიკური ნამწვის ძირითადი, სავარაუდო წყარო არის გლდანში არსებული არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების უკანონო წვა.

ჰაერის დაბიძნურება განსაკუთრებით შესამჩნევია ზაფხულში. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანდახან სუნი ისეთი მძაფრია, ზაფხულობით ფანჯრებსაც ვერ აღებენ. არაერთი ადამიანის თქმით, ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა.

პარადოქსულია, მაგრამ უკვე რამდენიმე წელია, ამ პრობლემის შესახებ იცის ყველამ — თბილისის მერიამ, რაიონულმა გამგეობამ, დედაქალაქის საკრებულომ, გარემოს დაცვის სამინისტრომ და მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება. სახელმწიფო უწყებები ხელს, ძირითადად, ერთმანეთისკენ იშვერენ და საკითხს ამ დრომდე არ, ან ვერ აგვარებენ.

ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი