ახალი ამბები

თვალთვალის შესახებ ახალი დოკუმენტები გამოძიების დაწყების საფუძველია – სიმონიშვილი

18 სექტემბერი, 2022 •
თვალთვალის შესახებ ახალი დოკუმენტები გამოძიების დაწყების საფუძველია – სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმდჯომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, გუშინ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნაჩვენები დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა გადმოსცემდნენ პოლიტიკოსებზე უკანონო მიყურადღების ფაქტებს, გამოძიების დაწყების საფუძველია.

„ის ფაილები, რაც სიუჟეტში იყო წარმოდგენილი, არის გამოძიების დაწყების საფუძველი.

ახალი დოკუმენტების გამოქვეყნებით, ჩვენ პრაქტიკულად კიდევ ერთხელ შევიტყვეთ, რომ სახელწმიფო ამ ბერკეტს შესაძლოა იყენებდეს ვიწყრო პოლიტიკური ინტერესების გამო.

ჩვენი კანონმდებლობა ფარული მიყურადებისა და თვალთვალისთვის, იმდენ „ხვრელს“ ტოვებს, რომ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი“, – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, არ აქვს იმედი, რომ გამოძიება, ისევე როგორც გასულ წელს გავრცელებული დოკუმენტების შემთხვევაში, დაადგენს დამნაშავეებს.

გუშინ, 17 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც, გადაცემის წამყვანების თანახმად, ნაჩვენები იყო დოკუმენტები, რომლებიც უკანონო მიყურადების ფაქტებს ასახავდა.

უკანონო მიყურადების ფაქტები და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურეს უშუალოდ იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ამ დოკუმენტებში ფიგურირებდნენ, მათ შორის შალვა ნათელაშვილმა, თაკო ჩარკვიანმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, ლევან ხაბეიშვილმა, ხატია დეკანოიძემ და სხვებმა.

გამოძიების შესაძლო დაწყების შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი