საზოგადოება

იურისტი ხსნის, რას ცვლის “ოცნება” გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმების წესში

1 ივლისი, 2025 •
იურისტი ხსნის, რას ცვლის “ოცნება” გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმების წესში

დღეს, პირველ მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. სხვა მრავალ ცვლილებასთან ერთად, კანონპროექტი გულისხმობს გზის გადაკეტვის საფუძვლით დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის გასაჩივრების მექანიზმის წესის ცვლილებასაც.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რა იცვლება ახალი ინიციატივით:

“ქართული ოცნების პარლამენტი გზის გადაკეტვაზე შედგენილი ჯარიმების გასაჩივრების და განხილვის წესსაც ცვლის. იმდენი საკითხი შემოიტანეს ბოლო ცვლილებებით, რომ ეს საკითხი თითქმის გამოგვრჩა.

კანონპროექტში წერია, რომ იმ სამართალდარღვევებზე, სადაც სახდელის სახით პატიმრობასთან ერთად სხვა სახდელიცაა გათვალისწინებული (მაგ. ჯარიმა) და ამ საქმის განხილვის და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, მაშინ დადგენილება გასაჩივრდება პირდაპირ სასამართლოში და ზემდგომ ორგანოში აღარ.

მარტივად რომ ავხსნა, გზის გადაკეტვისთვის სახდელად 5000- ლარიანი ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობაა გათვალისწინებული და სახდელის შეფარდების უფლება შსს-ს აქვს, რაც 174 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილს გასაჩივრების ახალ წესს უქვემდებარებს.

კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ამის შემდეგ შედგენილი ჯარიმები გზის გადაკეტვაზე პირდაპირ სასამართლოში გასაჩივრდება, შსს-ში გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ იქნება და საქმის ერთი ინსტანციით ნაკლებში გასაჩივრება შეგვეძლება.

ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჯარიმა ძალაში შევა და აღსრულება დაიწყება პირველ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ და აპელაციაში გასაჩივრება არ შეაჩერებს მის მოქმედებას. ამდენად, ჯარიმის გადახდა პირველი ინსტანციის დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, იძულებითი აღსრულება შეიძლება დაიწყონ.

აქვე განვმარტავ, რომ აპელაცია ამ საჩივრებს ისედაც არ დაუშვებს და მალევე მოიშორებს საქმეებს თავიდან. შსს-ში ვინც შეიტანეთ საჩივრები და ჯერ პასუხი არ მიგიღიათ, ეს წესი ამ საქმეებზეც გავრცელდება. შსს აღარ განიხილავს თქვენს საჩივარს და ყველა ეს საქმე გადაიგზავნება სასამართლოში, კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში.

აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს წესი შეეხება შსს-ს შედგენილ საჯარიმო ქვითრებს და ვინც სასამართლომ დააჯარიმა, მაგრამ ჯერ დადგენილება არ ჩაჰბარებია, ისევ ძველი წესი გამოიყენება და დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ ჯარიმა”, – განმარტავს სიმონიშვილი.

აღნიშული კანონპროექტი “ქართული ოცნების” პარლამნეტში დაჩქარებულად განიხილება და მისი დამტკიცება რიგგარეშე სესიაზე იგეგმება. პირველი მოსმენა გაიმართა დღეს, პირველ ივლისს. სავარაუდოა, რომ კანონპროექტი კანონად ხვალვე დამტკიცდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული იცნების” შემდეგი დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი