ახალი ამბები

სავარაუდოდ, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს არ დაარეგისტრირებს – ვაშაძე

16 სექტემბერი, 2022 • 919
სავარაუდოდ, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს არ დაარეგისტრირებს – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს არ დაარეგისტრირებს.

თუმცა, ვაშაძის თქმით, ოპოზიცია გაასაჯაროებს და საერთო დისკუსიებს დაიწყებს იმ პრინციპებზე, რაც დეოლიგარქიზაციას  უნდა ედოს სამართლებრივ საფუძვლად.

ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ თეთრი კვამლი ამოვიდა ამ შენობის თავზე. შევჯერდით. სამშაბათს გამოვაქვეყნებთ სამოქალაქო სექტორთან შეჯერებულ დოკუმენტს, რაც არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ჩვენ ყველა ვართ საერთო პოზიციაზე, რაც შეიძლება სწრაფად გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან იმისთვის, რომ მინიმუმზე მინიმუმი პაკეტი დადებულიყო, რისი შესრულებაც დეკემბრამდე არის შესაძლებელი. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენ მძიმე დისკუსია გვქონდა, მაგრამ გავიზიარეთ სამოქალაქო სექტორის პოზიცია და, სავარაუდოდ, კანონპროექტი არ დარეგისტირდება ჩვენი მხრიდან პარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 12-პუნქტიან პირობაში, რომელიც წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში უკვე შექმნა „დეოლიგარქიზაციის“ სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი.

„ოცნების“ მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება- არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, რომელიც ამავე დროს „დეოლიგარქიზაციის“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, აცხადებს, რომ უკრაინულ კანონს ქართულ შესაბამისობას მოარგებენ.

„დეოლიგარქიზაციის“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი იდეალური მოცემულობა არ არის, თუმცა ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად სამუშაო ჯგუფი კანონპროექტს მის მიხედვით მოამზადებს.

ამასთან, ოხანაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკრაინული კანონის პრინციპებით ოლიგარქის „პარამეტრებში არ ჯდება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი