„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევის ერთ-ერთ კითხვაზე, თუ ვისი ბრალია უკრაინაშ ომი, გამოკითხულთა დიდი ნაწილი კვლავ რუსეთს მიიჩნევს, თუმცა გაზრდილია იმათი რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ომის დაწყება უკრაინისა და აშშ-ის ბრალია.

კითხვაზე რესპოდენტებს სამი პასუხის დაფიქსირება შეეძლოთ.

მარტის თვეში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც ომში რუსეთს ადანაშაულებდა, 67 პროცენტიდან 9 პროცენტით შემცირდა, თუმცა 11 პროცენტიდან 18 პროცენტამდე გაიზარდა გამოკითხულთა რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ომის დაწყებაში დამნაშავე ვლადიმერ პუტინია.

ომის დაწყებაში ამერიკის შეერთებული შტატებს ადანაშაულებს გამოკითხულთა 15 პროცენტი, ხოლო უკრაინას — 11 პროცენტი.

შედარებისთვის, მარტის თვეში უკრაინას ადანაშაულებდა მხოლოდ 5 პროცენტი, ხოლო აშშ-ს — 9 პროცენტი.

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.