ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს.
პარლამენტის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა 41%.
რაც შეეხება მთავრობის საქმიანობის შეფასებას, მოსახლეობის ნახევარი(51%) მის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 41% კარგად. ამასთან, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უარყოფითად 35% აფასებს, ხოლო დადებითად 28%.
მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი.
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. კერძოდ, გამოკითხულთა 40% პრეზიდენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, ხოლო დადებითად -22%.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.