ახალი ამბები

განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 772 პირი დააკავეს – შსს

15 სექტემბერი, 2022 • 1298
განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 772 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 10 თვეში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის განმეორებით მართვის გამო 772 პირი ადმინისტრაციული წესით დააპატიმრეს.

ამის შესახებ მან დღეს, 15 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„გასულ წელს 116-ე მუხლში შევიდა ცვლილებები და ნოემბრიდან დღემდე 772 პირის მიმართ იქნა გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა. მინიმალური ვადა, რასაც სასამართლო იყენებს, არის 5-დღიანი პატიმრობა, საშუალოდ 10-დღიან პატიმრობას იყენებენ ხოლმე სასამართლოები და ჩვენ მნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ შემცირდა ასეთი შემთხვევების რაოდენობა და მას აქვს გარკვეული პრევენციული ეფექტი“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.


გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 1 წლით მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს.

მართვის უფლების შეჩერების პერიოდში კი სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

მასალების გადაბეჭდვის წესი