ახალი ამბები

ნასვამი მძღოლებისთვის სანქციები მკაცრდება

7 სექტემბერი, 2021 • 4793
ნასვამი მძღოლებისთვის სანქციები მკაცრდება

პარლამენტმა 84 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციები მკაცრდება.

კანონპროექტის ინიციატორები “მოქალაქეები” არიან.

კანონპროექტის თანახმად:

  • სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.
  • მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.
  • მართვის უფლების შეჩერების პერიოდში,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.
  • სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა.
  • მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვასას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება დაჯარიმდება 3000 ლარით, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდისა.
  • ახალი რედაქციით ყალიბდება ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექისს 116-ე მუხლის 42-ე ნაწილი და ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება,ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ამავე მუხლის, 43-ე ნაწილის ცვლილების თანახმად კი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმისა, 1500 ლარის ოდენობით.
    ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 51-ე ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
  • მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი