ახალი ამბებირეკლამა

უნივერსიტეტის მესამე მისია – შეხვედრა თბილისის საკრებულოში

15 სექტემბერი, 2022 • 801
უნივერსიტეტის მესამე მისია – შეხვედრა თბილისის საკრებულოში

უნივერსიტეტების მესამე მისიის პროექტის კონსორციუმის წევრები, რომელშიც  8 ქართულ უნივერსიტეტი, განათლების ხარისხის ცენტრი, განათლების სამინისტრო და 4 ევროპული პარტნიორია გაერთიანებული, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ. 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპული გაერთიანება მენეჯმენტის განვითარებისთვის EFMD (ბრიუსელი, ბელგია), ტურკუს უნივერსიტეტის (ტურკუ, ფინეთი) წარმომადგენლები შეხვდნენ თბილისის მერის მოადგილეს ანდრია ბასილაიას, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს კახა ლაბუჩიძეს, კომისიის წევრს ნინო რუხაძეს, თბილისის მერიისა და თვითმმართველობის წევრებს. 

შეხვედრის მიზანი იყო  სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის  ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზები ძიება, რომელშიც ჩაერთვებიან ევროპელი პარტნიორები საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილებით. 

შეხვედრის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ: ,,რვა ქართული უნივერსიტეტი მონაწილეობს ამ პროექტში უცხოელ პარტნიორებთან ერთად ფინეთიდან, პორტუგალიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან. პროექტი გულისხმობს თანამშრომლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან როგორც ეკონომიკურ განვითარებაში, ისე გარემოს დაცვის  თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ  გაძლიერდეს უნივერსიტეტის მესამე მისია. ის პოზიტიური მაგალითები, რომელიც აქვთ ჩვენს უცხოელ კოლეგებს დაგვეხმარება ჩვენც და ჩვენს პარტნიორებს მერიასა  და  საკრებულოში. მნიშვნელოვანია, რომ  მჭიდრო იყოს თანამშრომლობა და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული, ერთის მხრივ, ინტელექტუალური და, მეორე მხრივ, ფინანსური რესურსები. ეს ყოველივე ერთად  შეიძლება ძალიან კარგად მოვახმაროთ იმას, რომ თბილისი გახდეს უკეთესი ქალაქი.“

შეხვედრაზე თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა გრძელიძემ პროექტის პრეზენტაცია გააკეთა, წარმოადგინა საერთაშორისო მაგალითები და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და შედეგებს. 

EFMD – ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა, დოქტორმა კრისტოფ ტერასმა ისაუბრა ამ მისიისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობებზე:

,,ჩვენი მიზანია მესამე მისიის გაძლიერებასა და განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. დავრწმუნდეთ, რომ უნივერსიტეტებს საშუალება აქვთ ითანამშრომლონ მუნიციპალიტეტებთან და ადგილობრივ  ორგანოებთან.

საბოლოოდ კი ამ მისიამ სარგებელი უნდა მოუტანოს აღნიშნული ქვეყნების სოციალურ სისტემას, უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორებს, ადგილობრივ ორგანოებს და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელების ეტაპზე ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწევთ.“

 პროეტის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა თბილისის საკრებულოს წევრმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო რუხაძემ:

,,შეხვედრაზე დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივები თბილისის მუნიციპალიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ ამ შეხვედრით საფუძველი ჩაეყრება სისტემური ხასიათის თანამშრომლობას. რასაც დიდი  ღირებულების მოტანა შეუძლია ქალაქისთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს, რომ გამოვკვეთოთ რაც შეიძლება მეტი სფერო, სადაც შეიძლება ეს თანამშრომლობა იყოს ორმხრივად ნაყოფიერი.“

ევროკომისიის დაფინანსება Erasmus + ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) პროექტისთვისმესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებშითსუ მოიპოვა და აღინიშნა, რომ მისი განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის. პროექტი წარმატებულად ხორციელდება თსუ-ის კოორდინატორობით. უნივერსიტეტის მესამე მისია გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას.

პროექტის შედეგად, როგორც პროექტის მონაწილე, ისე საქართველოს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გააძლიერებენ უნივერსიტეტების მესამე მისიას, რაც, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს საქართველოს მდგრად სოციალურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში. უნივერსიტეტების მესამე მისიის პროექტის კონსორციუმში 8 ქართულ უნივერსიტეტი, განათლების ხარისხის ცენტრი, განათლების სამინისტრო და 4 ევროპული პარტნიორია გაერთიანებული. უნივერსიტეტები მესამე მისიის სტრატეგიის წერის პროცესში არიან და დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა ამ პროცესის ნაწილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი