ახალი ამბები

„პასუხის უფლება“ – „ოცნების“ ახალი კანონპროექტი მედიის რეგულირებაზე

13 სექტემბერი, 2022 • 1433
„პასუხის უფლება“ – „ოცნების“ ახალი კანონპროექტი მედიის რეგულირებაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მაუწყებლობის შესახებ კანონს ცვლის – სხვა ცვლილებებთან ერთად, მედიის მუშაობის ის ასპექტი, რაც ახლა თვითრეგულირების ნაწილია, რეგულირების სფეროში ექცევა.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს მაუწყებლობის შესახებ კანონში „პასუხის უფლების“ ცნების გაჩენას.

„პასუხის უფლება“

ცვლილებებით, „დაინტერესებულ პირს, ვისი კანონიერი ინტერესებიც შეილახა მაუწყებლის პროგრამაში არასწორი ფაქტების გადაცემით, აქვს პასუხის უფლება“.

კანონპროექტი დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, „მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა“ ამ ფაქტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში.

საჩივარი კომისიაში და სასამართლოში

თუკი საკითხი მაუწყებლის დონეზე ვერ გადაწყდა, „მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორებაზე ან უარყოფაზე მაუწყებლის უარი შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში ან სასამართლოში“.

რა წესები მოქმედებს ახლა?

ამჟამად მედია მეტწილად დერეგულირებულია და კანონმდებლობა იცავს გამოხატვის თავისუფლების მაღალ ხარისხს.

თუკი დაინტერესებული პირი ჩათვლის, რომ მაუწყებელმა მცდარი ფაქტი გადასცა, შეუძლია, ეს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში გაასაჩივროს, შემდეგ კი, ამავე თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოში. პროცესი აქ სრულდება.

თუკი საქმე ეხება ცილისწამებას, – ესე იგი, „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და პირისთვის ზიანის მიმყენებელ, მისი სახელის გამტეხ განცხადებას“, – პირს უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და სამოქალაქო დავა აწარმოოს მედიის წინააღმდეგ.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ცვლილებები აუცილებელი გახდა ევროდირექტივის (2010/13/EU) მე-9 თავის შესაბამისად, რაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია.

„ევროდირექტივის ვალდებულებაა“

ევროპარლამენტისა და საბჭოს ამ დირექტივაში, რომელიც „აუდიოვიზუალური მედიის მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“ წევრი სახელმწიფოების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული  დებულებების კოორდინაციას ეხება, წერია:

„სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ მიღებული სხვა დებულებებისათვის ზიანის გარეშე, ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მისი ეროვნების მიუხედავად, რომლის კანონიერი ინტერესები, კერძოდ, რეპუტაცია და სახელი, შელახულ იქნა  სატელევიზიო პროგრამებში დამახინჯებული ფაქტების მტკიცების შედეგად, უნდა გააჩნდეს შეპასუხების [„პასუხის“] უფლება ან გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის ეკვივალენტური საშუალებები.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შეპასუხების უფლება ან სამართლებრივი დაცვის ეკვივალენტური საშუალება არ აფერხებდეს დაუსაბუთებელი ტერმინების ან პირობების შეტანას.  დასაბუთებული შეპასუხება უნდა იქნას გადაცემული გონივრულ ვადაში, შესაბამის დროში და შესაბამის ფორმაში, ისევე როგორც განცხადების შემცველი პროგრამა“ (თავი IX, მუხლი 28.1).

მსგავსი შემთხვევები

კომუნიკაციების კომისიას 2018 წლის ბოლოდან პარლამენტში წარდგენილი ჰქონდა კანონპროექტი, რომელიც ასევე, – თუმცა ოდნავ განსხვავებულად, – ითვალისწინებდა თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას კომუნიკაციების კომისიაში, შემდეგ კი- სასამართლოში.

აღნიშნულ ინიციატივას მაუწყებლებისგან და მედიის უფლებების დამცველებისგან ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, ასევე, კითხვები „ცენზურაზე“, – რის შემდეგაც ამ ცვლილებებს მსვლელობა არ მისცემია.

კანონპროექტის ავტორები ახლა წერენ, რომ დასახელებულ დირექტივასთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა არის „ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“ და ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის წინაპირობა.

„თუ საქართველო 2022 წლის 30 სექტემბრისთვის ევროკომისიას არ წარუდგენს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ეროვნულ ანგარიშს, შესაძლებელია შეწყდეს „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის და ინტერსექტორულ მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობა.

შესაბამისად, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ევროკავშირში საქართველოს სამართლებრივ ინტეგრაციასთან ერთად, 2010/13/EU ევროდირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დროული ჰარმონიზაცია 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის წინაპირობაც არის“, – წერია განმარტებით ბარათში.

წარსულში, როდესაც საქმე ეხებოდა თვითრეგულირების საკითხების რეგულირების სფეროში გადატანას, მედიის უფლებადამცველების პოზიცია ცალსახა იყო და აცხადებდნენ, რომ ეს დაუშვებელია. მაგალითად, „კომუნიკაციების კომისიის“ ზემოხსენებულ კანონპროექტზე „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებდა:

„შემოთავაზებული ცვლილებებით, მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, რის შედეგადაც შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. კოალიციის შეფასებით, ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებლის თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს“.

მედიის უფლებადამცველები ხშირად მიუთითებენ, რომ  ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული აქტორები დროდადრო ცდილობენ ხოლმე მედიის უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას.

მაგალითად, 2021 წლის 4 ნოემბერს პარლამენტს მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ („უცნობმა“) და სთხოვა, შეემუშავებინათ ცვლილებები მაუწყებლობის კანონში, რათა „ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება გამოირიცხოს“.

კანონპროექტის ავტორები

კანონპროექტის ავტორებიც და ინიციატორებიც, პარლამენტის ვებგვერდის თანახმად, არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები:

  • დავით სონღულაშვილი,
  • ეკა სეფაშვილი,
  • ბეჟან წაქაძე,
  • ისკო დასენი,
  • გელა სამხარაული,
  • ლევან მგალობლიშვილი,
  • გიორგი ამილახვარი,
  • ბაია კვიციანი,
  • ირაკლი მეზურნიშვილი,
  • ქეთევან დუმბაძე,
  • ბექა ოდიშარია;

წამყვანი კომიტეტი ამ საკითხზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. საკითხის საკომიტეტო მოსმენა 16 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ვრცლად ამ საკითხზე წინა დისკუსიებიდან გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი