ახალი ამბები

თვითრეგულირების საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია – მედიაკოალიცია

14 ივნისი, 2019 • 1735
თვითრეგულირების საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია – მედიაკოალიცია

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინადადება “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით, მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. კოალიციის შეფასებით, ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებლის თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით, სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია ხაზს უსვამს, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება და თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები – სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

კოალიცია მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩათვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა.

კოალიციის თქმით, მისასალმებელია, რომ კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა, კანონპროექტით, პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. რაც შეეხება აუდიოვიზუალური მედიადირექტივას, რომელსაც იმპლემენტაციის თაობაზე ევდირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს საკითხი, გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელად გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი და დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას.

“მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია
  • თბილისი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ამავე თემაზე:

საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს – კობახიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი