რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუსეთის და ლიეტუვის მოქალაქე ტურისტები, კონფლიქტის შემდეგ, დანიშნულების ადგილის ნაცვლად გომბორის უღელტეხილზე მიიყვანა და იქ დატოვა.
ამირან ბოკუჩავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა და წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 143-3-გ მუხლით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ორი ან მეტი პირის მიმართ. ამირან ბოკუჩავას ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ კონფლიქტი დაიწყო იმის გამო, რომ ტურისტებმა მძღოლს რუსულად საუბარი და უკრაინული სიმღერის გამორთვა მოსთხოვეს, პროკურატურა კი ადვოკატს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.
„2022 წლის 11 აპრილს, ღამის საათებში, რუსეთის ფედერაციიდან ჩამოფრინდა რუსეთის მოქალაქე, ხოლო მისი მეგობარი ლიეტუვის მოქალაქე — ლიეტუვადან. ისინი საქართველოში უნდა შეხვედროდნენ და ერთად დაესვენათ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ორივენი იყვნენ რუსულენოვანები. სასამართლოში თარჯიმანის მეშვეობით დაკითხვის დროს საუბრობდნენ რუსულად. მათ უთხრეს, რომ უნდა წაეყვანათ სასტუმროში, ძველ თბილისში. ისინი საუბრობდნენ რუსულად, მძღოლი კი პასუხობდა ინგლისურად. ბრალდებული განმარტავდა, რომ ჯერ თანხაზე შეთანხმებული არ იყვნენ, ამან ჩასხდომისთანავე მგზავრების გაღიზიანება გამოიწვია და უთხრეს, რომ რუსულად ეპასუხა. ამირან ბოკუჩავამ არაფერი უპასუხა და გააგრძელა ინგლისურად საუბარი. მანქანა რომ დაქოქა, ავტომატურად ჩაირთო უკრაინული სიმღერა. ისედაც აპირებდა უკრაინული სიმღერის ჩართვას. მგზავრებმა მოსთხოვეს უკრაინული სიმღერის გათიშვა და მათ შორის დაიწყო სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინას საკითხებზე, აფხაზეთის საკითხზე“, — ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი.
მისი თქმით, მგზავრებმა რამდენჯერმე მძღოლი მოიხსენიეს რუსულად არა მისაღებ ენაზე, რის შემდეგაც ამირან ბოკუჩავამ გადაწყვიტა, რომ „მოეტყუებინა და წაეყვანა არა სასტუმროს მიმართულებით, არამედ გომბორის მიმართულებით“.
„გომბორის ხიდზე მიიყვანა და უთხრა, გადასულიყვნენ ავტომობილიდან და ფეხით წასულიყვნენ თბილისში. ისინი არ გადადიოდნენ. ამირანმა ბარგი გადმოულაგა, საბოლოოდ გადმოვიდნენ, ხოლო ტაქსის მძღოლი წამოვიდა სახლში“, — ამბობს ჩომახაშვილი.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე დავკავებულს ადანაშაულებდა ეროვნული ნიშნით თავისუფლების აღკვეთაში და ამტკიცებდა, რომ რუსებისთვის, რუსულად მოსაუბრე ადამიანებისთვის თუნდაც უკრაინული სიმღერის განზრახ ჩართვა ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა.
„ბევრი ნიუანსი იყო — მგზავრები ამბობდნენ, რომ ვერ პოულობდნენ უკანა კარის გასაღებს. ექსპერტიზით არ დასტურდება, რომ შემხებლობაში იყვნენ უკანა კარის გასაღებთან, ამირან ბოკუჩავამ თვითონ გაუღო კარი. თავდაპირველად სასამართლოზე დაცვის მხარის ადვოკატების გარეშე დაიკითხნენ მგზავრები, რადგან ამბობდნენ, რომ ეშინოდათ დაცვის მხარის. მათივე მოწმემ დაადასტურა რომ მეორე-მესამე დღეს დადიოდნენ რესტორნებში, არავისი ეშინოდათ და არც მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა მოუთხოვიათ. საბოლოოდ ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს ბრალდების პოზიცია“, — განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.
საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამ. უწყების განცხადებით, ბრალდებულის ადვოკატების მიერ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვის გამო მიმდინარეობდა, სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა.
„2022 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 04:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიეტუვის და რუსეთის მოქალაქეებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ მყოფი, კომპანია „იანდექსის“ აპლიკაციით გამოძახებული ტაქსით, თბილისში მშრალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ერთ-ერთ სასტუმრომდე იმგზავრეს, სადაც ბრალდებულმა მათ მგზავრობის საფასურად 195 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაც რამდენჯერმე აღემატებოდა აპლიკაციაში მითითებულ მგზავრობის ღირებულებას — 23 ლარს. აღნიშნულის გამო, მგზავრები და ტაქსის მძღოლი შეკამათდნენ, რა დროსაც მგზავრებმა ბრალდებულს ახლომდებარე პოლიციის დაწესებულებაში მისვლა და თანხის ანაზღაურების საკითხის კანონიერად გადაწყვეტა შესთავაზეს. ხსენებულით განაწყენებულმა ბრალდებულმა დაძრა ავტომანქანა და გაემართა უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და დაზარალებულები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, მანქანის გაუჩერებლად, ჩაკეტილი კარებით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით, დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ვაზიანიდან კახეთის მიმართულებით მოძრაობისას მგზავრებმა ისარგებლეს მომენტით და გადახტნენ წამიერად შეჩერებული ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულმა სცადა არ მიეცა დაზარალებულებისთვის ამის საშუალება და კვლავ დაძრა ავტომანქანა, რის გამოც ერთ-ერთი მგზავრი გადმოვარდა ავტომანქანიდან და სახისა და კიდურების არეში მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების მხარის ცნობით, ავტომანქანიდან მგზავრების გადახტომისა და გაქცევის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, მან გააჩერა ავტომანქანა და მგზავრების ბარგი გზაზე გადაყარა.
პროკურატურის ინფორმაციით, გადმოხტომით მოძალადისგან თავის დაღწევის შემდეგ დაზარალებულები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მომხდარის შესახებ შეატყობინეს ლიეტუვის მოქალაქე ნაცნობს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე დაზარალებულთა დასახმარებლად მივიდნენ.
2022 წლის 13 აპრილს, ტაქსის მძღოლს ბრალდება სსკ-ის 143-3-გ მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
„აქვე ვაცხადებთ, რომ ადვოკატის მხრიდან მსგავსი სიცრუის ტირაჟირება არღვევს ეთიკის ნორმებს. მოვუწოდებთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ საზოგადოებისთვის სენსიტიური თემების გამოყენებით ყალბი ამბების შექმნისგან და გავრცელებისგან“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.