პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებით რატომ არის სავალდებულო, რომ პარლამენტს სახალხო დამცველის მინიმუმ 7 კანდიდატურა წარედგინოს.
ამის შესახებ პაპუაშვილმა დღეს, 8 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს „ოცნების“ მიერ შეთავაზებული ცვლილებების ამ პუნქტთან შეკითხვები ჰქონდათ.
„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, 7 კანდიდატის დასახელების რეალური მიზანი ისაა, რომ ოპოზიციამ ერთ კანდიდატზე შეჯერებაზე არავითარ შემთხვევაში არც კი იფიქროს.
„ოპოზიციამ მინიმუმ შვიდი კანდიდატი დაასახელოს იმისთვის, რომ შემდეგ ჩვენ იქიდან რომელიმე ერთის ამორჩევა გაგვიადვილდეს, რომელიც მოგვეწონებაო. აი, ეს არის ამ ყველაფრის არსი და არანაირი პლურალიზმი და არანაირი ზრუნვა პარიზის კონვენციაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
უსუფაშვილის პასუხად კი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეჯერების შესაძლებლობას მართლაც უზღუდავს. პაპუაშვილის თქმით, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ოპოზიციამ უმრავლესობა გვირაბში მოაქციოს და მათთვის არასუსასურველ კანდიდატზე დათანხმება აიძულოს.
„არ არის ეს ასე. ჩემი ნეგატიური პოზიცია არაერთხელ მითქვამს კვალიფიციურ უმრავლესობასთან დაკავშირებით, რომ რეალობაში ეს კვალიფიციური უმრავლესობა არის არა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თანაბრად მისაღები კანდიდატები იქნეს შერჩეული, არამედ, პრაქტიკაში ამას მივყავართ იქამდე, რომ უმრავლესობა იძულებული გახადოს დაეთანხმოს უმცირესობის კანდიდატს.
ჩვენ ვთქვით, რომ უარს ამბობს უმრავლესობა თავისი კანდიდატის დასახელებაზე ამის საპირისპიროდ, არ გვინდა მივცეთ უმცირესობას იმის შესაძლებლობა, რომ მან გვირაბში მოაქციოს უმრავლესობა, საიდანაც ერთი გამოსავალია, მათ შორის ზეგავლენა მოახდინოს პარლამენტში სხვა წევრებზე. მრავალფეროვნება ხომ არის ღირებულება და როდესაც ოპოზიცია არჩევს კანდიდატს ,ეს აღარ არის ღირებულენა?
ამიტომაც, მინიმუმ 7 კანდიდატი, რადგან უმრავლესობას ჰქონდეს არჩევანი და საბოლოო ჯამში ეს იყოს თანაბრად მისაღები. ეს არ უნდა იყოს ოპოზიციის და უმცირესობისთვის მისაღები კანდიდატი, რომელზეც შემდეგ ის უმრავლესობას დაითანხმებს. ეს არის ანტიდემოკრატიულია. გამოდის, რომ უმცირესობა თავს ახვევს თავის აზრს უმრავლესობას. ამიტომ მრავალფეროვნება კარგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სახალხო დამცველის ახალ წესს, რომელიც 31 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. თუმცა კანდიდატურის თავად დასახელებაზე „ოცნებამ“ უარი თქვა.
მათ მიერ მომზადებული ცვლილებებით, კი პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურ სუბიექტებმა საბოლოოდ მინიმუმ 7 კანდიდატი უნდა წარადგინოს. თუკი ასე არ მოხდება, მაშინ ომბუდსმენის შერჩევის პროცესი თავიდან დაიწყება.
„ოცნების“ მიერ სახალხო დამცველის წესის არჩევის ცვლილებას ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა.
მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. ევროკავშირის მოთხოვნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე, სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს სახალხო დამცველის ნომინირებისას უპირატესობის მინიჭებას დამოუკიდებელი პირისათვის, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვასა და აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
პარლამენტმა სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ანუ 90 ხმით უნდა აირჩიოს. დღეს პარლამენტში კი 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად საჭიროა როგორც „ოცნების“, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრების ხმები.