ახალი ამბები

რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს — ტამარა ეიდელმანი

8 სექტემბერი, 2022 •
რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს — ტამარა ეიდელმანი

რუსი ჟურნალისტი დმიტრი ალეშკოვსკი საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტის დედა, ისტორიკოსი ტამარა ეიდელმანი სოციალურ ქსელში წერს.

ეიდელმანის ცნობით, 2 დღის წინ შვილთან ერთად ერევანში გაემგზავრა, სადაც ისტორიკოსს ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ამის შემდეგ ტამარა ეიდელმანი ერევნიდან სტამბოლში გაფრინდა, დმიტრი ალეშკოვსკი კი — თბილისში გაემგზავრა თვითმფრინავით.

“საზღვარზე შეაყოვნეს, რის შემდეგაც თვითმფრინავში ჩასვეს და უკან, ერევანში გააბრუნეს”.

“საოცარია, რომ მთელი ეს სირცხვილი ხდება აეროპორტის დარბაზში, სადაც უზარმაზარი ელექტრონული წარწერა ანათებს: “Be Brave, Like Ukraine” (იყავი ისეთივე მამაცი, როგორც უკრაინა რედ.)

აი, რას გულისხმობენ საქართველოს ხელისუფალნი “მამაცში”. ასე ელაქუცებიან პუტინს, რომელსაც მათი მიწის ნაწილი აქვს მიტაცებული. ” — წერს ისტორიკოსი “ფეისბუკზე”.

ტამარა ეიდელმანის თქმით, მის შვილს თბილისში ცოლ-შვილი ელოდება.

“ერთხელ მიტიამ სცადა, დაეთვალა საქართველოში შემოსვლისას მის პასპორტში ჩარტყმული ბეჭდების რაოდენობა — ასამდე იყო, მაგრამ ამის შემდეგ თვლა აერია”, — წერს ეიდელმანი, მიანიშნებს რა იმაზე, რომ ალეშკოვსკი საქართველოში მრავალჯერ არის ნამყოფი.

თუმცა, ისტორიკოსის თანახმად, ბოლო 6 თვეში, როცა თავად ან მისი შვილი საქართველოს საზღვარს კვეთდა, დიდი ხნით აყოვნებდნენ საზღვარზე ისე, რომ მიზეზს არ უხსნიდნენ:

“ერთხელ 2.5 საათი ვიცადე მანამ, სანამ ვიღაც სადღაც ჩემს პასპორტს სწავლობდა, შემდეგ კი, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოვიდნენ და მითხრეს: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში!”

შემდეგ პროცესი დახვეწეს: პასპორტისთვის ფოტოს გადაღება და WhatsApp-ის მეშვეობით მისი სადღაც გაგზავნა დაიწყეს. ძალიან სასაცილოა, რომ ისინი ასეთ, ერთგვარ ნებართვას ელოდნენ მაშინაც, როცა საქართველოდან გავდიოდით”.

დიმიტრი ალეშკოვსკი ჟურნალისტი, მედიამენეჯერი და ქველმოქმედია. ალეშკოვსკი საქველმოქმედო ფონდის “Нужна помощь” თანადამფუძნებელია. მან ასევე დააფუძნა ინტერნეტ გამოცემა “Такие дела”, რომელიც სოციალურ საკითხებზე ორიენტირდება.

“რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში ალეშკოვსკიმ რუსეთი დატოვა, ივლისში კი ის რუსეთის ხელისუფლებამ “უცხოეთის აგენტად” გამოაცხადა.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, არაერთმა რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა მოაშურა. არაერთ მათგანს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

გასული წლის ივლისში ქვეყანაში “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი ილია აზარი არ შემოუშვეს, ოქტომბერში კი ალექსეი ნავალნის გუნდის წევრმა, ლიუბოვ სობოლმა თქვა, რომ ისიც გააბრუნეს საქართველოს საზღვრიდან.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ვერც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი შემოვიდა, ომის დაწყების შემდეგ კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ოპოზიციური ტელეარხის “დოჟდის” წამყვანმა მიხაილ ფიშმანმა და “მედიაზონას” ჟურნალისტმა დევიდ ფრენკელმა აცნობეს საზოგადოებას.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებოდნენ რუსეთის მოქალაქე ბლოგერს, ინსა ოგუზსაც. 2-კვირიანი ლოდინის შემდეგ, ის ლიეტუვაში გაემგზავრა.

13 ივლისს, რუსმა კომიკოსმა, გარიკ ოგანისიანმა თქვა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, ივლისის ბოლოს კი ანალოგიურ გამოცდილებაზე ჟურნალისტმა ალექსეი რომანოვმა ისაუბრა და თქვა, რომ არშემოშვება კავშირში იყო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე მის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებთან.

ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაში, გასულ კვირას, რუსმა ფოტოჟურნალისტმა ვასილი კრესტიანინოვმა განაცხადა, რომ უკანასკნელ 2 თვეში ის უკვე მეორედ არ შემოუშვეს ქვეყანაში. კრესტიანონოვი საქართველოში 2021 წლიდან ცხოვრობდა და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ თბილისში გამართულ არაერთ ღონისძიებას ესწრებოდა/აშუქებდა.

ფოტოჟურნალისტი თავის საქმიანობას უკავშირებს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმას.

მეორე მხრივ, აგვისტოს ბოლოს განცხადება გაავრცელა რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულომ ტრაპიზონში, რომლის თანახმადაც გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში არ უშვებენ თურქეთიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეებს. მათ შორის, საკონსულოს ცნობით, ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს.

რუსი ფოტოჟურნალისტის თქმით, საქართველოში მეორედ არ შემოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი