რუსეთის ფედერაციის გენერალური საკონსულო ტრაპიზონში აცხადებს, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში არ უშვებენ თურქეთიდან მომავალ რუსეთის მოქალაქეებს. მათ შორის, საკონსულოს ცნობით, ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ რუსეთის მოქალაქეობის მქონე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს.
გენერალური საკონსულოს განცხადებით, მიმდინარე წლის აგვისტოში თითქმის ყოველდღე ფიქსირდება რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შემთხვევები:
“ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს თურქეთ-საქართველოს საავტომობილო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემოსვლის შესახებ უარი უთხრეს.
როგორც წესი, ქართველი მესაზღვრეების უარი არაფრითაა დასაბუთებული და უარის მიზეზები განმარტებული არ არის.
საქართველოს ტერიტორიაზე არდაშვებულ რუსეთის მოქალაქეებს შორის არიან – ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის, ყირიმის რესპუბლიკის, დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლები, ვისაც ასევე აქვს რუსეთის მოქალაქეობა”, – წერს რუსეთის საკონსულო ტრაბზონში.
საკონსულო ასევე აცხადებს, რომ საქართველოში არ უშვებენ ასევე რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სხვა პირებსაც, რომლებიც საქართველოში თურქეთის საავტომობილო გამშვები პუნქტიდან ცდილობენ შემოსვლას.
საკონსულო რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული ფაქტი გაითვალისწინონ.
ინფორმაციის დასაზუსტებლად ნეტგაზეთი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.