ახალი ამბები

საქმეები მართლმსაჯულების ხარვეზებით: ომბუდსმენის ანგარიში

1 აპრილი, 2021 • 1041
საქმეები მართლმსაჯულების ხარვეზებით: ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის აპარატი თავის ანგარიშში მიმოიხილავს საქმეებს, რომელთა შემთხვევაშიც, მისი შეფასებით, მართლმსაჯულების პროცესი არსებითი ხარვეზებით მიმდინარეობდა ან ახლა მიმდინარეობს. ამ კონტექსტში ნინო ლომჯარიას უწყება ახსენებს ნიკა მელიას, გიორგი რურუას, ლაშა თორდიას, გიგი უგულავასა და კარტოგრაფების საქმეებს.

გიორგი რურუას საქმე

სახალხო დამცველი განიხილავს 2020 წლის 3 იანვარს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას გიორგი რურუას მონაწილეობით, რომელსაც არ დაასწრეს ბრალდებულის ადვოკატი. ომბუდსმენის თქმით, ამ შემთხვევაში ბრალდებულ რურუას დაერღვა კონსტიტუციით მინიჭებული დაცვის უფლების გარანტია”.

ამ ფაქტის შესწავლის მიზნით, 2020 წლის 13 აპრილს ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალდებულ გიორგი რურუას უფლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, გამომძიებელთა მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე თვის განმავლობაში პროკურატურა და შსს ერთმანეთთან აგზავნიდნენ ამ საქმეს და საკითხს გაუმართლებლად აჭიანურებდნენ.

ბოლოს, 2020 წლის 16 ნოემბერს, შსს-ს გენერალური ინსპექციიდან ლომჯარიას აპარატს აცნობეს, რომ “მოხდა გასაუბრება შესაბამის პირებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ გიორგი რურუასთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ და საგამოძიებო მოქმედების დროს გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. შედეგად, დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დადასტურდა”.

“თუმცა, ამავე წერილის თანახმად, ადვოკატის დაუსწრებლად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლების ქმედებების კანონიერება გენერალურ ინსპექციას არ შეუსწავლია”, — ნათქვამია ანგარიშში.

აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს, რომ შსს-მ მაინც არ შეისწავლა საკითხი, თუ რამდენად კანონიერად არ დაასწრეს რურუას ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებას.

ნიკა მელიას საქმე

სახალხო დამცველი აფასებს პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების თავდაპირველად, 2019 წლის 12 დეკემბერს, შეწყვეტის ფაქტს. ამის მიზეზი იყო მელიასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. ქართუს საქმეზე, სადაც მელია დამნაშავედ ცნეს და სანქციად ფულადი ჯარიმა, ასევე, თანამდებობრივი შეზღუდვა დაუწესეს.

აღნიშნულის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა. სასამართლოს თავისი მოსაზრება სახალხო დამცველმაც წარუდგინა.

“სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას სარჩელზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა და განმარტა, რომ რაკი განაჩენი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო, სასჯელი გასაჩივრების პროცედურების დასრულებისა და ბოლო ინსტანციის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო”, — წერს ომბუდსმენი.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა ლომჯარიას აპარატის მოსაზრება და გასული წლის თებერვალში დაასკვნა, რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევა კონსტიტუციური იყო.

“საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, საზოგადოებაში უნდა არსებობდეს აღქმა, რომ პარლამენტის საქმიანობა და კანონშემოქმედებითი პროცესი თავისუფალია შიდა და გარე ჩარევების, ვიწროდ პირადი ინტერესებისა და უკანონო ზემოქმედებისაგან, ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელი იქნება მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი პირი კვლავ განაგრძობს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას”, — ამბობდა საკონსტიტუციო.

სასამართლო ასევე დასძენდა, რომ “იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა დაუკავშირდება გასაჩივრების უფლების ამოწურვას, შეუძლებელი იქნება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის აღსრულება მაშინაც კი, თუ პარლამენტის წევრს სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა”.

სახალხო დამცველის შეფასებით, საკონსტიტუციომ ეს გადაწყვეტილება მიიღო საპროცესო კოდექსის ანალიზის მიღმა. ანგარიშის მიხედვით, სასამართლომ მხოლოდ რეპუტაციულ და მორალურ არგუმენტებზე მსჯელობით დაასკვნა, რომ დეპუტატის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დანიშნული სასჯელის სახეს და ის დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.

გიგი უგულავას საქმე

2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი გიორგი უგულავასა და სხვათა ბრალდების საქმეზე, რის შემდეგაც მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები გადაკვალიფიცირდა და მათთვის დანიშნული სასჯელები დამძიმდა.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ ხსენებული საკასაციო საჩივრის განმხილველი პალატის შემადგენლობაში შედიოდა შალვა თადუმაძე, რომელიც გენერალური პროკურორი იყო 2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე. ეს კი ის პერიოდია, როდესაც ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი პროკურატურამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

სახალხო დამცველს ეს ფაქტი პრობლემურად მიაჩნია.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მოსამართლის პირადი დამოკიდებულება და ქცევა საზოგადოებაში მისი მიუკერძოებლობის განცდას უნდა წარმოშობდეს. მოსამართლემ, რომლის მიკერძოებულობის მიმართაც აშკარა ეჭვი ჩნდება, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.

ევროპულ სასამართლოს უკვე აქვს დადგენილი დარღვევა ისეთ საქმეში, სადაც პირი ერთი მხარის წინააღმდეგ ორ საქმეში მონაწილეობდა – პირველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი იყო, ხოლო მოგვიანებით სხვა საქმეში იმავე პირის მიმართ მოსამართლის ფუნქციები შეითავსა.

ნათელია, რომ საქმის განხილვის დროს მოქმედი გენერალური პროკურორის მიერ იმავე საქმის მოსამართლის ამპლუაში განხილვა სამართლიანად აჩენს ეჭვებს მისი ობიექტურობის შესახებ”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

“კარტოგრაფების საქმე”

ომბუდსმენის ანგარიში ასევე მოიცავს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების, კარტოგრაფების — ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის — დაკავებას. პროკურატურის ვერსიით, მათ საქართველოს ისტორიულად კუთვნილი დაახლოებით 35000 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შექმნეს.

ამ საქმეზე ომბუდსმენის აპარატის მოსაზრება საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია. ნინო ლომჯარიას ოფისმა მიმდინარე წლის მარტში განაცხადა, რომ ამ საქმეს “აშკარა პოლიტიკური მოტივი” გააჩნია, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა. ომბუდსმენის შეფასებით:

  • საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ბრალდებულებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ, ან ამ განზრახვით მოქმედებდნენ;
  • ასევე ვერ დადასტურდა ბრალდებულთა ქმედებაში ისეთი ელემენტი, რომელიც მათ მიერ საექსპერტო საქმიანობის ფარგლებში ბოროტ განზრახვას დაადასტურებდა;
  • დამატებით, 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც ეფუძნება ბრალდება, ბრალდების მხარეს, ვარგისიანობის კუთხით, დღემდე (2021 წლის 1 მარტი) არ შეუსწავლია.

“ზემოაღნიშნული მოცემულობის და არსებითი განხილვის დროისთვის საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, მელაშვილისა და ილიჩოვას მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რადგან მათ მოქმედებაში არ იკვეთება რაიმე ტიპის აკრძალული ელემენტი, რაც ჩვეულებრივ საექსპერტო საქმიანობას დანაშაულად აქცევდა”, — დასძენს ლომჯარიას აპარატი ანგარიშში.

ის ასევე მიუთითებს, რომ საქმის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვა, მთავარ განსახილველ წინასაარჩევნო პოლიტიკურ საკითხად იქცა და აგიტაციის მიზნებისთვისაც გამოიყენებოდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  საქმეში სახალხო დამცველმა დაადგინა ივერი მელაშვილის საპროცესო უფლების დარღვევაც. საუბარია 2020 წლის 30 დეკემბერზე, როცა მელაშვილი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში, მინის გამყოფი ბარიერის მიღმა შეხვდა თავის ადვოკატს. ადვოკატთან კომუნიკაციის მიზანი დაცვის სტრატეგიის საკითხების შეთანხმება იყო.

“ბრალდებულმა ადვოკატის მიერ მიწოდებულ რუკებზე გააკეთა ჩანაწერები, ხოლო შემდგომ მათი ადვოკატისთვის გადაცემა მოითხოვა. ამის ნაცვლად, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები შინაარსობრივად გაეცნენ დოკუმენტაციას, მათ შორის, ივერი მელაშვილის ჩანაწერებსაც, და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზეს ადვოკატს დოკუმენტების ჩაბარება”, — წერს ომბუდსმენი.

ლაშა თორდიას საქმე

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 2021 წელს სასამართლომ ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, მეორე ბრალდებულის მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქმეში სახეზეა ქმედების კვალიფიკაციის პრობლემა. კერძოდ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ადგილი ჰქონდა ძალადობის ჩადენას ჯგუფურად, თუმცა ორივე ბრალდებულის მიმართ გამოძიება წარიმართა შესაბამისი მუხლის იმ ნაწილით, რომელიც გულისხმობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას მხოლოდ ერთი ამსრულებლის მიერ.

სახალხო დამცველი ამ მოცემულობას არ ეთანხმება.

“…ორი ან მეტი პირის მხრიდან დანაშაულში თანაამსრულებლობა არ გულისხმობს იმას, რომ თითოეულმა პირმა იდენტური ქმედება ჩაიდინოს.

საკმარისია, რომ პირმა სხვასთან ერთად უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში და თუნდაც, დაეხმაროს მეორე პირს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობაში ჩაგდებაში ან შეუმციროს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ოთარ ფარცხალაძის მხრიდან მ.ჩ-სთან ერთად.

სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნულ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებებისგან შეუსაბამოდ, ხელოვნურად მოხდა იმგვარი ბრალის წარდგენა, რაც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის ალბათობას შეამცირებდა”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ლაშა თორდიას საქმეზე საუბრისას, სახალხო დამცველი გამოძიების გაჭიანურებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სახალხო დამცველის წლიური ანგარიში პირველ აპრილს გამოქვეყნდა. 486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი