ახალი ამბები

“ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმე არასწორად და არაობიეტურად იყო წარმოებული” – თორდიას ადვოკატი

2 თებერვალი, 2021 • 1207
“ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმე არასწორად და არაობიეტურად იყო წარმოებული” – თორდიას ადვოკატი

ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას უფლებადამცველი ეკა ქობესაშვილი, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრს” წარმოადგენს, აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმეს პროკურატურა თავიდანვე არასწორად და არაობიექტურად აწარმოებდა. ადვოკატის შეფასებით, აღნიშნული საქმე შერჩევითი სამართლის კლასიკური მაგალითია.

იურისტი როგორც ამბობს, პროკურატურა საწყის ეტაპზე ცდილობდა ბრალეულობის ლაშა თორდიაზე გადატანას, მას შემდეგ კი, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, უწყება იძულებული გახდა, ყოფილი მთავარი აუდიტორისთვის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინა. ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურამ საქმის წარმოება შეუსაბამო მუხლით დაიწყო და მას არც ჯგუფური დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭეს:

“თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით დაიწყეს საქმის მსვლელობა. ჯერ ცდილობდნენ ლაშა თორდიასთვის გადაებრალებინათ, რომ ვითომ მან მოახდინა ფიზიკური ანგარიშსწორება ოთარ ფარცხალაძეზე, თუმცა მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ლაშა თორდიას ჰქონდა დაზიანებები სხეულზე. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდნენ, პირიქით, დაზარალებულის სტატუსი მიეცათ ლაშა თორდიასთვის და ოთარ ფარცხალაძესა და მის თანმხლებ პირს წაუყენეს ბრალი.

თავიდანვე არასწორი ბრალი იყო, რამდენადაც ეს არ ყოფილა ფიზიკურ პირებს შორის ანგარიშსწორება. ეს იყო სახელმწიფო თანამდებობის პირზე თავდასხმა, თუმცა ამ მუხლით არ წაუყენეს ბრალი და უფრო უარესი, მათ ეს საქმე ჯგუფურად არ გაიყვანეს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ადამიანი ერთი დადგენილებით იყო ბრალდებული. ჩვენთვის გასაკვირად, ირწმუნებოდნენ, რომ არ იყო ჯგუფური დანაშაული”, – ამბობს ქობესაშვილი.

ქობესაშვილის თქმით, სასამართლო განხილვის ეტაპზეც არაერთ ხარვეზი იყო, კერძოდ, ოთარ ფარცხალაძე არ ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, რაზეც პროკურატურას არანაირი რეაგირება არ ჰქონია, პროცესი კი ჭიანურდებოდა:

“თავიდანვე იწელებოდა სასამართლოში საქმე, ჩვენ ვნახეთ გასაიდუმლოებული აღკვეთის ღონისძიების პროცესი, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ვნახეთ. მხოლოდ მათი ნათქვამი ვიცით, რომ ჩატარდა პროცესი, მაგრამ რელაურად, ვერავინ ნახა, მართლაც ჩატარდა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ ოთარ ფარცხალაძე ბრალდებუული იყო, საერთოდ არ ცხადდებოდა სასამართლოში არასაპატიო მიზეზით და ამაზე პროკურაუტრას საერთოდ არ ჰქონდა რეაგირება. ალბათ, მან იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა”, – ამბობს იურისტი.

ადვოკატის თქმით, ეს საქმე არის შერჩევითი სამართლის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი. ადვოკატი აპირებს, მიმართოს პროკურატურას, რათა პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს ფარცხალაძისთვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი.


ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დღეს, 2 თებერვალს გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანხმლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწადნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაოთი შეეფარდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი