ახალი ამბები

ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა

2 თებერვალი, 2021 •
ლაშა თორდიას ცემის საქმეზე ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა

ყოფილი გენერალური აუდიტორის ცემის საქმეზე სასამართლომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გაამართლა, ჩხუბის დროს მის თანხმლებ პირს, მიხეილ ჩოხელს კი 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.

ლაშა თორდიამ, რომელიც გენერალური აუდიტორის პოსტს იკავებდა, 2017 წლის 13 მაისს განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა კლუბ “ელ ცენტროში” სცემეს.

თორდიას განმარტებით, ფარცხალაძის აგრესია გამოიწვია აუდიტის სამსახურის კვლევამ, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. თავად ფარცხალაძემ ბრალდებები უარყო.

შსს-მ გამოძიება იმავე დღეს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 22 მაისს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთარ ფაცხალაძესა და  ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა.

წელიწადნახევრის შემდეგ, 2018 წლის 5 ნოემბერს, მთავარმა პროკურატურამ ლაშა თორდია დაზარალებულად ცნო და ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალი წარუდგინა. ორივე ბრალდებულს აღვეთის ღონისძიების სახით 5000-5000 ლარიანი გირაოთი შეეფარდათ.

“ყოფით ნიადაგზე” – რა მოტივით სცემეს ლაშა თორდიას პროკურატურის ვერსიით

მასალების გადაბეჭდვის წესი