“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიიდან წასული 4 დეპუტატის განცხადებები შეიძლება 100%-ით მართალი იყო, თუმცა მმართველ გუნდს არც ერთხელ არ დაუდასტურებია, რომ აღნიშნული განცხადებების შინაარს იზიარებდნენ. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 5 სექტემბერს “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
„ეს ოთხი ადამიანი და მათი საზოგადოებრივი მოძრაობა აკეთებდა განცხადებებს და ჩვენ ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ასეთი ტიპის საჯარო რიტორიკაში ვერ შევალთ, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით. ამის გამო არც ერთხელ, არცერთი განცხადება არ დაგვიდასტურებია, შეიძლება 100%-ით მართალიც იყო რომელიმე განცხადება, თუნდაც ყველა განცხადება, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და შესაბამისად გვაქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა და ვერ შევალთ ამაში”, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პარტიიდან წასულ ოთხეულთან უთანხმოება თავიდანვე უკავშირდებოდა ცალკეულ მოსაზრებებზე საჯარო პოლემიკასთან დაკავშირებულ განსხვავებულ ხედვებს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის გაგრძელებას:
თავიდანვე ჩვენი უთანხმოება რას უკავშირდებოდა. ჩვენთვის არ იყო მისაღები საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა და ჩვენი კოლეგები ამბობდნენ, რომ თუ ხალხამდე არ მიიტანდნენ სიმართლეს, ამ შემთხვევაში შეიძლება არასწორი მიმართულებით წასულიყო პროცესები. ჩვენ ამაზე თავიდანვე ვერ შევთანხმდით და ეს საზოგადოებას ვაცნობეთ, ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდა განსხვავებული ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ფორმით უნდა გაგრძელებულიყო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვქონდა სხვა ხედვა და ჩვენს ოთხ კოლეგას ჰქონდა სხვა ხედვა. ამიტომ, ამ კუთხით ჩვენ თავიდანვე გავემიჯნეთ და ეს დღემდე ძალაშია და ამის ხელმეორედ დადასტურება იყო პრემიერის განცხადება”, – განმარტა მმართველი პარტიის ლიდერმა.
“ქართული ოცნება” 28 ივნისს დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, ამის მიზეზად კი „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გატანის სურვილი დაასახელეს. მოგვიანებით მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა და ოთხმა დეპუტატმა საზოგადოებრივ მოძრაობა დააფუძნა, სახელად “ხალხის ძალა”.
მმართველი პარტიის დატოვების შემდეგ დეპუტატებმა გაააქტიურეს „ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით. მათი განცხადებები გამოირჩევა ანტიდასავლური მესიჯებით, მათ შორის არაერთხელ გააკრიტიკეს დასავლელი თანამდებობის პირები, საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს კი სასამართლო სისტემაში ჩარევაშიც დასდეს ბრალი.