ახალი ამბები

„ყოველთვის ვამბობდით, რომ არასწორია“ — ზარქუა სუბარის ოთხეულს გაემიჯნა

2 სექტემბერი, 2022 • 1327
„ყოველთვის ვამბობდით, რომ არასწორია“ — ზარქუა სუბარის ოთხეულს გაემიჯნა

დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ „პინგ-პონგი“ „ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შორის, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ვერ დააზიანებს.

ზარქუას დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ე.წ. ოთხეულზე — სოზარ საუბარზე, დიმიტრი ხუნდაძეზე, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილზე და ასევე, გაუხსენეს მათ განცხადებებზე კელი დეგნანის მიმართ. „ოთხეულმა“ არაერთი განცხადება მიუძღვნა საელჩოსა და კელი დეგნანს, მათ შორის სუბარმა ვრცელ წერილში რამდენჯერმე ჰკითხა მას, ემხრობოდა თუ არა „საქართველოს ომში ჩართვას“.

„ოთხეულის პოზიცია მათი პოზიციაა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ აშშ ისევე, როგორც დასავლეთ ქვეყნები, არიან ჩვენი პარტნიორები, რომლებიც მშვიდობის დროს ჩვენი განვითარებისთვის არაერთ პროექტში იღებენ მონაწილეობას. იქ რომ გარკვეული კითხვები და გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები იყო მათ შორის, საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

აქ თემა არის, რომ კითხვები იყო და გაეცა პასუხი. მგონია, რომ ეს პინგ-პონგი საელჩოსა და ამ ოთხეულს შორის ჩვენს ამერიკულ პარტნიორთან ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებს,“ – თქვა ზარქმუამ და დაამატა, რომ იმავეს იზიარებს პრემიერ-მინისტრიც.

ზარქუა ამბობს, რომ „სადაც საკრიტიკოა, არ უნდა მოვერიდოთ“, მაგრამ ასევე, სადაც მხარდაჭერა ჩანს, ისიც ნათლად უნდა ითქვას.

„უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელს, არც პრემიერს, არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს უნდა ომი საქართველოში. ეს არც მე მითქვამს ამიტომ, ნუ ცდილობთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. რაც შეეხება ოთხეულის განცხადებას, ოთხეულს მიმართეთ და მათ დაუსვით ეს კითხვა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ არის სწორი,“ – დასძენს ზარქუა.


სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადეს. მოგვიანებთ მათ გურამ მაჭარაშვილიც შეუერთდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატების მიერ მმართველი პარტიის დატოვების მიზეზი ისაა, რომ მათ მიაჩნიათ, ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს.

მდინარაძის თქმით, ეს სამი დეპუტატი ფიქრობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ იქნებიან, ვერ ისაუბრებენ იმის შესახებ, რაც აქვთ სათქმელი.

აღნიშნულმა ოთხეულმა არაერთი წერილი გაავრცელა, რომელიც შეიცავდა ანტიამერიკულ და ზოგადად, ანტიდასავლურ გზავნილებს. მათი მოსაზრებები რადიკალურად არ განსხვავდებოდა „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებისა და ასევე, პროსახელისუფლებო ექსპერტების რიტორიკისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი