საზოგადოება

„ასეთი ევროპა არ გვჭირდება“ — (პრო)სახელისუფლებო პროპაგანდა

11 ივნისი, 2022 • 3349
„ასეთი ევროპა არ გვჭირდება“ — (პრო)სახელისუფლებო პროპაგანდა

ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის კვალდაკვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და ხელისუფლებასთან აფილირებული ჯგუფებმა ანტიდასავლური პროპაგანდა გაააქტიურეს.

გამოიკვეთა რამდენიმე გზავნილი. „ქართული ოცნება“ აგრძელებს მთავარ ხაზს, როდესაც დემოკრატიულ უკუსვლასთან, მედიის უფლებების შელახვასა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპაში მისი პარტნიორი „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ლობიზმის შედეგად წარმოაჩენს. სინამდვილეში, ევროპარლამენტის 7 პოლიტიკური ჯგუფიდან 6-მა (გარდა „იდენტობა და დემოკრატიისა”, რომელიც ულტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოს პარტიებს აერთიანებს) მოამზადა კრიტიკული რეზოლუციის საკუთარი ვერსია. საბოლოოდ ევროპარლამენტმა 308 ხმით, 218-ის წინააღმდეგ მიიღო 5 პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) გაერთიანებული რეზოლუცია.

„მწვანეების“ წინააღმდეგობის გამო, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ქართული დემოკრატიისთვის პრობლემად მიიჩნევენ, თუმცა მედიის შესახებ რეზოლუციაში მისი საკითხის ჩაწერას არ ეთანხმებოდნენ, ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში არ ყოფილა ჩანაწერი ივანიშვილის სანქცირების შესახებ, თუმცა კენჭისყრაზე ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესაბამის შესწორებას, რომლის ინიციირება ანა ფოტიგამ („ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“, ECR), მირიამ ლექსმანმა („ევროპის სახალხო პარტია“, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe) მოახდინეს.

„ეს არ იყო კრიტიკა, ეს იყო შეტევა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დებატების გახსნის ლობირება მაინცდამაინც ახლა მოხდა, როდესაც ამ ქვეყნისათვის ყველაზე ნაკლებად სასურველი იყო და როდესაც რამდენიმე დღეში [EU-ში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით] გადაწყვეტილებას ველოდებით“, — თქვა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის დებატების შეფასებისას.

თუმცა ევროპარლამენტში, პირიქით დაისვა კითხვა, ივანიშვილს ხომ არ სურდა განაცხადის საბოტაჟი ნიკა გვარამიას დაკავებით — მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის სადავო განაჩენი წინ უძღოდა ევროპარლამენტში დებატების ინიცირებას და შეუძლებელია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ სცოდნოდა, რა ნეგატიური გავლენა ექნებოდა აღნიშნულს საქართველოს აპლიკაციის განხილვის პროცესში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი ინიციატივით გაავრცელა განცხადება, რომ „იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორც რეზოლუციაშია, საქართველომ უარი უნდა თქვას სტატუსზე“, რადგან „არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს“ ქვეყნის ღირსების და დამოუკიდებლობის დათმობა. უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა თქვეს, რომ ხუნდაძის მოსაზრება არ იყოს პარტიის პოზიცია, თუმცა ბოლო დღეების კოორდინებული სახელისუფლებო პროპაგანდა საპირისპიროზე მიუთითებს. საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები და ექსპერტები, რომლებიც ბოლო წლებში საჯარო სივრცეში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად პოზიციონირდებიან, იცავენ რა ბიძინა ივანიშვილს, აპელირებენ დასავლეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე, ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაზე და მსჯელობას ავითარებენ იქითკენ, სჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი ევროპა? ასე მაგალითად:

გია გაჩეჩილაძე, („უცნობი“) „იმედის“ ეთერში: „თუ მაგაზე გადის, ჩვენი ომის ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს… არ მინდა და არც არავის არ მოუნდება, დარწმუნებული ვარ… თუ ბიძინას სანქცირებაზე გადის, თუ ომზე გადის, არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა, მივხედავთ ჩვენს თავს, სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით“.

გური სულთანიშვილი, Post TV-ის წამყვანი: „ეგრე არ გამოვა, ნეოკოლონიალიზმი ვერ განხორციელდება, ვერ დაგვაჯერებთ იმას რაც ტყუილია”

თამთა მეგრელიშვილი, იურისტი: „ევროპარლამენტარების, (უფრო კერძო ლობისტების) მოთხოვნები, რომლებიც რეზოლუციათა ტექსტებში აჟღერებენ საკითხებს — სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, სანქციები მოეხსნას მსჯავრდადებულ ნიკა გვარამიასა და მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს — არის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევა. ასეთი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ კულტურას. ასეთი სახეცვლილი ევროპა არ სჭირდება ქართველ ერს და ჩვენი ქვეყნის არ გაწევრიანების შემთხვევაში გამოვა, რომ ბევრს არაფერს ვკარგავთ.

ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი: რას ნიშნავს საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ან არ მიღება? ორივე შემთხვევაში მისთვის ჩვეულებრივად გათენდება და დაღამდება, გაიღვიძებს და დაიძინებს მისი ჩვეული ყოფითი თუ პირადი პრობლემებით. ასე რომ მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი!“ — ამბობს იგი და დასძენს, რომ „ქართველმა ხალხმა არ უნდა დატოვოს უპასუხოდ ის შეურაცხყოფა, რაც ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მიაყენა“.

ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი: კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ისეთ პირობებს მიაბამენ, რომელთაგან უკლებლივ ყველა სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობის, ხელისუფლების ცვლილებისა და ნაცმოძრაობის დაბრუნებისკენ იქნება მიმართული. ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ“.

ნანა ლორთქიფანიძე, მსახიობი: „ყველაზე მაგარი ის არის, რომ ამ ქვეყანას ჰყავს პატრონი და ეს პატრონები არიან ქართველები“.

ხელისუფლების მხარდამჭერი აქტორების ანტიდასავლური პროპაგანდის და ცრუ დილემების ფართოდ გაშუქების ინსტრუმენტი პროსამთავრობო მედიასაშუალებები არიან, ასევე სოციალური ქსელები, მათ შორის, დასპონსორებული  გვერდების სახით.

ჰომოფობიური ანტიდასავლური პროპაგანდა სოციალურ ქსელში

„სოციალურ მედიაში აქტიურად ჩანს დისკრედიტაციული პოსტები ე.წ. ყალბი მედიის გვერდებზე. ეს ისეთი მედიასაშუალების ტიპის ფეისბუქ გვერდებია, რომლებიც რეალურად არ არსებობენ, მაგრამ ინიღბებიან და თავს წარმოაჩენენ, როგორც ონლაინ მედიასაშუალებებს“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ნინო რიჟამაძე, ISFED-ის სოციალური მედიის პროექტის კოორდინატორი.

ყალბი მედიის მაგალითებად მას მოჰყავს „ჯეოპრესი“, „სიახლეების ბლოგი“, სადაც დასპონსორებული პოსტები ქვეყნება პოლიტიკური შინაარსით. რიჟამაძის დაკვირვებით, ცრუ მედიის გვერდებს და ანონიმური დისკრედიტაციის გვერდებს, რეზოლუციის მიღების შემდეგ, ერთიანი გზავნილის გავრცელება გაუჭირდათ, თუმცა წინა დღეების განმავლობაში აქტიურად ეწეოდნენ ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას. ერთ-ერთ დასპონსორებულ ფოტომანიპულაციას ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეც გამოეხმაურა და თქვა, რომ „თუ „ქართული ოცნების“ მთავრობას მხოლოდ ასეთი საქმის კეთება შეუძლია, კრემლის ჩვეული სქემით“, მცირეა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების იმედი“.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნებული პოსტები ძირითადად უკავშირდება ევროპარლამენტარების დისკრედიტაციას. ხაზგასმულია ევროპარლამენტარ რაფაელ გლუქსმანისა და სააკაშვილის ურთიერთობა წარსულში, დასპონსორებულია „ქრონიკის“ სიუჟეტი, თითქოს ბიუჯეტის ხარჯები იყო გაწეული გლუქსმანის ვოიაჟებისთვის. ასევე , შეინიშნება ისეთი პოსტები და აქ ძირითადად იკვეთებიან პროსახელისუფლებო ექსპერტები, რომლებიც თავს ესხმის, ევროპის სახალხო პარტიას, ევროპარლამენტარებს და ზოგადად ევროპარლამენტს. დღეს ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნებული ზაზა შათირიშვილის პოსტს ცრუ დილემა, თითქოს ასარჩევად არის საქმე ბიძინა ივანიშვილსა და ევროკავშირის შორის და რომ საქართველო აშშ-ის მიერ ისჯება, რადგან მეორე ფრონტს არ ხსნის“, — ამბობს რიჟამაძემ.

ISFED-ის მონიტორინგით, ამ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ორი ცრუ მედიის გვერდის გარდა, აქტიურია ანონიმური დისკრედიტაციის 4-5 გვერდი, რომლებიც პროპაგანდისტულ პოსტებს ასპონსორებენ.

„ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე როცა ვსაუბრობთ, მაგალითად 4 გვერდი დასპონსორებულია ერთი და იგივე ყალბი ანგარიშის მიერ. ესეც მიუთითებს, რომ ეს გვერდები არიან კოორდინებულები და საერთო ინტერესი გააჩნიათ. ცრუ მედიის გვერდები აქტიურები იყვნენ 2020 წელს, როდესაც „ფეისბუქმა“ წაშალა ანონიმური გვერდები. მათზე გამოქვეყნებული პოსტები ყოველთვის არის შერჩევითი, ემსახურებიან პროსახელისუფლებო ნარატივების გავრცელებას, ხელისუფლებისთვის სასარგებლო საინფორმაციო პოლიტიკას და მიმართულია არიან ძირითადად ოპოზიციის, ჟურნალისტების ან ზოგადად ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების დისკრედიტაციისკენ“, — ამბობს რიჟამაძე.

მადისკრედიტებელ გვერდზე „მიშინგი“, რომელზეც კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლების, მიხეილ სააკაშვილისა და ჟურნალისტების დისკრედიტაცია მიმდინარეობს, გამოქვეყნებული ვიდეო.

ანტიდასავლური პროპაგანდა გააქტიურებულია არა მხოლოდ პროსახელისუფლებო აქტორების მხრიდან. დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვაში ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე ღიად ადანაშაულებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მტკიცებით ვერაფერს ამტკიცებს“, მაგრამ ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია „ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ“.

ავტორი კონსპირაციისა, — რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ხელისუფლების „აყირავებას“ და ქვეყნის ომში ჩართვას ისახავს მიზნად (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც), — ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილია. შათირიშვილის აზრით, „ქართული ოცნებას“ უბიძგეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისკენ, რათა შემდეგ არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი და ამით საქართველოს საზოგადოებაში რევოლუციური ვნებათაღელვა გამოეწვიათ. ამ შეთქმულების უკან, შათირაშვილის კონსპიროლოგიით, ამერიკელები დგანან, რომელთათვისაც „ქართული ოცნება“ მიუღებელია და რომლებიც ამ გზით ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ ქვეყნის ომში ჩართვას ესწრაფვიან.

მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია მიზნად ისახავს დაბრკოლების შექმნას საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის და ამაში მონაწილეობენ „ამ თემის ცალკეული ევროპელი ინიციატორები და საქართველოს სამწუხარო და სამარცხვინო ოპოზიცია”.

„დაინტერესება არის ხელისუფლების ამოტრიალება და ამის შემდეგ, საქართველოში მეორე ფრონტი“, — ამბობს იგი და დასძენს, რომ „ქართველ ხალხს არ სჭირდება ისეთი ობიექტურობა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დემოკრატებად არიან წარმოდგენილები და მათთვის სანქციების მოხსნას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ”.

თბილისის მერი კახა კალაძეც ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან“, — თქვა მან.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის საფუძველია კონკრეტული დემოკრატიული უკუსვლა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით. საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის (Verts/ALE, S&D, ECR, PPE, Renew Europe) ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო — ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ევროკომისია და ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების განაცხადზე დასკვნას გამოაქვეყნებენ.

წარმოუდგენელია ასეთ დროს ანტიდასავლური ჯგუფების გააქტიურება იყოს სპონტანური – ზურაბიშვილი

ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი