ახალი ამბები

ელჩი ომში ჩართვას ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა — სუბარი

29 ივლისი, 2022 • 1810
ელჩი ომში ჩართვას ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა — სუბარი

„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატი აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს მორიგ ღია წერილს სწერს. წერილში სუბარი ვარაუდობს, რომ ომში ჩართვა ბიძინა ივანიშვილისგან მოთხოვნილ იქნა არა პირდაპირი ტექსტით, არამედ ირიბად — სანქციებზე მიერთების და პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნით და ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვით.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ წერილის გამოქვეყნების შემდეგ კელი დეგნანს მოუხდა პოზიციის შეცვლა და ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილთან შეხვედრის დადასტურება. თუმცა ამერიკის ელჩის უკანასკნელმა „ბუნდოვანმა განცხადებებმა“, სუბარის თქმით, კიდევ უფრო გაამყარა საფუძვლიანი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული შეხვედრა ბიძინა ივანიშვილისგან კონკრეტული შედეგის მიღებას ემსახურებოდა.

„ეს შეხვედრა „აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერის სფეროს“ რომ არ ეხებოდა, ბავშვისთვისაც ცხადია. ელჩმა განაცხადა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რაც სრულიად არადამაჯერებელია.

როდესაც ამერიკის ელჩი ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი საათით ხვდება, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ განიხილება პირად შეხვედრად“, — წერს სუბარი და დასძენს, რომ ელჩის განცხადება „პირადი შეხვედრის“ შესახებ კიდევ უფრო აღრმავებს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ მას რაღაც აქვს დასამალი.

„კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი არ დაუშანტაჟებია. მე პირადად ეჭვიც არ მეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდა. დიპლომატიაში დაუწერელი კანონია, რომ ასეთი მოთხოვნა ირიბი ფორმით უნდა დააყენო“, — ამბობს სუბარი.

სუბარის აზრით, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ელჩისთვის შეიძლება, ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა.

„შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა“, — ამბობს იგი.

სოზარ სუბარის აზრით, ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული, მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით მოსთხოვა პოლიტიკაში დაბრუნება, „ეს უკვე ცხადი შანტაჟია“.

„ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება. ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ სჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული.

იმ დროისთვის მას შეჩერებული ჰქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება“, — აცხადებს სუბარი.

ის კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დიპლომატიას თავისი შეზღუდვები აქვს და ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ბიძინა ივანიშვილისგან ღია ტექსტით არ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ შეხვედრა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ სივრცეში გაიმართა.

„თუმცა, ცხადია, ომთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციით უკმაყოფილების გამოხატვა, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დაჟინება ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა სრულიად საკმარისი ლოგიკური საფუძველი იმისათვის, რომ ელჩის საუბარი საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად აღექვა. ბიძინა ივანიშვილის წერილიდან ეს აღქმა ძალიან მკაფიოდ იკითხება“, — წერს სუბარი.

ის კელი დეგნანს მიმართავს კითხვებით:

  • ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;
  • ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;
  • შეხვედრისას მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

„ამ კითხვებზე პასუხი მეც და ქართულ საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, ცდილობდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით. თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა.

ბოლოს, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებზე ზრუნვისთვის ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ სპეკულაციურად რომ არ მისაყვედუროს, ვიტყვი, რომ მე არა ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ვიცავ, არამედ არსებითად ის მაინტერესებს, ეს ფინანსები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შანტაჟისთვის ხომ არ გამოიყენება“, — დასძენს სოზარ სუბარი.


„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ  ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ზუსტად იმიტომ უნდოდათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რომ ეს ათმაგად ზრდიდა ომის რისკებს.

„მეორე, გახსოვთ, მოხალისეების თვითმფრინავებით გაშვებას ითხოვდნენ. თუ სანქციები ირიბი მოწოდება იყო ომისკენ, მოხალისეების გაშვება მთავრობის მიერ სანქცირებული თვითმფრინავით უკვე ნიშნავდა პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვას. აი, აქეთკენ იყო პირდაპირი მოწოდებები“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

“ოცნებიდან“ წასული სამეულის ანტიდასავლური კონსპირაცია რევოლუციასა და საქართველოს ომში ჩართვაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი