ახალი ამბები

ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ 7 ელჩის კანდიდატურა წინასწარი კონსულტაციების გარეშე წარუდგინა

1 სექტემბერი, 2022 • 793
ზურაბიშვილის თქმით, მთავრობამ 7 ელჩის კანდიდატურა წინასწარი კონსულტაციების გარეშე წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ 7 ელჩის წარდგინება ისე გაუგზავნა ხელმოსაწერად, რომ მასთან კონსულტაციები არ გაუმართავს. ზურაბიშვილის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაეთანხმა გაეროში საქართველოს წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას, იმის მიუხედავად, რომ ეს კანდიდატურა მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.

ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე დასძინა, რომ ბაქრაძის კანდიდატურას დაეთანხმა არა იმიტომ, რომ ვინმემ დააძალა ან შეეშინდა, არამედ იმიტომ, რომ მის გამო “არ ყოფილიყო შეფერხება”, მით უმეტეს იმ დროს, როცა გაეროს გენერალური ასამბლეა ახლოვდება.

მისივე განცხადებით, სანამ თანხმობას გასცემდა, არგუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ხსნიდა ბაქრაძის კანდიდატურისადმი თავის კრიტიკულ დამოკიდებულებას, კონფიდენციალური კონსულტაციების ფორმატში წარუდგინა მთავრობას. პრეზიდენტის თქმით, მსგავსი კონსულტაცია ნებისმიერი ელჩის დანიშვნისას უნდა მოხდეს.

“ეს გათვალისწინებულია ჩვენი სამართლებრივი ტექსტებით… საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა წარუდგინოს პრეზიდენტს [კანდიდატურა] და ეს წარდგენა უნდა იყოს კონფიდენციალური, [ეს] შედის კონფიდენციალური ტექსტების ნუსხაში. შემდეგ, როდესაც დასრულდება კონსულტაცია, მერე მოდის ოფიციალური წარდგენა, რომელიც მომივიდა და რომელსაც მე გუშინ ხელი მოვაწერე”, — აღნიშნა მან.

ზურაბიშვილის თანახმად, მას შემდეგ, რაც ხსენებული ნაბიჯი გადადგა, მთავრობამ გაუგზავნა კიდევ 7 წარდგინება წინასწარი კონსულტაციების გარეშე:

“ჩემი ეს გადაწყვეტილება, რომელიც დეპოლარიზაციისთვის უნდა შეეწყო ხელი, ასე არ იქნა მიღებული, რადგანაც დღეს, ოხ, საკვირვებავ, მივიღე 7 წარდგენა, ისე, რომ არც ერთი კონსულტაცია, კონსულტაციების ის საიდუმლო ნაწილი არ ჩატარებულა და დამიდეს მაგიდაზე ეს 7 წარდგენა, რომელიც არის ერთგვარი პასუხი ამ ჩემს გადაწყვეტილებაზე ხელისუფლების მხრიდან”.

პრეზიდენტის სიტყვებით, “მგონი საჭიროა და უკვე აღარ ითმენს სიტუაცია”, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი, “განიხილოს ტექსტები, არსებული პრაქტიკა და ის დოკუმენტები, კონფიდენციალური, რაც ჩვენ გვაქვს და ამტკიცებს, რომ მუდმივად იყო კონფიდენციალური კონსულტაციები”.

“პრეზიდენტის ხელმოწერა ვერ იქნება მხოლოდ ფაქსიმილე. ამ დარგში მით უმეტეს. ამიტომ, საკონსტიტუციომ თავისი თქვას და მე ამას ველოდები მოუთმენლად”, — დასძინა ზურაბიშვილმა.

ბოლო პერიოდამდე პრეზიდენტი უარს ამბობდა, ხელი მოეწერა დავით ბაქრაძის დანიშვნაზე გაეროში ელჩად, აღნიშნავდა რა, რომ  ეს უკანასკნელი 5 წელი იყო აშშ-ში ელჩი და „არაფერი გაუკეთებია”.

აქედან გამომდინარე, ზურაბიშვილმა უარყო მთავრობის წარდგინება, რომელიც გაეროში ელჩ კახა იმნაძისთვის 2 თვით ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას და მის კანადაში გადაყვანას, გაეროში ელჩად კი დავით ბაქრაძის დანიშვნას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის ეს ნაბიჯი პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი გახდა.

თუმცა, 31 აგვისტოს ოფიციალურად დადასტურდა, რომ წინა დღეს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დავით ბაქრაძის განწესებას ხსენებულ თანამდებობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი