ახალი ამბები

ივლის-აგვისტოში სეს-მა 10 ტონამდე უვარგისი ხორცი ამოიღო

31 აგვისტო, 2022 • 1184
ივლის-აგვისტოში სეს-მა 10 ტონამდე უვარგისი ხორცი ამოიღო

საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად 10 000 კგ-მდე უვარგისი ხორცი ამოიღეს. ამის შესახებ ბრიფინგზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ივლისის-აგვისტოს პერიოდში 800-ზე მეტი ობიექტი შეამოწმეს, მათ შორის, ცხოველთა სასაკლაოები, ხორცის მაღაზიები, აგრარული ბაზრები და ყველა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორი. შემოწმების შედეგად ხორცის რეალიზება კანონდარღვევით ხდებოდა 375 ობიექტში.

“იყო სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაციის დარღვევა და ა.შ. ჯამში 10 000 კგ-მდე უვარგისი ხორცი ამოვიღეთ”, – განმარტა ბასილაძემ.

მისი განცხადებით, უვრაგისი ხორცის ამოღების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

ბრიფინგის დასასრულს კი ბასილაძემ აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ შეუმოწმებია გარემოვაჭრეები, რადგან ეს “თავისი შინაარსით უკვე კანონგარეშე ქმედებაა”. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხორცი გარემოვაჭრეებისგან არ შეიძინონ, რადგან გარევაჭრობა უვნებელი ხორცისთვის საჭირო პირობების დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი