ახალი ამბები

რატომ დაანგრიეს მელიქიშვილზე, ისტორიულ ზონაში მდებარე შენობა

30 აგვისტო, 2022 • 1321
რატომ დაანგრიეს მელიქიშვილზე, ისტორიულ ზონაში მდებარე შენობა

თბილისის მერია მელიქიშვილის #29-ში, საავტომობილო გზის პირას ისტორიულ არეალში მდებარე შენობის დემონტაჟს ახორციელებს.

დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა.

თბილისის მერიის განმარტებით, ნაგებობა ავარიული იყო და სასწრაფო დემონტაჟს საჭიროებდა. შენობაზე ბზარების არსებობას ადასტურებენ ადგილობრივებიც.

შენობის დემონტაჟს არ ეთანხმება ხელოვნებათმცოდნე და „თბილისის ჰამქრის“ წევრი ცირა ელისაშვილი, რომელიც ამბობს, რომ შენობა ისტორიულია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის არქონის მიუხედავად,  ისტორიული ნაწილის დამცავ ზონაში იყო.

ფოტო: 2014 წელი/ავტორი: ცირა ელისაშვილი

ფოტო: 2022 წლის 29 აგვისტო/ ნეტგაზეთი

ელისაშვილის თქმით, მელიქიშვილის ქუჩა ბოლო მონაკვეთია, რომლის შემდეგაც, ვაკის მიმართულებით, ისტორიული ზონა აღარ ვრცელდება. აღნიშნული შენობა კი ერთ-ერთი იყო იმ ნაგებობებს შორის, რომელიც ქუჩის ისტორიულ იერსახეს ინარჩუნებდა:

“თუ ახლა ამ შენობის დაკარგვით ახალ განაშენიანებას მივიღებთ, ასევე კიდევ რამდენიმე შენობაა, რომელთაც, ეჭვი მაქვს, იგივე ბედი ელით, ამ შემთხვევაში ისტორიული ქალაქის საზღვრები შემცირდება.

თავის დროზე იუნესკომ სწორედ ამ საზღვრებში გაუკეთა ნომინირება თბილისის ისტორიულ ნაწილს, როგორც ურბანულ ძეგლს”, – გვიხსნის ელისაშვილი.

ლურჯი ზონა: ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები/ ფოტო: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს რუკა

ლურჯი ზონა: ისტორიული ნაწილის დამცვაი ზონები/ ფოტო: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს რუკა

ის მიიჩნევს, რომ დემონტაჟის ნაცვლად მერიას მისი გამაგრება უნდა ეცადა და მისი მდგრადობა მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეესწავლა – ხომ არ დაამძიმებდა შენობის მდგომარეობას მიწისქვეშა სამუშაოები.

თუმცა თბილისის მერია უარყოფს, რომ შენობის ნგრევა მელიქიშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება და აცხადებს, რომ აღნიშნულ შენობას მძიმე ავარიული ხარისხი ჰქონდა და აღდგენას არ ექვემდებარებოდა.

ამასთან, მერია აცხადებს, რომ ნაგებობა გადაუდებელ დემონტაჟს საჭიროებდა, რადგან საფრთხეს უქმნიდა გამვლელების სიცოცხლეს.

“თბილისის მერიამ გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა და შენობის დემონტაჟი განახორციელა”, – ნათქვამია მერიის მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ წერილში.

მერიის ცნობით, ექსპერტიზის დასკვნები მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებამდე გაკეთდა.

ფოტო: Google maps/ 2018 წლის მაისი

ელისაშვილის თქმით, არსებობს სხვადასხვა პრეცედენტი, როდესაც სამხარაულის დასკვნის მიუხედავად, რომ კონკრეტული ნაგებობა გამაგრებას არ ექვემდებარებოდა, მერიამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენობების რესტავრაცია შეძლო. მისი თქმით, შენობის მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ნებისმიერი ნაგებობის გამაგრებაა შესაძლებელი:

“ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს გუდიაშვილის მოედანზე, როდესაც მერიამ ისეთი ნაგებობები გაამაგრა, რომლებზეც ასეთი დასკვნები არსებობდა.

თუ ამ შენობას პრობლემა ჰქონდა, ქალაქის მთავარი ამოცანა მისი გამაგრება უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს, უნდა გაეთვალისწიენბინათ, რომ მიწისქვეშა სამუშაოების დროს მისი მდგომარეობა დამძიმდებოდა”, – განმარტა მან.

შენობის დემონტაჟის მოთხოვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ იძებნება თბილისის არქიტექტურის სამსახურის საიტზე. ეს კი ნიშნავს, რომ მერიას დემონტაჟთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახურისთვის არ მიუმართავს.

ელისაშვილი ამას დამატებით პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ შენობის დემონტაჟისას უნდა გაცემულიყო ნებართვა, შეთანხმებულიყო ახალი პროექტი, გაესაჯაროებინა ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

თუმცა მერია აცხადებს, რომ შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ განკარგულება გასცა 2022 წლის 12 აგვისტოს, რის საფუძველზეც შენობის ნგრევა დაიწყო და პროცესი არქიტექტურის სამსახურის ნებართვას არ საჭიროებდა.

ამასთან, მერიის ცნობით, შენობა კერძო საკუთრებაშია და ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა მის ნაცვლად სხვა ნაგებობის აშენება.

“ნეტგაზეთმა” სამხარულის ექსპერტიზის ბიუროსა და მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნების, ასევე მერიის განკარგულების შესახებ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. როგორც წესი, საჯარო ინფორმაციის მიღებას 10 სამუშაო დღე სჭირდება. ინფორამციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი