ახალი ამბები

“ქვეყნის 1/3 წყლის ქვეშაა”  — დამანგრეველი წყალდიდობა პაკისტანში

30 აგვისტო, 2022 • 1197
“ქვეყნის 1/3 წყლის ქვეშაა”  — დამანგრეველი წყალდიდობა პაკისტანში

ისტორიული წყალდიდობის შედეგად პაკისტანის 1/3 წყალმა დაფარა, — აცხადებს პაკისტანის კლიმატის მინისტრი. BBC-ს თანახმად, დამანგრეველმა წყალდიდობამ გზები, სახლები და მოსავალი წაიღო.

“ეს ყველაფერი ერთი დიდი ოკეანეა, არ არსებობს მშრალი მიწა წყლის ამოსატუმბად”, — აღნიშნავს მინისტრი შერი რეჰმანი და “წარმოუდგენელი მასშტაბების კრიზისზე” საუბრობს.

ოფიციალურ პირთა ცნობით, ივნისში მუსონების სეზონის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 1 136 ადამიანია დაღუპული. ზაფხულის წვიმები ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე ძლიერია პაკისტანში, რასაც ხელისუფლება კლიმატის ცვლილებით ხსნის.

პაკისტანი, ხაიბერ-პახტუნხვა, წყალდიდობის შემდეგ. 29.08.2022 ფოტო: EPA/BILAWAL ARBAB

“პირდაპირი მნიშვნელობით, პაკისტანის მესამედი ახლა წყლის ქვეშაა, რაც აჭარბებს ყველა ზღვარს, ყველა ნორმას, რაც აქამდე გვინახავს…”

“მსგავსი რამ არასდროს გვინახავს”, – განუცხადა კლიმატის მინისტრმა სააგენტო AFP-ს.

პაკისტანის მთავრობაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა მესამედი ბავშვები არიან. მათივე ცნობით, მხოლოდ 75 ადამიანი გასულ 24 საათშია დაღუპული და ელიან, რომ რიცხვი კიდევ გაიზრდება.

როგორც BBC წერს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წყალდიდობამ, ჯამში, 33 მილიონი ადამიანი დააზარალა. ქვეყნის ჩრდილოეთში, სვატის ხეობაში, წყალმა ხიდები და გზები წაიღო, სოფლები კი გარესამყაროს მოწყვიტა.

პაკისტანი, ხაიბერ-პახტუნხვა, წყალდიდობის შემდეგ. 29.08.2022 ფოტო: EPA/BILAWAL ARBAB

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ათასობით ადამიანმა, რომლებიც მთიან ადგილებში ცხოვრობენ, ტერიტორია უნდა დატოვოს, თუმცა შესაბამის სამსახურებს ვერტმფრენების გამოყენებითაც უჭირთ სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მიღწევა.

“სოფლები ერთიმეორის მიყოლებით განადგურდა. მილიონობით სახლია დანგრეული”, — ციტირებს ტელეკომპანია პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფს, რომელმაც ვერტმფრენიდან დაათვალიერა სტიქიით დაზარალებული წერტილები.

ისინი, ვინც გაქცევა შეძლეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ ბანაკებში იმყოფებიან.

პაკისტანის მთავრობაში აცხადებენ, რომ “ძალიან ნაადრევი წინასწარი გამოთვლებით”, სტიქიის დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრას $10 მილიარდი მაინც დასჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი