ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უარი ამნისტიაზე” – ქალების აქტივიზმის შედეგი არასწრულოვნის გაუპატიურების საქმეზე აფხაზეთში

9 აგვისტო, 2022 • 2050
“უარი ამნისტიაზე” – ქალების აქტივიზმის შედეგი არასწრულოვნის გაუპატიურების საქმეზე აფხაზეთში

ავტორი: ბეჟან მატუა, სოხუმი


აფხაზეთში სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის ფონზე, სასამართლომ უარი უთხრა ყოფილი დეპუტატის ძმას, ასტამურ ჯოპუას ამნისტიით გათავისუფლებაზე, რომელსაც 2017 წელს  20 წლით პატიმრობა მიესაჯა 14 წლის აუტიზმის მქონე ლიანა ჯაღმაზიასთან სექსუალური კავშირისთვის.

2017 წელს არასრულწლოვნის გაუპატიურების ამ გახმაურებულმა ფაქტმა აფხაზური საზოგადოება ააღელვა და გენდერულ პრობლემებსა და ოჯახში ძალადობას სხვა კუთხით შეახედა. ამ დანაშაულიდან მალევე ჯაღმაზიას ოჯახში სხვა ტრაგედია მოხდა. არასრულწლოვნის მამამ გოგონას და, 22 წლის ანჟელა ჯაღმაზია მოკლა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ასტამურ ჯოპუას დაპატიმრების შემდეგ, გოგონას მამა, რობერტ ჯაღმაზია დაუკავშირდა დაკავებულის ძმას, იმ დროისთვის პარლამენტის დეპუტატს, ალმას ჯოპუას. მასთან რამდენჯერმე საუბრის შემდეგ კი მამამ უფროსი შვილი მოკლა, რისთვისაც დღეს ციხეში სასჯელს იხდის.

მაშინ, 2017 წელს, ჯაღმაზიების გვარის წარმომადგენლები მოითხოვდნენ პარლამენტის დეპუტატის პასუხისმგელობასაც, რომელმაც, მათი მტკიცებით, კაცს შვილის მკვლელობისკენ უბიძგა. თუმცა სამართალდამცველებმა მოვლენებს შორის კავშირი ვერ აღმოაჩინეს და მხოლოდ ასტამურ ჯოპუა გაასამართლეს გაუპატიურების მუხლით.

2020 წელს, როდესაც პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, ასტამურ ჯოპუამ გადაწყვიტა, რომ სხვა მსჯავრდებულების მსგავსად, მასაც აქვს უფლება, ციხე დატოვოს. მაშინ ამნისტიის შესახებ კანონი შეეხო იმ პატიმრებს, ვისაც სამი წელი ჰქონდა მისჯილი პატიმრობა ან ხუთი წელი, იმ შემთხვევაში, თუ საბრძოლო მოქმედებების მონაწილე იყო ან 60 წელზე მეტის, ან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

ასტამურ ჯოპუა ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა, თუმცა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მისი განცხადებით, ის მონაწილეობდა 2008 წელს კოდორის ხეობის გათავისუფლებაში და, შესაბამისდ, სრული უფლება ჰქონდა, ციხე დაეტოვებინა. ორმა – რაიონულმა და სოხუმის სასამართლოებმა მას ამნისტიაზე უარი უთხრეს. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე პირველ ინსტანციაში დააბრუნა, თუმცა საქალაქომაც იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა.

სასამართლოს სხდომებისას ცნობილი გახდა, რომ არ არსებობს დოკუმენტები და პირები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში კოდორში. თუმცა, გენერალური პროკურორის წარმომადგენლის თქმით – ამ ფაქტს მნიშვნელობა არც ჰქონია. 

“რეალურად მონაწილეობდა თუ არა ის საბრძოლო მოქმედებებში, სრულიად უმნიშვნელოა, რადგან ამნისტია ვეტერანობის შემთხვევაშიც არ შეეხებოდა. ის არ არის ამნისტიის ობიექტი”, – ამბობს პროკურორი დაურ ამიჩბა.

სოხუმში ასტამურ ჯოპუას ყველა სასამართლო სხდომას თვალს ადევნებდა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოება. 

აფხაზეთის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელი ასიდა ლომია თავიდანვე აქტიურად გამოხატავდა საკუთრ პოზიციას, რომ ანჟელა ჯაღმაზიას მკვლელობისა და მისი დის გაუპატიურების საქმე ფართოდ უნდა გახმაურებულიყო და ყურადღება არ მოედუნებინათ. 

ქალთა ორგანიზაციების წევრები აფხაზეთის სახალხო კრების შენობაში დეპუტატებს ხვდებიან; 19.06.2017; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

არასამთავრობო სექტორის ჰუმანიტარული პროგრამების ფსიქოლოგებსა და იურისტებს არ გამორჩენიათ არცერთი სასამართლო სხდომა, რადგანაც საზოგადოებრივი მონაწილეობის გარეშე არსებობს ალბათობა, რომ სასამართლოს ბრალდებულების სასარგებლოდ შეუძლია გადაწყვეტილების გამოტანა. ამის მთავარი მიზეზი კი ქალების დაუცველობაა. აქ ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, როგორც წესი, არ ხმაურდება.

აფხაზეთში მხოლოდ სამ შემთხვევაში მოხდა ქალების მიმართ ძალადობის ფაქტების ფართოდ გასაჯაროვება. ეს იყო დები ჯაღმაზიების გაუპატიურება და მკვლელობა, გულგაზ მამედოვისა და 6 წლის ვერჯინა სურმენელიანის მკვლელობები.

ქალები დაუცველები არიან იმის გამოც, რომ მოძალადე მსუბუქ სასჯელს იღებს, როგორც გულგაზ მემედოვას შემთხვევაში მოხდა. ქალი ქმარმა, ვიქტორ ჯანბამ სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე ჩაცხრილა და ამისთვის მხოლოდ 7 წლით დააპატიმრეს.

ადვოკატი, რომელმაცარ ისურვა  საჯაროდ ვინაობის დასახელება, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მსუბუქი სასჯელის მიზეზი უფრო ხშირად შიშითაა გამოწვეული. 

“კორუფცია ხშირად არაა მიზეზი იმისა, რომ დამნაშავეები იმაზე ნაკლებ სასჯელს იღებენ, ვიდრე ეკუთვნით. გავლენიანი ნათესავების მიერ ხდება მოსამართლეების არა მხოლოდ მოსყიდვა. ისინი მათ აშინებენ. ახლა მოსამართლის ხელფასი თვეში დაახლოებით 1500 აშშ დოლარს აღწევს, თუმცა ფინანსურ კეთილდღეობაზე მეტად უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი”. 

ასტამურ ჯოპუას ამნისტიაზე უარი სამჯერ უთხრეს, თუმცა მას ისევ რჩება რამდენიმედღიანი ვადა, რათა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივროს და ადვოკატები დაიქირაოს იმისთვის, რომ მის გასათავისუფლებლად ახალი მიზეზები დაასახელონ. 

ჯოპუა არ არის ერთადერთი დამნაშვე, რომელსაც ღიად პედოფილი უწოდეს და ამ მიზეზითვე გაასამართლეს. ასტამურ ჯოპუას სასამართლოდან ერთი წლის შემდეგ, გაუპატიურების იმავე ადგილზე, ეშერაში, სპორტულ ბაზაზე გაუპატიურების ფაქტზე დააკავეს ვალერი ჭკადუა, აფხაზეთის ჰიმნის ავტორი და პირველი აფხაზური ბალეტის მუსიკის კომპოზიტორი. აღმოჩნდა, რომ ეს არ ყოფილა ერთჯერადი ეპიზოდი და მრავალი წელი გოგონებს აუპატიურებს, ზოგ შემთხვევაში, დედების თანხმობით ან ანაზღაურების სანაცვლოდ. ჭკადუასაც პატიმრობის 20 წელი აქვს მისჯილი. 

“ყველაზე მოწყვლადი კატეგორია აფხაზეთში ღარიბი ოჯახებიდან ქალები და გოგონები არიან. უბრალოდ ლუკმა-პურის გამო ქალები მზად არიან, კაცებს ემსახურონ და საკუთარი შვილი გოგონების გამოყენებით კეთილდღეობა მოიპოვონ”, – ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე აფხაზეთის ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციიდან.

ამასთან, მთელ ამ პროცესებში ორგანიზაციის წარმომადგენელი ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს.

“მე არ ვამართლებ ამ ქალებს, თუმცა უფრო მეტად მაშფოთებს ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ რეაგირებს. ჩვენ დღემდე არ გვაქვს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონი, არ გაგვაჩნია კრიზისული ცენტრი, სადაც აგრესიისა და ძალადობის პირობებში მცხოვრები ქალები შეძლებდნენ თავის შეფარებას. ქალები სულ მარტო არიან საკუთარ პრობლემებთან. გოგონები ვერ იღებენ შესაბამის განათლებას და სქესობრივ აღზრდას. ჩვენი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ამას “ევროპულ ფასეულობებს” უწოდებენ, და ჩვენთან საუბარი სექსზე, მენსტრუაციაზე, ქალების უფლებებზე არ შეიძლება. თუმცა ყველა მომსწრე ვართ – საით მივყავართ ამ მიდგომას. ეს შემთხვევები არ არის ერთეული და ჩვენ გარშემო დადიან ადმიანები, რომლებიც დღეს თუ არა, ხვალ ისევ გააუპატიურებენ სკოლის მოსწავლეებს. და ეს ყველაფერი მოხდება იქამდე, სანამ შესაბამისი რეაქცია არ იქნება”.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე იხსენებს შემთხვევებს, როდესაც სკოლაში, ბოტანიკურ ბაღსა და სოხუმის სანაპიროზე სკოლის მოსწავლეებთან სექსის ფაქტებზე საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო. 

“ბავშვები და მოზარდები ბედის ანაბარა არიან, სქესობრივი აღზრდის თემები ტაბუდადებულია. ბავშვები ხდებიან მსხვერპლები”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი