ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იდეალური სამართალი აფხაზურად?

2 ივლისი, 2017 • 4045
იდეალური სამართალი აფხაზურად?

აუტიზმის მქონე არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურება აფხაზეთში  უჩვეულო მოვლენაა, რამაც საზოგადოებაზე ძლიერი გავლენა მოახდინა. დანაშაულზე რეაქცია მწვავე იყო. იყო შემთხვევებიც, როდესაც სოციალურ ქსელებში აფხაზი მომხმარებლები ყველა შესაძლო ჩარჩოს სცილდებოდნენ და დამნაშავის სიკვდილით დასჯაზე საუბრობდნენ.

რა თქმა უნდა, მსგავსი რამ მხოლოდ აფხაზური საზოგადოებისთვის არ არის დამახასიათებელი. ეს არის ემოციების გამოვლენის ტიპური თანამედროვე ქსელური კულტურა, რიგ შემთხვევებში- ველურობაც, რომელსაც ხშირად ანონიმური მომხმარებლები აფარებენ თავს. ასეთი მძაფრი ემოციები გარკვეულწილად გასაგებიც იყო. გამოძიების ცნობით, გოგონა იარაღის მუქარით გამოსტაცეს დედას და სხვა დასახლებულ პუნქტში გაიყვანეს. დამნაშავემ ის ჯერ დააბა, შემდეგ სცემა და გააუპატიურა.

მალევე  ყურადღების ცენტრში დანაშაულის პოლიტიკური ასპექტი მოექცა. სავარაუდო დამნაშავე ასტამურ ჯაპუაა (უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვივიწყებთ), ოფიციალური მონაცემებით, არასრულწლოვნის გაუპატიურებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან დაითხოვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა აქტიურად დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი აღვირახსნილი გარემოა აღნიშნულ სტრუქტურაში. ასევე ვარაუდი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ის სამსახურიდან იქამდე არ დაუთხოვიათ.

ეს სასტიკი დანაშაული სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ჯაპუას გვარისთვის, რომელსაც საკმაოდ ცნობილი ადამიანები მიეკუთვნებიან – პოლიტიკოსები და მაღალჩინოსნები. მათ შორისაა ეჭვმიტანილის ღვიძლი ძმა, ცნობილი დეპუტატი ალმას ჯაპუა, რომელიც აქამდე პარტია “აინარს” წარმოადგენდა (30 ივნისს მან პარტია დატოვა). მას ამ ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს.

თუმცა, ყველაფერი თანმიმდევრობით. დანაშაულის შესახებ დაზარალებული გოგონას დედამ განაცხადა. გატაცებისა და გაუპატიურების შესახებ განცხადების საფუძველზე ეჭვმიტანილად ცნობილი ასტამურ ჯაპუა თავიდან სამართალდამცავებს ემალებოდა. ამ პერიოდში საზოგადოებამ მას ყველა შესაძლო სასჯელი უსურვა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მოულოდნელად ჟურნალისტ ნიზფა არშბას მასალაში მისი ინტერვიუ გაჩნდა. ინტერვიუში ჯაპუა თავისი უდანაშაულობისა და სამართალდამცავებისთვის ჩაბარების გეგმაზე საუბრობდა (მოგვიანებით ასეც მოიქცა).

აღნიშნული ინტერვიუ ჟურნალისტის შოკის მომგვრელი, მსგავსი შინაარსის განცხადებით სრულდებოდა: “ისტორია მართლაც უცნაურია. მისი გაგების შემდეგ მე ვითხოვდი იმ ადამიანის დასჯას, რომელმაც გოგონას მიმართ ბარბაროსული, უხამსი, დამამცირებელი დანაშაული ჩაიდინა. ძალიან ბევრი ვიფიქრე მის მომავალზე, მისი ოჯახის მომავალზე, რომლის ღირსებაც და პატივიც შეილახა. შემდეგ ფარდა აეხადა გარკვეულ გარემოებებს და ახლა ორი კითხვაღა მაქვს – გააჩნდა თუ არა პატივი და ღირსება ამ ოჯახს და სად იყურებოდა მრავალრიცხოვანი ნათესაობა მაშინ, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები საკუთარი შვილების მომსახურებას ყიდნნენ, როგორც მონებს, ასეთ სექსდაწესებულებებში”.

აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ერთსულოვან აზრს, ჯაპუას პასუხისმგებლობაში მიცემის საჭიროებაზე, მცირე ბზარი გაუჩნდა. გამოჩნდნენ ადამიანები, ძირითადად ანონიმები, რომლებიც წერდნენ: აი, ხომ იცით, როგორები არიან დღეს 13-14-წლისანები, უკვე ჩამოყალიბებულები, თავად ეკიდებიან კაცებს [მაგალითად, ჩემი წყაროების ცნობით, გოგონა თავისი ასაკის შესაბამისად განვითარებული არ იყო, გარდა ამისა, მან ლაპარაკიც ახლახან დაიწყო]. ვიღაცამ ისიც დაწერა, რომ გოგონას ოჯახი არ იყო ფინანსურად უზრუნველყოფილი და ამიტომ მხარეებს მორიგებაც შეეძლოთ და ა.შ. რა თქმა უნდა, მათაც პასუხობდნენ, რომ არაფერი ამართლებდა გაუპატიურებას; რომ თუკი საუბარი შეეხო არასწრულწლოვნებით ვაჭრობას, ამ სექსმომსახურებების მიმღები პირები დამნაშავენი არიან და მათი სახელებიც დასახელებული უნდა იყოს.

ამბის გაგრძელება კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდა უკლებლივ ყველასთვის – საზოგადოებამ გაუპატიურებული გოგონას უფროსი დის მკვლელობის შესახებ შეიტყო. კიდევ ერთი შოკი ის იყო, რომ 23 წლის გოგო მისმა მამამ მოკლა. დანაშაულის სხვა დეტალებე უკვე მთელმა აფხაზეთმა შეიტყო იმ ორი მიტინგიდან, რომელშიც გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მკვლელობაში ბრალდებული მამის ორივე დამ დეპუტატი ალმას ჯაპუა შვილის მკვლელობამდე მიყვანაში დაადანაშაულა. ისინი ყვებოდნენ, რომ დეპუტატი მას რამდენჯერმა შეხვდა და ყოველ შეხვედრაზე მისი უფროსი შვილის “შეუფერებელ” ქცევებზე ელაპარაკებოდა.

ოჯახის ნათესავების განცხდებით, მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და უმცროსი შვილის გაუპატიურების შემდეგ მამამ ის დაუყოვნებლივ საკუთარ სახლში წაიყვანა; რომ მამა არ გეგმავდა უფროსი შვილის მკვლელობას; რომ შვილები არ წყვეტდნენ მასთან კონტაქტს და უყვარდათ ის; თუმცა ყველაფერი, ალმაზ ჯაპუას წაქეზების შედეგად, მკვლელობით დასრულდა.

ამ საზარელ ამბავს დასასრული არ აქვს. ყველა კითხვას პასუხი სასამართლომ უნდა გასცეს. პროცესის დროს, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი შოკი სმომგვრელი ფაქტი გამოვლინდება. უფრო ზუსტად კი, შესაძლებელი იქნებოდა გამოვლენა.

ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, რომ აფხაზური მართლმსაჯულება საქმის ბოლომდე გამოძიებას შეძლებს. თუმცა ამაში ეჭვი ეპარება აფხაზურ საზოგადოებას. ის მოთხოვნა კი, დამნაშავე საჯაროდ და წამებით სიკვდილით დასაჯონ, არა მხოლოდ ველურობაა, არამედ მართლმსაჯულების ღრმა უნდობლობა. ადამიანები ყოველდღიურად ხედავენ, თუ როგორ არღვევენ გავლენიანი აფხაზური ოჯახების წარმომადგენლები კანონს და პასუხს არ აგებენ.

აქრაიკისთვის მიმართვაც სწორედ ამასთანაა კავშირში. ამ დანაშაულის გარემოებების განხილვის დროს ერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა და ბლოგერმა უახლოესი წარსულიდან მაგალითი მოიყვანა: მამამ [სახელს არ დავასახელებ] სასოწარკვეთილი შვილი დაინახა და ათქმევინა, რომ მან გოგონა გააუპატიურა და მოკლა. შვილმა მამა დანაშაულის ადგილზე მიიყვანა, ამოთხარა ცხედარი, რის შემდეგაც მამამ შვილს ესროლა და მოკლა. მამამ გოგოს ცხედარი მის მშობლებს მიუყვანა და მათთან ერთად დაიტირა გოგონა, და არა საკუთარი შვილი.

ამ კონსტრუქციის მიხედვით, არსად ჩანს რეალური გამოძიება, ჩვენებები, ექსპერტიზა, უდანაშაულობის პრეზუმფცია. ამ კონსტრუქციით, როგორც ჩანს, ჯაპუებმა თავად უნდა მოკლან დამნაშავე, რომ ლაქა ჩამორეცხონ საკუთარ გვარს და ახალი სისხლისღვრა არ დაუშვან. დამნაშავემ კი დანაშაული უნდა აღიაროს.

რა თქმა უნდა, ეს მოდელი უმრავლეს შემთხვევაში არარეალისტურია. თუმცა სწორედ ის ამოტივტივდება ხოლმე ზედაპირზე, როდესაც სახელმწიფო თავის  ფუნქციებს ვერ ასრულებს, როდესაც კანონი უზენაესი არაა და მართლმსაჯულების მექანიზმი არა მოსამართლეების, არამდე კლანებისა და ავტორიტეტების ხელშია.

უბედურების სათავეც ეს არის.

ქალთა ორგანიზაციების წევრები აფხაზეთის სახალხო კრების შენობაში დეპუტატებს ხვდებიან; 19.06.2017; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი
ქალთა ორგანიზაციების წევრები აფხაზეთში არასწრულოვანის გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის ფაქტებზე სამართლიანი გამოძიების მოთხოვნით აფხაზეთის სახალხო კრების შენობაში დეპუტატებს ხვდებიან; 19.06.2017; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი

 

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი