ახალი ამბები

როგორ ანგრევს მითები საბჭოთა კავშირზე აშშ–ს საგარეო პოლიტიკას

28 აპრილი, 2010 • 3138
როგორ ანგრევს მითები საბჭოთა კავშირზე აშშ–ს საგარეო პოლიტიკას

უმცროსი ჯეკ მეტლოკის 35 წლიანი მოღვაწეობის გათვალისწინებით აშშ–ს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის ამერიკის ელჩის პოსტზეც საბჭოთა კავშირში, იგი, თითქოს უნდა იზიარებდეს აშშ–ს საგარეო პოლიტიკისთვის ტრადიციულ წინამძღვრებს. თუმცა თავის წიგნში „ზესახელმწიფოს ილუზია: როგორ ანგრევს ამერიკას მითები და ყალბი იდეოლოგიები და როგორ უნდა დაუბრუნდეს ის რეალობას“ მეტლოკი იმ მითებს აკრიტიკებს, რომლებიც აშშ–ს დიპლომატიას და საგარეოპოლიტიკურ სტრატეგიას განსაზღვრავს.

მითმა იმის შესახებ, რომ „ცივი ომი“ დასრულდა, რეალობისგან მოწყვეტილ იდეოლოგიებთან ერთად, ამერიკას უხეში შეცდომების მთელი სერია დააშვებინა, რომლებმაც მისი ძალები გამოფიტა და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

მითი №1: „ცივი ომი“ საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დასრულდა.
არა! „ცივი ომი“ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე დასრულდა.

მითი 2: საბჭოთა კავშირის კომუნისტური მმართველობა სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შედეგად დაინგრა.
არა! მიხეილ გორბაჩოვმა შეარყია პარტიის კონტროლი ქვეყანაზე, რადგან ეს კონტროლი დაბრკოლებას უქმნიდა იმ რეფორმებს, რომლებსაც გორბაჩოვი აუცილებლად მიიჩნევდა.  

მითი №3: საბჭოთა კავშირი დაინგრა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების ზეწოლის შედეგად.
არა! საბჭოთა კავშირის კოლაფსი შიდა წინააღმდეგობებმა გამოიწვია და არა საგარეო ზეწოლამ.  

ეს მითები იმ ტენდენციის შედეგად გაჩნდა, რომელიც იმ სამ სხვადასხვა, თუმცაღა ერთმანეთთან დაკავშირებულ მოვლენას აერთიანებდა ერთიან კონგლომერატში, რომლებიც გეოპოლიტიკურ სიმყიფეს მოასწავებდნენ:    

(1) „ცივი ომის“ დასრულება“ (1988–89)
(2) საბჭოთა კავშირში კომუნისტური პარტიის როლის შესუსტება (1989–91)
(3) საბჭოთა კავშირის დაშლა (1991 წლის დეკემბერი)

„ცივი ომი“ მშვიდობიანად, მოლაპარაკებების პროცესში, იმ პირობების გათვალისწინებით დასრულდა, რომლებიც რეფორმების პროცესში მყოფი საბჭოთა კავშირის ინტერესებს შეესაბამებოდა. პრეზიდენტმა რეიგანმა შეთანხმების პირობები საერთო ინტერესების საფუძველზე შეადგინა. გორბაჩოვმა დროულად მიიღო მისი პოლიტიკური პროგრამა, რადგან ის საბჭოეთის ინტერესებში შედიოდა. როგორც მოგვიანებით გორბაჩოვმა აღნიშნა, „ჩვენ ყველამ გავიმარჯვეთ „ცივ ომში““.  

გამალებული შეიარაღების დასრულებამ გორბაჩოვს შიდა რეფორმებზე კონცენტრირების საშუალება მისცა, რითაც მან თავის მხრივ კომუნისტური პარტიის ხელისუფლების მონოპოლიას ბოლო მოუღო, გამოიყენა რა ძირითად ინსტრუმენტად კონკურენტული არჩევნები. პრეზიდენტმა რეიგანმა აღიარა და ამის შესახებ საჯაროდაც განაცხადა, რომ გორბაჩოვის საბჭოთა კავშირმა „ბოროტების იმპერიად“ არსებობა შეწყვიტა.

მართალია შეერთებული შტატები ყოველმხრივ მხარს უჭერდნენ ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის დამოუკიდებლობას, თუმცა ისინი გორბაჩოვის მისწრაფებასაც იწონებდნენ, რომელსაც სურდა დანარჩენი თორმეტი საკავშირო რესპუბლიკისგან ნებაყოფლობითი ფედერაცია შეექმნა. სსრკ–ს დაშლა, რაც შიდა ფაქტორებმა განაპირობა ამერიკული პოლიტიკის არა გამარჯვება, არამედ მარცხი იყო.          

მითი №4:რუსეთი „ცივ ომში“ დამარცხდა.
არა! დღევანდელი რუსეთის ფედერაცია „ცივ ომში“ მხარე არ იყო. ის მხოლოდ იმ იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც კომუნისტები მართავდნენ. 1990 და 1991 წელს არჩეული რუსეთის ლიდერების ორიენტაცია პროდასავლური იყო დას ისინი კომუნისტური ღირებულებების დემოკრატიული ფასეულობებით შეცვლისკენ მიისწრაფვოდნენ.   

მითი №5: „ცივი ომი“ უნდა განვიხილოთ, როგორც მესამე მსოფლიო ომი.
არავითარ შემთხვევაში! „ცივი ომი“ – მხოლოდ მეტაფორაა. რეალური ომი შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს საბჭოთა კავშირთან არ ჰქონიათ. ასეთი ომი მართლაც რომ ყოფილიყო, ჩვენ დღეს მასზე სავარაუდოდ ალბათ ვერაფერს ვეღარ დავწერდით.

ყველა ეს მითი „ზესახელწმიფოს“ ყალბ აღქმას უკავშირდება. ამერიკის შეერთებული შტატები და სსრკ ზესახელმწიფოებად ითვლებოდნენ, რადგან ამ ქვეყნებში მსოფლიოს განადგურების რესურსი არსებობდა. ისინი არ ყოფილან ზესახელმწიფოები იმ გაგებით, რომ საკუთარი უპირატესი სამხედრო ძალის გამოყენებით მსოფლიოს გარდაქმნა შეეძლოთ. „ცივი ომის“ დასრულებამ შეამცირა ამერიკის გავლენა, რაც დიდწილად იმის შედეგი იყო, რომ მას სხვა ქვეყნების კომუნისტური აგრესიისა და ინფილტრაციისგან დაცვის უნარი გააჩნდა. სამყარო „ერთპოლარული“ უცბად არ გამხდარა; თავად „ერთპოლარულობის მომენტიც“ კი არ ყოფილა (რაც შეეხება ისეთ სამხედრო ძლიერებას, რომელსაც სამყაროს განადგურება შეუძლია, შეერთებულ შტატებს და რუსეთს თავიანთი ბირთვული არსენალებით, ასეთი შესაძლებლობა დღემდე გააჩნიათ).         

„ცივი ომის“ შემდეგ, მართალია შეერთებული შტატები არ იყო ზესახელმწიფო იმ გაგებით, რომ მას სხვა ერების წარმატებულად მართვა შეეძლო, თუმცა, სხვა ქვეყნებზე მეტი უპირატესობით სარგებლობდა. ეს იყო უსაფრთხო მსოფლიოს შექმნის შესაძლებლობა იმ საერთაშორისო სტრუქტურების განმტკიცებით, რომლებიც ლოკალურ კონფლიქტებზე, უუნარო სახელმწიფოებზე, ორგანიზებულ დანაშაულსა და ტერორიზმის საფრთხეზე მუშაობენ. ეს იყო უცხოეთში სამხედრო ვალდებულებების შემცირების (აღარ არსებობდა საბჭოთა კავშირი, რომლის შეკავებაც იყო საჭირო) და რეიგანის, უფროსი ჯორჯ–ბუშისა და გორბაჩოვის მიერ დაწყებული ბირთვული შეიარაღების განადგურების დაჩქარების შესაძლებლობა.              

თუმცა, კლინტონის ადმინისტრაცია, რომელსაც თანმიმდევრული სტრატეგია არ გააჩნდა, ისეთ ლოკალურ კონფლიქტებში ჩაება, რომლებიც აშშ–ს უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ იყო და რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭო მხარს არ უჭერდა. მან ვერ შეძლო რუსეთის, როგორც სანდო პარტნიორის ევროპულ სტრუქტურებში შეყვანა, არამედ მას, როგორც დამარცხებულ ერს ისე ეპყრობოდა, რითაც დემოკრატიის და მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებში სრულუფლებიანი თანამშრომლობის პერსპექტივები შეარყია.        

თუკი კლინტონის ადმინისტრაციამ ეს შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა, ბუში–ჩეინის ადმინისტრაციამ ისინი მთლიანად მოსპო. მათ აშშ–ზე ტერორისტების შესაძლო თავდასხმებზე (რომელთა პრევენციაც შეიძლებოდა და აუცილებელიც იყო) წინასწარ გაფრთხილებებს იგნორორება გაუკეთეს და სანაცვლოდ ერაყში შეიჭრნენ მაშინ, როდესაც ამისთვის არც მკაფიო მიზეზი და არც საერთაშორისო ორგანიზაციების თანხმობა არ გააჩნდათ, მათ იგნორორიება გაუკეთეს, ან მთლიანად უარი თქვეს საკუთარ სახელშეკრულებო ვალდებულებებზე, ბლოკავდნენ ბირთვული შეიარაღების შემცირებას და განახორციელეს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც ბირთვული იარაღის გავრცელებას უფრო უწყობდა ხელს, ვიდრე შეკავებას. ბედის ირონიით, პრეზიდენტი, რომელიც აცხადებდა, რომ პრეზიდენტ რეიგანის პოლიტიკით აღფრთოვანებული იყო, ხშირად აბსოლუტურად მის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებდა, როგორც არსობრივად, ასევე შესრულების მეთოდებით.

მითები „ცივ ომსა“ და მის დასრულებაზე იმ თეორიებთან ერთად, რომლებიც, ლოგიკურად თითქოს დასაბუთებულიცაა, თუმცა ძალიან შორსაა რეალობისგან, ამერიკის შიდა ძალები შეარყია. ყველაფერზე საბაზრო ფუნდამენტალიზმი ბატონობდა, და კონტროლის შესუსტება ბანკებსა და ფინანსურ ბაზრებზე ხელს უწყობდა სუბსტანდარტული კრედიტირების ხელოვნურ გაბერვას, რასაც 2008 წელს ფაქტობრივად ფინანსური სისტემის კრახი მოჰყვა. ორი ომის წარმოების მიუხედავად გადასახადების შემცირება იმით დასრულდა, რომ ქვეყანაში უპრეცედენტო საბიუჯეტო დეფიციტი მივიღეთ, და აღმოჩნდა, რომ მკვეთრი ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად, რომელთა შედეგადაც მისი განათლების სისტემა და ინფრასტრუქტურა დაზარალდა, ქვეყნაში კვლავ გაჭირვებაა. ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უმსხვილეს მოვალედ იქცა.

ამ მომენტისთვის პოლიტიკური დებატების წარმოება დამახინჯებული სლოგანების გამოყენებამდე დავიდა. სინამდვილეში, არაფერი „კონსერვატიული“ იმაში არ არის, რომ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი გქონდეს, შეიჭრა სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ პირდაპირ და უშუალო საფრთხეს, და გააბუქო უსაფრთხოების სამსახურების მონაცემები, ხანდახან კი მათი ცრუ ანგარიშების ფაბრიკაციაც მოახდინო; თუმცა პოლიტტექნოლოგებმა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს, რომ რადიკალური, მაღალ რისკთან დაკავშირებული და აშკარად არალეგალური პოლიტიკა, „კონსერვატიულია“. სინამდვილეში, საგარეო პოლიტიკის, ისევე როგორც საშინაო პოლიტიკის ბევრი საკითხის „კონსერვატიულ–ლიბერალური“ სკალით შეფასება არ შეიძლება.

ობამას ადმინისტრაციამ სახელმწიფოს კურსი უფრო კონსტრუქციული გახადა. წიგნში, სადაც ბევრი  დამადასტურებელი მაგალითებია, ავტორი წერს ერაყის და ავღანეთის ომებზე, ბირთვული იარაღის ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში გამოყენებაზე, რუსეთზე, ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე, ანტისარაკეტო თავდაცვაზე და ისრაელ– პალესტინის პრობლემაზე. მართალია, პრეზიდენტი ობამა, საერთო ჯამში, ზომიერი ცვლილებების კურსს ატარებს, თუმცა ის მნისვნელოვან წინააღმდეგობებს აწყდება, როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მას ჯერ კიდევ უწევს იმ ზიანის შედეგებთან გამკლავება, რომელიც ერს წინა ადმინისტრაციებმა მიაყენეს და დამკვიდრებულ „განსაკუთრებულ ინტერესებთან“ ბრძოლა, რომლებიც ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან, და რითაც ზოგჯერ მისი საკუთარი ადმინისტრაციაც სცოდავს.

წყარო: http://foreignpress.ge

ორიგინალი 

მასალების გადაბეჭდვის წესი