ახალი ამბები

სახელმწიფო 10 505 ჰა-ზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ყიდის

24 აგვისტო, 2022 •
სახელმწიფო 10 505 ჰა-ზე ოქროს მოპოვების ლიცენზიას ყიდის

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ელექტრონული აუქციონით ყიდის ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო-პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიას.

ლიცენზიით სარგებლობის ვადა 30 წელია, ხოლო ტერიტორიის ფართობი 10 505 ჰექტარზე მეტია.

სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასი 3 მილიონი ლარია, თუმცა, ამ დროისთვის, არცერთ დაინტერესებულ მხარეს წინადადება არ წარმოუდგენია. აუქციონის დასრულებამდე 5 დღეა დარჩენილი.

იმ ტერიტორიის რუკა, რომელზეც ლიცენზია უნდა გაიცეს. ფოტო: eauction.ge

როგორც აუქციონზე თანდართული დოკუმენტებიდან ჩანს, რესურსების სააგენტომ 12 აპრილს მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა თქვა, რომ „მოქმედი კანონმდებლობისა და თქვენს [რესურსების სააგენტოს] წერილში მითითებული პირობების გათვალისწინებით,“ წინააღმდეგი არ არის, გაიცეს ლიცენზია.

ამავე დოკუმენტაციაში ასევე მოიპოვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს 25 მაისის წერილი. ამ წერილში გაწერილია ის პირობები, რომლებიც უნდა ამოქმედდეს, თუ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობისა და არქეოლოგიური ობიექტების აქამდე უცნობი ძეგლები გამოვლინდება.

აუქციონში ასევე გაწერილია ის 30 ვალდებულება, რომელიც ლიცენზიის მფლობელს ექნება. მათ შორის, 5 წლის ვადაში – „ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, ჯამურად განახორციელოს არანაკლებ 12 000 000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, მათ შორის, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 16 თვის ვადაში ძებნა-ძიებითი სამუშაოებისთვის განახორციელოს არანაკლებ 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია“.

ამასთანავე, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან მფლობელმა მუდმივად უნდა დაასაქმოს საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქე, ხოლო შემდგომ, საბადოს ექსპლუატაციის ეტაპზე — საქართველოს არანაკლებ 150 მოქალაქე.

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და RMG-ის პასუხი

23 აგვისტოს ბრიფინგზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ ტენდერი მორგებულია ბიძინა ივანიშვილისა და მისი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ინტერესებზე.

ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა თქვა, რომ ტენდერის შედეგად 7 სოფლისა და ასობით ათასი ჰექტრის გადათხრა-გავერანება იგეგმება, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

„ამ ტენდერის ტექნიკური პირობები პირდაპირ RMG-ზე, ანუ რუსების და ბიძინა ივანიშვილისა და უჩა [მამაცაშვილის] კომპანიაზეა მორგებული. ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე და აქვე სიმბოლურად ჩადეს საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან კარგად იციან, რომ არც არავინ დაითვლის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობას, ხოლო ოქრო და სპილენძის მოძიება-მოპოვებაში გაღებული მიმდინარე ხარჯები, ანუ ტექნიკის შეყვანა, სათადარიგო ნაწილები და სხვა, ამ კომპანიის მიერ გასაღებული იქნება ინვესტიციად“, – თქვა ბრიფინგზე პეტრე ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილი ასევე დასძენს, რომ ივლისის ბოლოს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეშვიდე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც სრულად კრძალავს  რუსული ოქროს ექსპორტს.

„შესაბამისად, არის სერიოზული ეჭვი, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები სწორედ რომ „RMG გოლდის“ სიმძლავრეებს იყენებენ, რათა რუსი პარტნიორები მტკივნეულ ფინანსურ პრობლემებს აარიდონ.

სანქცირებული რუსული ოქრო საქართველოში მოპოვებულ ოქროდ გაასაღონ და ჩვენი ქვეყნის გავლით უკანონო რეექსპორტი მოახდინონ. ოლიგარქს ეს დამატებითი ტერიტორია მოკლევადიან გეგმებში სჭირდება იმის გასამართლებლად, რომ მოპოვების არეალი გაფართოვდა, მეტი კარიერი გაიხსნა. შესაბამისად, ვითომ სწორედ აქედან ხდება ჭარბი ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვება და რეალიზაცია“, – ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

ამ ბრიფინგის საპასუხოდ RMG ჯგუფმა 23 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. კომპანიის ცნობით, ენმ-ის მიერ ნახსენები სატენდერო ტერიტორია 2011 წლიდან შედიოდა “არემჯის” სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ტერიტორია 2020 წელს სახელმწიფომ დაიბრუნა და აღარ არის “არემჯის” სტრატეგიული ინტერესის ნაწილი. შესაბამისად, როგორც კომპანია ირწმუნება, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე.

„ამასთანავე, აღნიშნულ მედიამიმართვაში რამდენჯერმე გაიჟღერა კომპანიის კავშირებზე ბატონებთან – ბიძინა ივანიშვილთან და უჩა მამაცაშვილთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი აღნიშნულ პირებთან და ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. შესაბამისად, აღნიშნული გავრცელებული ინფორმაციაც არის სიცრუე.

რაც შეეხება “რუსულ ოქროსთან“ კავშირების თემას, ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი ბრალდებები, რადგან “არემჯი” წლებია ოპერირებს საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით. კომპანია სრულად გამჭვირვალეა, მათ შორის, საბოლოო ბენეფიციარების ნაწილშიც“, – წერს კომპანია.

RMG ასევე ამბობს, რომ ემიჯნება ნებისმიერი სახის პოლიტიკურ პროცესებს და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, ნუ გამოიყენებს ბიზნესს საკუთარი ინტერესებისთვის და პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი