ახალი ამბები

ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური — კვლევა RMG-ის საქმიანობის გავლენაზე

1 მარტი, 2019 • 1787
ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური — კვლევა RMG-ის საქმიანობის გავლენაზე

კომპანია “არ ემ ჯი (RMG) გოლდი”, რომელიც ქვემო ქართლში ოქროსა და სპილენძს მოიპოვებს, მწვავე ზიანს აყენებს გარემოსა და მოსახლეობას; მისი საქმიანობა ნეოლიბერალური პოლიტიკის პირობებში მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოს ჩარევასა და შეზღუდვების დაწესებაში აკავებს, — ამბობს ახალი კვლევა, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.

დერეგულირების პოლიტიკას, კვლევის ავტორის თანახმად, ელიტური კორუფციული გარემო ემატება, “რომლის მეშვეობითაც კომპანიის ფუნქციონირების კონკრეტული საკითხები კანონდარღვევებითა და აშკარა ლობირების გზით ხორციელდება”.

პუბლიკაციის თანახმად, “ხელისუფლება, ერთი მხრივ, თვალს ხუჭავს კომპანიის მიერ ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე მიყენებულ უარყოფით ზემოქმედებაზე, მეორე მხრივ, მის მხარდაჭერას საკუთარი რესურსების მობილიზებით (ადგილობრივი თვითმმართველობისა და ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობა კომპანიისთვის კონფლიქტის ასარიდებლად) ცდილობს”.

კვლევა, — “ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე”, — მკვლევარმა მარიამ დევიძემ ჩაატარა ბიოლის ფონდის პროექტის ფარგლებში სოციოლოგიის პროფესორის, ლია წულაძის ხელმძღვანელობით.

გარემოსთვისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი

დევიძის თანახმად, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ “კომპანიის მიერ გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებული სოციალური ზიანი მწვავეა”.

ასე მაგალითად: “გარემოზე მიყენებული ზიანის კუთხით, კომპანია აბინძურებს ჰაერს, წყალსა და ნიადაგს, რაც აზარალებს მოსახლეობის მრავალწლიან და ერთწლიან ნარგავებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, და ამცირებს ადგილობრივების შემოსავალს”.

“უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზეც ვლინდება. კომპანიის საქმიანობამ შეიწირა სოფლის ტყე, საძოვრები და სახნავ-სათესი მიწები. საწარმოს სალიცენზიო ტერიტორიების მიმდებარე ბევრ დასახლებაში სოფლის მეურნეობა აღარ არის ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყარო, მაშინ როდესაც საწარმოს გახსნამდე, ამ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები აქტიურად იწარმოებოდა და ექსპორტზეც გადიოდა”.

“სოფლის მეურნეობას აქტიურად მისდევენ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, თუმცა ნარგავებს მდინარე ფოლადაურის დაბინძურებული წყლით რწყავენ და დაბინძურებულ პროდუქციას ძირითადად თბილისის ბაზარზე ასაღებენ”, – წერს ავტორი.

კვლევაში საუბარია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც: “სოფელში გაზრდილია სიკვდილიანობისა და მძიმე დაავადებების რიცხვი. კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა და თავიანთი ხელფასით მედიკამენტების შეძენის შესაძლებლობა; ხოლო დაუსაქმებელი ოჯახები ამ მხრივ ორმაგად იჩაგრებიან – არც სამედიცინო სერვისებთან აქვთ წვდომა და არც შემოსავალი, რომ წამლების შეძენა მაინც შეძლონ. გარდა ამისა, მოსახლეობის მოწყვლადობას სხვა სოციალური პრობლემებიც ზრდის: სიღარიბე, მიგრაცია, ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების მოწყვლადობის განსაკუთრებული ზრდა, საცხოვრებლების დაზიანება, უკმაყოფილების გამოხატვის შიში და მისი თანმდევი ნიჰილიზმი”.

ამ პრობლემებს უფრო ამწვავებს ადამიანის უფლებების დარღვევები როგორც საწარმოში, “არასათანადო შრომითი პირობების სახით”, ისე “ძალოვანი სტრუქტურების მიერ მოსახლეობაზე ზეწოლითა და დაშინებით”.

“გარდა ამისა, საერთაშორისო პრინციპებიდან დარღვეულია მოსახლეობის ინფორმირებისა და საწარმოს საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში მისი ჩართულობის ასპექტიც”.

თუმცა აღმოჩნდა, რომ “ამ ყველაფრის მიუხედავად, რესპონდენტების ერთი ნაწილი საწარმოს არსებობას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვინაიდან ფინანსური სარგებელი მათთვის გადამწყვეტია”. სოფელ ბალიჭის მკვიდრი კაცი მკვლევართან საუბრისას ამბობს, რომ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობის გარეშე “დავიხოცებოდით შიმშილით. სოფელი დაიცლებოდა”.

RMG Gold ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამთომომპოვებელი კომპანია და მსხვილი დამსაქმებელია; თუმცა, როგორც ავტორი წერს, “მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულები და მათი ოჯახები შემოსავლის სახით კომპანიისგან მნიშვნელოვან სარგებელს იღებენ, დასაქმების საკითხების უკან ბევრი პრობლემა ვლინდება, მათ შორის: არასათანადო შრომითი პირობები, ადამიანების უფლებების დარღვევის შემთხვევები, ნეპოტიზმი და ა.შ., რაც რესპონდენტების უკმაყოფილებას იწვევს”.


მოსახლეობის “ნიჰილიზმი, ნეოლობერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ველი, კომპანიის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების დაწესების თუ ცვლილებების გატარების ნაკლები მოლოდინ და შესაძლებლობა კომპანიას უტოვებს არჩევანს, გამოიჩინოს კეთილი ნება პროცესების გასაუმჯობესებლად, თუ განაგრძოს გარემოსა და ადამიანების ექსპლუატაცია”.

გაეცანით კვლევის სრულ ვერსიას ნეტგაზეთზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი