ახალი ამბები

სსც მუშევანში RMG-ისთვის წიაღისეულის მოპოვებაზე გაცემულ ნებართვას გაასაჩივრებს

11 ნოემბერი, 2022 • 921
სსც მუშევანში RMG-ისთვის წიაღისეულის მოპოვებაზე გაცემულ ნებართვას გაასაჩივრებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოს დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სსც-ის შეფასებით, 1 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოფელ მუშევანთან ახლოს ოქროს მოპოვებაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონით განსაზღვრული მთელი რიგი პროცედურებისა და მოთხოვნების დარღვევით გასცა.

„გარდა იმისა, რომ პროცესში ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, სააგენტომ, ასევე, კანონის დარღვევით არ განიხილა და უგულებელყო  ჩვენი ორგანიზაციისა და გარემოსდაცვითი ექსპერტის მიერ წარდგენილი შენიშვნები. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს, სასამართლოში გაასაჩივროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

მუშევანის მოსახლეობის ნაწილი RMG Gold-ის მიერ სოფლის სიახლოვეს სასარგებლო წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების წინააღმდეგია. სსც-ის ცნობით, ოქროს და სპილენძის წიაღისეულის მოპოვება სოფელ მუშევანიდან 808 მეტრში ღია კარიერული წესით მოხდება, რაც მოითხოვს კვირაში 1-2 აფეთქებას, ხოლო მოპოვებული მადნის ტრანსპორტირება დაგეგმილია ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით. გარდა ამისა, სოფელთან ახლოს იგეგმება მასშტაბური დამხმარე ინფრასტრუქტურის აგება. კერძოდ, დაგეგმილია საწარმოო მოედნის, მომსახურე პერსონალის ოფისის, ტექნიკის ავტოსადგომის, მისასვლელი გზების და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა.

„გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მხოლოდ 11,27 ჰა ფართობის ტერიტორიაზე გაიცა, თუმცა ლიცენზიით განსაზღვრული სამთო მინაკუთვნის საერთო ფართობი 175,8 ჰექტარია, რაც ნიშნავს იმას, რომ შესწავლის და მარაგების დაზუსტების საფუძველზე, კომპანიას აქვს უფლება, მოითხოვოს ახალი ნებართვების გაცემა აღნიშნულ ტერიტორიაზეც. მოსახლეობა წუხს, რომ საქმიანობის მასშტაბიდან გამომდინარე, მოპოვება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს მათ სოფელზე. მით უმეტეს, რომ, როგორც საქართველოში წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვების გამოცდილება აჩვენებს, ეს საქმიანობა მძიმე შედეგებს უკავშირდება გარემოსთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის — გარდა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანისა, მოპოვება, მიწის დაბინძურების გამო, შეიცავს სარჩოს დაკარგვის რისკებს. სწორედ ამიტომ, ამგვარი რისკები და შესაბამისი შემამსუბუქებელი ღონისძიებები სათანადოდ უნდა ყოფილიყო ახსნილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მათ ლეგიტიმურ წუხილებს უნდა გასცემოდა დამაკმაყოფილებელი პასუხები, არსებული ენობრივი ბარიერის მხედველობაში მიღებით“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

RMG Copper-ის სასარგებლო წიაღისეულის (მუშევანი 2-ის ოქრო-სპილენძის საბადო) ღია კარიერული წესით მოპოვების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთან დაკავშირებით სამინისტროში შესული შენიშვნებისა და წინადადებების პასუხად, გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ ლიცენზიის ფართობი 902.95 ჰექტარია, რომლიდან 175.8 ჰექტარი სამთო მინაკუთვნია, კომპანია უშუალოდ მოპოვების სამუშაოების განხორციელებას გეგმავს სამთო მინაკუთვნის ფარგლებში 11.27 ჰექტარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი