ახალი ამბები

კალიების წინააღმდეგ 93 000 ჰექტარი შეიწამლა – სურსათის სააგენტო

22 აგვისტო, 2022 • 1754
კალიების წინააღმდეგ 93 000 ჰექტარი შეიწამლა – სურსათის სააგენტო

აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფო შეწამვლებს ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების წინააღმდეგ.

ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისი განცხადებით, ბოლო წლებში გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ახლა იტალიური და მაროკოული კალიები გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ- კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში.

ნიკოლოზ მესხის განცხადებით, სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში 150 000 ჰექტარზე განახორციელა ზედამხედველობა, საიდანაც 93 000 ჰექტარი შეიწამლა.

მისი განცხადებით, კალია აზიანებს არ ამხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, არამედ სხვა მწვანე საფარსაც, მათ შორის საძოვრებსა და ხეებს.

იტალიური კალიის წარმოშობის არეალი ცენტრალური აზიაა, თუმცა ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში, მათ შორის იტალიაშიც, საიდანაც მან სახელწოდება მიიღო.

რაც შეეხება მაროკოულ კალიას, მისი წარმოშობის ადგილად ჩრდილოეთ აფრიკა ითვლება, თუმცა მისი გავრცელების არეალი ემთხვევა იტალიური კალიის გავრცელების არეალს და მოიცავს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი