ახალი ამბები

მუხურში მეფუტკრეობის ბაზის გასხვისების წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

18 აგვისტო, 2022 •
მუხურში მეფუტკრეობის ბაზის გასხვისების წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

ხუთშაბათს, 18 აგვისტოს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მეფუტკრეობის ბაზის გასხვისების წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა.

სახელმწიფომ, ინვესტორის მიმართვის შემდეგ, შესაძლოა ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თავის ბალანსზე არსებული მეფუტკრეობის ბაზა გაასხვისოს.

ინვესტორები ბიზნესმენი ძმები ხარებავები არიან, – „მეღვინეობა ხარების“ დამფუძნებლები, რომელთაც მრავალ სფეროში აქვთ ბიზნესი და მუხურში, მეფუტკრეობის ბაზის მიმდებარედ, სასტუმროს ფლობენ. 

პირველი აქცია 2022 წლის 8 ივნისს გაიმართა. დემონსტრანტების თქმით, „ხარებას“ ტერიტორიის შესყიდვა სურს, რათა სასტუმროს ეზოდ გამოიყენოს, ბაზის ტერიტორია კი ამჟამად არის სივრცე, სადაც მოსახლეობა და ტურისტები სეირნობენ და მდინარის სანაპიროზე ჩადიან, კერძო საკუთრებად ქცევის შემდეგ კი აქვთ მოლოდინი, რომ იქ შესვლის უფლებას არ მისცემენ.

რომან თოლორდავა, ფოტოგრაფი, რომელიც მუხურის რუხი ფუტკრის აღდგენის „ხარებისეული“ პროექტის კოორდინატორია, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობდა, რომ კომპანია 10 მლნ ლარის ინვესტიციას გეგმავს. მისი თქმითვე, „ხარებას“ სურს, მუხურში არსებული სამეცნიერო ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდეს თაფლის მასშტაბური ქარხანა, ევროპული დონის ლაბორატორია და დიდი სასწავლო კოლეჯი. მისი თქმითვე, ტერიტორია, „ხარების“ მფლობელობის პირობებში, ღია იქნება.

ინვესტორი ითხოვდა ახლომდებარე შენობის გასხვისებასაც, რომელიც წლების განმავლობაში საბავშვო ბაღის ფუნქციას ითავსებდა, თუმცა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ, – რომლის უმრავლესობასაც ოპოზიცია აკომპლექტებს, – ადგილობრივების პროტესტის ფონზე, მის გასხვისებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ მეფუტკრეობის ბაზასა და მიმდებარე ტერიტორიას, – ბაზა ექვემდებარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ს, „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ტერიტორია კი, რომელზეც ბაზაა გაშენებული, ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ კი, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.

დემონსტრანტების ნაწილის ინფორმაციით, ალექსანდრე ხარებავამ ქონების მართვის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას 27 ივლისს მიმართა და კვლავ სთხოვა „ხარებას“ საკუთრებაში გადაცემა.

მუხური სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია.

ვრცლად ამ საკითხზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი