სახელმწიფომ, ინვესტორის მიმართვის შემდეგ, შესაძლოა ჩხოროწყუს სოფელ მუხურში თავის ბალანსზე არსებული მეფუტკრეობის ბაზა გაასხვისოს.
ინვესტორები ბიზნესმენი ძმები ხარებავები არიან, – „მეღვინეობა ხარების“ დამფუძნებლები, რომელთაც მრავალ სფეროში აქვთ ბიზნესი და მუხურში, მეფუტკრეობის ბაზის მიმდებარედ, სასტუმროს ფლობენ.
„ხარებას“ მუხურში „ევროპული დონის“, „მსოფლიოს სამთო მეფუტკრეობის ცენტრის“ მოწყობისა და „მეფუტკრეობის აღორძინების“ ამბიცია აქვს, რისთვისაც, სულ მცირე, 10 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.
სახელმწიფოს ბალანსზე არსებული სამეცნიერო ბაზის ახლანდელი თანამშრომლები, მუხურის მოსახლეობასთან ერთად, ამ ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან.
მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ მეფუტკრეობის ბაზის ტერიტორია, – რომელიც ამჟამად საჯარო სივრცეა, მდინარის სანაპირო ზოლს მიჰყვება და რომელსაც არაერთი ადამიანი იყენებს, – სამუდამოდ დაიხურება ფართო საზოგადოებისათვის.
„მემკვიდრეობის აღდგენა“
საბჭოთა პერიოდში, 1949 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში ფუტკრის საჯიშე მეურნეობა შეიქმნა. მეურნეობას ათწლეულების განმავლობაში გამოჰყავდა დედა ფუტკარი, ამზადებდა ამანათნაყრებს და ექსპორტსაც აწარმოებდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის კვალდაკვალ, ეს ინსტიტუციაც ჩამოიშალა, თუმცა მუხურში კერძო მეფუტკრეობის პრაქტიკა შენარჩუნდა. თანდათანობით ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაცია [„მუხურის ფუტკარი“] სხვა პოპულაციებს შეერია.
„მუხურის ფუტკარი“, ადგილობრივებისა და სპეციალისტების თანახმად, მსოფლიოში საუკეთესო თვისებებით ხასიათდება:
- აქვს მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 7.2 მმ-ის სიგრძის ხორთუმი, – რაც მას აძლევს შესაძლებლობას, სხვებზე უფრო ღრმად ჩასწვდეს ყვავილს და ნექტარი ამოიღოს;
- გამოირჩევა შრომისუნარიანობითა და მშვიდი ხასიათით (თვინიერებით);
- პოპულაცია გავრცელებულია ჩხოროწყუს სოფელ მუხურის თემში, ხობისწყლის ხეობაში მდებარე შელეთის უბანსა და, ნაწილობრივ, სქურში, წალენჯიხის რაიონში.
მუხურის მკვიდრი, კოოპერატივ „მუხურის ფუტკრის“ თავმჯდომარე ბონდო აბაშიძე, – პოლიციის პოლკოვნიკი, წალენჯიხის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომლის სახელსაც უკავშირდება მუხურში მეფუტკრეობის ბაზის აღდგენა, – „ნეტგაზეთთან“ საუბარში იხსენებს:
„პენსიაზე გასვლის [2005 წლის ოქტომბერში] შემდეგ დავინტერესდი მეფუტკრეობით. აქაური მეფუტკრეები სულ წუწუნებდნენ, რაღაც, გაფუჭდა ჩვენი ფუტკარიო. მივედი გამგებელთან, მან დამაფინანსა და მოვიწვიეთ მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები, რომლებმაც მუხურში ფუტკრის რამდენიმე ასეული ოჯახი შეისწავლეს ლაბორატორიულად. მათ დაადგინეს, რომ ამდენი ოჯახიდან მხოლოდ 15 იყო მუხურის ფუტკრის პარამეტრებისა“.
მისი მონათხრობის თანახმად, 2015 წელს ჩხოროწყუში, მუხურში, მცირე ჰესის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე ჩამოსულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს, კახა კალაძეს შეხვდა, უამბო მეფუტკრეობის არსებული პრობლემების შესახებ და პრემიერს მეფუტკრეობის ბაზის აღდგენისა და მუხურის ფუტკრის გადარჩენის პირობა ჩამოართვა.
„ამის შემდეგ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ჩადო სახელმწიფომ მეფუტკრეობის ბაზის რეაბილიტაციისთვის და 2017 წელს აღდგა კიდეც“, – გვეუბნება ბონდო აბაშიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ მიზნით დიდი შრომა გასწია სხვადასხვა თანამდებობის პირთან.
ამჟამად მუხურის ცენტრში არსებული მეფუტკრეობის ბაზა, – შესაბამისი აღჭურვილობით, – ექვემდებარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ს, „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს“. ის ტერიტორია კი, რომელზეც ბაზაა გაშენებული, ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ კი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის.
საუბრები პრივატიზაციაზე
კახა თოლორდავა, მუხურის მეფუტკრეობის საცდელი ბაზის ლოჯისტიკის მენეჯერი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ტერიტორიას, სადაც ბაზაა გაშენებული, პრივატიზაციას უპირებენ, სავარაუდოდ, აუქციონზე გატანის გზით.
„2 დღის წინ მოვიდნენ ჩვენთან, ბაზაზე, ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ფოტოებს იღებდნენ. როცა შევეკითხეთ, რას აკეთებდნენ, გვიპასუხეს, აუქციონზე გადის ეს ტერიტორიაო, გადაუღეს სურათები და წავიდნენ“, – ამბობს კახა თოლორდავა.
ეს ამბავი ადგილობრივებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „დიდი ხანია, ამაზე საუბარი მიდის, მაგრამ იმედი გვქონდა, რომ აქამდე არ მივიდოდა საქმე“, – გვეუბნება თოლორდავა.
ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს მუხურში ადგილობრივების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. 8 ივნისს ბაზის ტერიტორიაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და ტერიტორიის შესაძლო გასხვისება გააპროტესტეს.
„[მხოლოდ] მეფუტკრეები კი არ ვაპროტესტებთ ამას, მუხურის მოსახლეობა აპროტესტებს. ამ ტერიტორიაზე არის ერთგვარი ბაღი, სივრცე, სადაც ბავშვები დადიან, სეირნობენ, მდინარის სანაპიროა. კერძო საკუთრებად ქცევის შემდეგ მოლოდინია, რომ იქ შესვლის უფლებას არ მისცემენ“, – გვეუბნება კახა თოლორდავა.
ვის სურს ტერიტორიის შესყიდვა?
კახა თოლორდავა, მუხურის ბაზის ლოჯისტიკის მენეჯერი, ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ტერიტორიის შესყიდვით ძმები ხარებავების ჯგუფია დაინტერესებული.
ეს ჯგუფი საქართველოში არაერთ ბიზნესს ფლობს, მათ შორის „მეღვინეობა ხარებას“ [ვა-ზე დაბოლოებული გვარებს მეგრულ ენაში ეს დაბოლოება აკლდება. შესაბამისად, „ხარებავა“ მეგრულად „ხარება“ გამოდის. ძმები, ალექსანდრე და თენგიზ ხარებავები ბიზნესმენები არიან].
„ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია „ხარების“ პარტნიორმა დაუდასტურა. რომან თოლორდავა, ფოტოგრაფი, რომელიც გვეუბნება, რომ არის „მუხურის რუხი ფუტკრის აღდგენის პროექტის კოორდინატორი“, ხოლო ამ პროექტის განხორციელება „მეფუტკრეობა ხარებას“ სურს, აცხადებს:
„მეფუტკრეობა „ხარებამ“ მიმართა თხოვნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, – ვინაიდან მას გააჩნია საქართველოში მეფუტკრეობის ყველაზე დიდი ბაზა, ჰყავს 2000 ფუტკარი, 600 ჯარა და გამოჰყავს 800 დედა ფუტკარი, – მუხურში არსებული სამეცნიერო ბაზის ტერიტორიაზე გაკეთდეს თაფლის დიდი ქარხანა, რომელიც გამოსცემს თაფლთან დაკავშირებულ 11 პროდუქტს; ამასთან, გააკეთებს ევროპულ ლაბორატორიას, EuroBees-ის ფილიალს მუხურში და დიდ სასწავლო კოლეჯს, რომელიც იქნება სამთო მეფუტკრეობის ფლაგმანი აღმოსავლეთ ევროპაში. „მეფუტკრეობა ხარებას“ მიზანია, მსოფლიოს სამთო მეფუტკრეობის ცენტრი გადმოიტანოს მუხურში“.
რომან თოლორდავას თქმით, ეს დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული, დამაზუსტებელ კითხვაზე კი ამბობს, რომ თანხა, „წინასწარი გათვლებით, ნებისმიერ შემთხვევაში სცილდება 10 მლნ ლარს“.
„ცალკე ლაბორატორიის ლიცენზია ძალიან დიდი ფულია, პლუს სპეციალისტების მომზადება და პლუს საუბარია იმაზე, რომ ამ ხაზს როცა აკეთებ, უნდა გქონდეს ევროსტანდარტი. სხვანაირად ევროპაში ვერ შეიტან“, – გვითხრა მან.
პატენტის საკითხი
რომან თოლორდავა ასევე ამბობს: „ჩვენ აღებული ჩვენ გვაქვს მუხურის თაფლის პატენტი და მსოფლიოში მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ მუხურის თაფლი“.
საქპატენტის (საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის) ცნობით, საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს „მუხურის თაფლის“ აღნიშვნა 2021 წლის დეკემბერში დაემატა, მას შემდეგ, რაც მათ ასოციაცია „მუხურის თაფლმა“ მიმართა.
ეს ასოციაცია სამეწარმეო რეესტრში 2020 წლის 24 დეკემბერს არის დარეგისტრირებული და მისი პრეზიდენტი რომან თოლორდავაა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ „მუხურის თაფლი“ მხოლოდ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქტია და არა სასაქონლო ნიშნით.
თუკი სასაქონლო ნიშნის მფლობელს აქვს განსაკუთრებული უფლება, აკრძალოს მისი სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენება, გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება შეიძლება გამოიყენოს ყველა მეწარმემ, რომელიც პროდუქციას აწარმოებს გეოგრაფიული აღნიშვნით ან ადგილწარმოშობის დასახელებით მითითებულ ადგილზე აწარმოებს (ამასთან, თუ პროდუქციის მახასიათებლები აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს).
„სახელმწიფოს ხელში ცუდად მუშაობს“
რომან თოლორდავა ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფოს ხელში ბაზა ცუდად მუშაობს, – „როგორც ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც საქმეს სახელმწიფო აკეთებს“:
„ბაზა 2017 წელს აღადგინა სახელმწიფომ და მასში სოლიდური თანხა ჩადო. დღეს კი არის 2022 წელი და ეს ბაზა ინგრევა. ყველა შენობაში ჩამოდის წყალი, ყველა შენობაში ფუნდამენტი გაცლილია, არის ამორტიზებული“.
ის ასევე ამბობს, რომ „მეფუტკრეობა ხარებას“ ბაზისგან გასულ წელს სურდა 120 ცალი დედა ფუტკრის შეძენა, თუმცა „ისინი ექსპერტებმა შეამოწმეს და საყიდად მხოლოდ 6 ცალი გამოდგა“ – მხოლოდ ექვსი მათგანი იყო მუხურის რუხი გრძელხორთუმიანი ფუტკარი, რომლის დედა ფუტკრის ხორთუმის სიგრძე 7.2 მმ-ი იყო.
კახა თოლორდავა, მეფუტკრეობის ბაზის მენეჯერი, „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ „შენობის სახურავთან დაკავშირებით პრობლემები იყო“, თუმცა ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე აქვს გამოყოფილი თანხა რეაბილიტაციისთვის, როგორც პრიორიტეტული მიმართულება.
რაც შეეხება ინვესტორის მხრიდან გასულ წელს 120 დედა ფუტკრის შეძენის სურვილს, კახა თოლორდავა ამბობს:
„ბაზას საერთოდ არ აქვს უფლება, რაიმე გაყიდოს- არც თაფლი, არც ფუტკარი, არც ამანათნაყარი. ეს ყველაფერი ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს, რომელსაც შემდეგ აუქციონზე გააქვს გასაყიდად. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, მათ სურდათ 120 დედა ფუტკრის შეძენა, ოღონდ მაშინ კომუნიკაცია იყო არა კვლევით ცენტრთან, არამედ ჩემთან, როგორც კერძო მეწარმესთან, რომელსაც ასევე დამოუკიდებლად გამოჰყავს ფუტკარი. ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან საერთოდ არ აქვს კავშირი და გაუგებარია, რა მიზნით ურევენ ერთმანეთში“.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, მუხურის ბაზაზე ქართული ფუტკრის აღდგენითი სამუშაოების გარდა, მიმდინარეობს ფუტკრის გენეტიკური პასპორტიზაცია, მისი პოპულარიზაცია და ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ გავრცელება.
სამინისტროს 2021 წლის მონაცემებით, 2017 წლიდან ბაზაზე, სანაშენე და რეპროდუქტორი ფუტკრის ოჯახებიდან, გამოყვანილია 1700-მდე დედა ფუტკარი, ყოველწლიურად კი მიმდინარეობს ფერმერებისთვის განაყოფიერებული დედა ფუტკრის გადაცემა.
„ბაზა აქტიურად არის ჩართული მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში და რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ“, – წერია სამინისტროს პრესცენტრის მიერ შარშან გავრცელებულ ინფორმაციაში.
კახა თოლორდავა, ბაზის მენეჯერი, გვეუბნება, რომ მათ საქმიანობას კომერციული მხარე არ აქვს: „უბრალოდ გამოგვყავს დედა ფუტკარი, რომლის ნაწილსაც ვარიგებთ უფასოდ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ჩვენთან ახლოს საფუტკრეები, რომ მთლიანად ეს პოპულაცია იყოს ჩვენ გარშემო“.
„დაკარგული საჯარო სივრცე“
მეფუტკრეობის ბაზის მენეჯერი კახა თოლორდავა ამბობს, რომ ბაზისა და მიმდებარე ტერიტორიის განკერძოებით სოფლისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორია ხელმიუწვდომელი ხდება:
„ამბობენ, რომ ამ პროფილს შეინარჩუნებენ და მეფუტკრეობის განვითარებას შეუწყობენ ხელს. შეიძლება, მეფუტკრეობა შეინარჩუნონ, მაგრამ აქ ასევე არის ის ამბავი, რომ სოფლისთვის იკარგება ტერიტორია. ეს ახლა საჯარო სივრცეა, ნებისმიერს შეუძლია აქ შესვლა, ხოლო თუ გახდება კერძო საკუთრება, შესვლის უფლება აღარ გვექნება. ამაზე გვაქვს ეჭვი“.
„ნეტგაზეთმა“ რომან თოლორდავას ჰკითხა, მას შემდეგ, თუკი „ხარება“ გახდება ტერიტორიის მფლობელი, მისცემენ თუ არა მოსახლეობას/ტურისტებს სივრცეში შესვლის უფლებას, რაზეც მან გვიპასუხა:
„ქონების მართვის სააგენტო ადგენს შესაბამის ხელშეკრულებით დოკუმენტს, სადაც ყველა ვალდებულება იქნება გაწერილი. ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი [იქნება] ვალდებულება, რომ ის იყოს ღია, გამჭვირვალე, ბულვარული სივრცე და ამ ხელშეკრულების მეორე მხარე თუ ჩვენ ვიქნებით, – თუ სხვა იქნება, არ ვიცი, – ხელს მოვაწერთ, რა თქმა უნდა, იქნება ღია“.
რას ამბობენ უწყებებში
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში“ „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ აღნიშნული ქონება არის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზე. შესაბამისად, თუკი ეს უწყება გადაწყვეტს მის გასხვისებას, ეს კვლევითი ცენტრისგან დამოუკიდებლად მოხდება. ცენტრის ხელმძღვანელობასთან ამ ეტაპზე დაკავშირება, მოუცლელობის მიზეზით, ვერ მოხერხდა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნეტგაზეთს მისწერეს, რომ სააგენტო „კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ახორციელებს ობიექტების მოკვლევა/ინვენტარიზაციას. პრივატიზების პროცესების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში კი განიხილავს მათი განკარგვის საკითხს“.
„მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხურში მდებარე უძრავი ქონების ინვენტარიზაცია. სააგენტო გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ობიექტზე ამ ეტაპზე აქტიური პრივატიზების პროცესს არ აწარმოებს“, – მოგვწერეს სააგენტოდან.
„ნეტგაზეთი“ სააგენტოსგან ამ პასუხის მიღებს შემდეგ დაუკავშირდა მის ზემდგომს, ეკონომიკის სამინისტროს კითხვით, ხომ არ იგეგმება აქტივის პირდაპირი წესით გადაცემა (ინვესტიციის სანაცვლოდ), თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.
სასტუმროები, ტურიზმი და გეგმები
„მუხურელებმა კარგად იციან, – არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, – რომ ჩემი თაოსნობით იქნა ეს საჯიშე მეურნეობა აღდგენილი. ბევრი ნერვი, შრომა, ხარჯი გავწიე საამისოდ. და ახლა მზამზარეულად უნდა იმ კაცს, ხელში ჩაიგდოს. ეგრე სად არის“? – კითხულობს ბონდო აბაშიძე და დასძენს: „ეს არ არის ვინმე ერთის საკუთრება, ეს არის ხალხის საკუთრება“.
მისი თქმით, ინვესტორებს, სხვების მსგავსად, შეუძლიათ საჯიშე მეურნეობით ისარგებლონ:
„ხარებავებს კი არა, კახეთში, ქართლში, სვანეთში, ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანს შეუძლია ისარგებლოს ამ კვლევითი ცენტრით. მაგრამ ისინი იქვე, 20 მეტრში, აშენებენ სასტუმროს. მათ ეს სულ სხვა მიზნებისთვის უნდათ. აფიშირებას აკეთებენ, თითქოსდა უკეთესად გააკეთებენ, სინამდვილეში კი, იქ არაფერია მათთვის, გარდა ტერიტორიისა [რომელიც მათ სასტუმროს ესაზღვრება]. როგორც ვიცი, მათ ეს ბულვარი მთლიანად უნდათ, შეისყიდონ. რომ შეისყიდის, კერძო იქნება, ვისაც უნდა შეუშვებს, ვისაც უნდა, არა. ეგრე სად არის”? – ამბობს ბონდო აბაშიძე.
ტერიტორია, სადაც მეფუტკრეობის ბაზაა გახსნილი, 7788 კვადრატულ მეტრს შეადგენს და სახელმწიფოს ბალანსზეა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუსტად 20 მეტრში მდებარეობს ტერიტორია, – 2036 კვ მ მიწა, – რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს.
აღნიშნული ტერიტორიის მფლობელი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „მუხური რიზორთია“, რომლის 100%-იან წილს, თავის მხრივ, ფლობს მარიკა უგრეხელიძე. იგი ერთ-ერთი ძმის, თენგიზ ხარებავას მეუღლეა.
ამ სასტუმროდან დაახლოებით 700 მეტრში მდებარეობს მეორე მშენებარე სასტუმრო. აღნიშნული ტერიტორიის ფართობი 4666 კვადრატული მეტრია. მისი მფლობელია კომპანია (შპს) „ცაშკიბული“.
„ცაშკიბულის“ დირექტორი რომან თოლორდავაა. კომპანიას კი ისევ „მუხური რიზორთი“ ფლობს, მარიკა უგრეხელიძის სახელზე რეგისტრირებული კომპანია. შესაბამისად, ხარებავების ოჯახი მუხურში ორ სასტუმროს აშენებს.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთი ძმა, ალექსანდრე ხარებავა არის 14 კომპანიის მეწილე და დამატებით 11 კომპანიის დირექტორი.
ამასთან, ხარებავებთან არის დაკავშირებული ბორჯომში სასტუმრო „კრაუნ პლაზა“ (იურიდიული დასახელება არის შპს „პარკ ჰოტელი“). კომპანიას თენგიზ ხარებავას მეუღლე, მარიკა უგრეხელიძე ფლობს. იგი, „პარკ ჰოტელისა“ და „მუხური რიზორთის“ გარდა, კიდევ 9 კომპანიის მეწილეა.
მუხური არა მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მუხურში მდებარეობს ლუგელას ხეობა, სადაც მინერალურ წყალს მოიპოვებენ [რამდენიმე წელია, ეს რესურსი პრივატიზებულია]; შურუბუმუს მღვიმე, რომელიც ტურისტულად მიმზიდველი ადგილია. ასევე, მუხურზე გადის გზა ტობავარჩხილის ტბისკენ, – რომელიც სამეგრელოს გეგმარებითი ეროვნული პარკის ნაწილია. მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი მღვიმე, უფსკრული და ჩანჩქერია, რომელთაც მაღალი ტურისტული პოტენციალი გააჩნიათ.